ზღვის ჰორიზონტს ბედნიერი სიცილი ავსებს

  • Home
  • ბლოგები
  • ზღვის ჰორიზონტს ბედნიერი სიცილი ავსებს

არ უჩანდა პირი გათენებას..უკვე მერამდენე ღამეა ასე უსაშველოდ გრძელი. წამები წამებს მისდევენ და ამ თეთრ ღამეში იკარგებიან, სადღაც უჩინარდებიან.
ხედავს ფანჯრის რაფაზე გადაშლილი წიგნის ფურცლიდან გადმოპარულა მთავარი გმირი და არ აძლევს მოსვენებას გოგონას, აგერ ბავშვობისდროინდელი წიგნიდანაც ცდილობს ვიღაც ამოპარვას, ეს ვინ არის? ნუთუ, ისტორიული მეფეც მობრძანებულა ამ დაობებული ყდიდან???
ზის გოგონა თვალებდახუჭული ფარდაგადაწეულ, ნახევრად ღია ფანჯარასთან, მოწნულ სკამში ქანაობს და ხან ერთი აკარგინებს მოსვენებას, ხან მეორე.. ასე ტრიალებენ მის ირგვლივ მამაცი გმირები, ნაზი პრინცესები, სახელმწიფოს მეთაურები, გლეხები, ბავშვები, სევდიანები და უბრალოდ ბედნიერები..
ყველა მის ირგვლივ ტრიალებს. ესმის მათი ჟრიამული , მათი ტირილი, ფეხის ხმა. ყველაფერი ესმის გოგონას და ექანცება სხეული, ებინდება გონება, გულზეც ვინ აწევს , რა უნდათ ამ დროს? ერთმანეთში ირევიან, ყველა ადგილას ვიღაც დგას და თითოეული თავის ენაზე ესაუბრება. ზოგი ხმამაღლა, ზოგი გაუგონრად ეჩურჩულება, ზოგი ხელებით ანიშნებს სათქმელს, ზოგი ღრიალებს და ყველა ასე ერთად მის გარშემო ირევა.
დაიღალა გოგონა.
ვერ იგებს ამ აურზაურს როგორ გაექცეს. სურს, რომ უცებ გაქრეს ამდენი მთქმელი, მრჩეველი მის ირგვლივ. ყურებზე ხელებს მთელი ძალით იჭერს, თვალებს მაგრად ხუჭავს…

ფეხის გულებზე სასიამოვნოდ ედება მლაშე ზღვის კენჭები…მზის სხივებს ლამაზ მხრებზე ჩამოუდიათ თავი და ისვენებენ. სუსტი, ცელქი ტალღები მუხლებს ეთამაშებიან, ხან ერთი მიეჯახება, ხან მეორე გამოექანება მთელი ძალით და ეხეთქება ძლიერ ძვლებს.. თოლიები კამარას კრავენ და ტაშს უკრავენ გოგონას, რომელსაც სახეზე მოხდენილი ღიმილი დასთამაშებს. სხეული თითქოს გამჭვირვალეა და ანარეკლს ტოვებს.
მიაბიჯებს საოცარი სიმსუბუქით და უკან მიყვება ცხელი ქვიშა მის ნაკვალევს, რომ ყრის ჩალის კალათში. ასე აგროვებს გოგონას ნაფეხურებს ცხელი ქვიშა, სანამ ონავარი ტალღა არ გამოვარდება გაშმაგებული და არ წაგლეჯს მას ამ კალათს..
გულიანად კისკისებს გოგონა მათი შემხედვარე, უმატებს ნაბიჯს, უკვე მირბის და გრძნობს როგორ ხვდება ფეხის გულებიდან ასხლეტილი წყლის წვეთები მის ზურგს. რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამს, მეტად ედება მის გულს სიხარული.

ზღვის ჰორიზონტს ბედნიერი სიცილი ავსებს.
ნაპირზე მირბის გოგონა მთელი ძალით თავისუფალი, მსუბუქი ნაბიჯებით.

For you
Rusudan Gegidze 💕