ბავშვობიდან მომყვება მთის სიყვარული, როგორც უშუალოდ ბუნების ქმნილების.
ჯერ კიდევ ზაფხულობით, როდესაც გურიაში ვისვენებდი შებინდებისას, ჩამოვჯდებოდი ეზოში სახლის ასასვლელ გრძელ კიბეზე და ვუყურებდი მთებს, რადგან ვიცოდი, რომ ამ მთების უკან დედა და მამა მელოდებოდა. იმ დროს, ეს მთები იყო ჩემთვის, როგორც ბედნიერების, ისე სევდის მომტანი. ისე ძალიან შემომაწვებოდა მონატრებისგან გამოწვეული სევდა, რომ შეეძლოთ თვალებს სისველე შეპარვოდათ.
ყოველთვის მთის იქეთ მიგვიწევს ადამიანებს გული, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ მთებშია თავისუფლება. რადგან ვიცით, რომ მხოლოდ მთებში შევხვდებით ხალხს, ვისაც განსაკუთრებულად ძლიერი სიყვარული შეუძლიათ.
ამ მთებში მიგვიწევს გული, რადგან სხვაგან ვერსად შევხვდებით ყვავილებს, რომლებიც აქ შეგვიძლია დავკრიფოთ.
რადგან სხვაგან ვერსად ვნახავთ ისეთ მკაცრ ზეცას და ისეთ მცხუნვარე მზეს როგორიც მთას აქვს.
რადგან სხვაგან ვერსად ვნახავთ ისეთ რწმენას ადამიანებში, როგორც აქ სწამთ.
ისიც ვიცით, რომ ყოველთვის ცხრა მთის გადავლა გვიწევს სანამ მიზნამდე მივალთ.
მაგრამ ადამიანური ბუნება ხომ არავითარ კანონზომიერებებს არ ემორჩილება და ხანდახან ზუსტად ამ ცხრა მთის იქეთ, სადაც უამრავი სითბოა ჰაერში გაფანტული, სადაც მიწას მადლი მოჰფენია და სადაც მთის ადამიანები იბადებიან, ზუსტად აქ ვგზავნით ჭირს და ქარს ვატანთ ქატოსაც, რომ ჩვენ მოგვაშოროს ცუდი.
მოდით, დავუძახოთ ჩიტებს და გავატანოთ ლხინი ცხრა მთის იქეთ, ქარს ვთხოვოთ გაიყოლოს ფქვილი.
ჭირი არსად,
ქატო არსად,
ფქვილი ბარში ,
ფქვილი მთაში,
ლხინი მთლიან ქვეყანაში.