ცხოვრებაში ხანდახან დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და გააკეთო ის რაც იცი, რომ ერთ დიდ სიამოვნებად ღირს.
ასე სპონტანურად, ზაფხულის ერთი ცხელი დღის მიწურულს ზურგჩანთაში ჩაწყობილი
ნახევარი ნაწილი თონის პურით, ერთი ბოთლი წყლით, ორი ცალი ბანანით და ერთი ცალი ვაშლით მე და გუგა გავცდით დედაქალაქის მტვრიან უბნებს. არც სიცხე გვაწუხებდა და არც მოძველებულ “მარშუტკაში” მძღოლის რადიოდან წამოსული ფანოღური ჰანგები. პირიქით, რაღაცნაირი შინაგანი სიხარულით ველოდით როდის ჩავიდოდით დანიშნულების ადგილზე და დიდი ინტერესით ველოდით როგორ შევძლებდით აღმართებზე ასვლას.
მე პირველად ვედექი მლეთის გზას. გუგა მეორედ.
გზადაგზა სიამოვნებით ვყლაპავდით ჰაერს, რომელიც მლეთიდან ჩვენს შესახვედრად დაშვებულიყო მწვერვალებიდან. მგზავრობა მიყვარს, განსაკუთრებით თუ ახალ გარემოში ვხვდები და ამ დროს გზის დასრულებას არასდროს ვნატრობ. ვცდილობ ღმრად ჩავიბეჭდო გონებაში თვალით დანახული ყველა სიახლე, რასაც ბუნება გვთავაზობს. მთელი გზა მე და გუგა ვუზიარებდით ერთმანეთს სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.
მძღოლმა ნელნელა მოუკლო სიჩქარეს, რაც მიგვანიშნებდა მლეთის კალთებთან მიახლოებას. დაახლოებით თხუთმეტ წუთიანი მანძილიც გავიარეთ და გავჩერდით.
ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას პირველად საოცარი სიგრილე მეცა ცხვირში, უსაშველოდ სუფთა ჰაერი მოედო ნესტოებს და მაიძულებდა ღრმად ჩამესუნთქა პირით მთელი ეს სისუფთავე.
მლეთის მთის ძირში ჩამოვქვეითდით და ნელ-ნელა დავიწყეთ აღმართზე ასვლა, რომელზეც პირველად დავდგი ფეხი, რომელიც საოცრად მისტიკური და მადლიანი იყო. დგამდი ნაბიჯს და გრძნობდი, როგორ გეძლეოდა მუხლებში უცნაურად, საიდანღაც შემოპარული ძალა. დაღლილობისგან გამოწვეულ ტკივილებს უმალვე გიქარვებდა ფიქრი ლომისის წმინდა გიორგის ნახვის… მთებზე, გზებზე, ხეების ჩრდილში ყველგან მომლოცველები მიმოდიოდნენ. ხედავდი ზოგიერთი როგორი რწმენით აპობდა მცხუნვარე მზის გულზე დაკიდებულ ურთულეს აღმართს. აქ იყვნენ ბავშვები და მოხუცებიც, რომელთა დანახვაც კიდევ უფრო დიდი სტიმული იყო, რომ აგევლო აუჩქარებლად ეს მადლიანი გზა. მივდიოდით, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ , ერთმანეთის გვერდიგვერდ მე და მეუღლე ჩემი და ვგრძნობდით როგორ უხაროდა გულს ამდენი მომლოცველის დანახვა, ასეთ საოცარ წიაღში ერთმანეთის გვერდით ყოფნა და მოლოდინი ლომისის წმინდა გიორგისთან შეხვედრის…არ მავიწყდება ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც ფეხშიშველმა ამოიარა მთელი ეს რთული აღმართი და ზურგზე მოკიდებული ყავდა დიდრონი, ცისფერთვალება პატარა გოგონა. გუგას შეთავაზებაზე დახმარებოდა ბავშვის აყვანაში უარი განაცხადა ქალბატონმა და ჩვენც ჩავთვალეთ, რომ სავარაუდოდ დადებულ აღთქმის პირობას ასრულებდა იგი. ხელი აღარ შეგვიშლია, თბილად გავუღიმეთ ერთმანეთს და გავაგრძელეთ აღმართებზე სვლა.
უკვე მუხლებში ძალა გვეცლებოდა, როდესაც ერთ უკან გზად დაბრუნებულ ბიჭს ვკითხეთ, კიდევ გრძელი გზა გვქონდა თუ არა წინ , რაზეც გვიპასუხა რომ გზის ნახევარზე მეტი გავლილი გვქონდა. ხომ არსებობს სტიმულის მიმცემი უამრავი ხერხი, მაგრამ ამ პასუხმა იმდენად დიდი მოტივაცია შეგვძინა მე და გუგას, რომ ვიგრძენი როგორ გამეხსნა მეორე , მესამე “სიცოცხლე” მუხლებში. სინამდვილეში, ბოლოს მივხვდით, რომ ნახევარი მანძილიც არ გვქონდა გავლილი და მგზავრმა ბიჭმა ეს შეგნებულად სწორად მოგვატყუა. რამდენიმე საათიც და ჩვენ მთის წვერზე ვიდექით. თვალწინ გადაიშალა კავკასიონი, გუდაურის, ხადას , ყაზბეგის მთები, გზები და თითქოს ეს ყველაფერი ჩვენს ფეხქვეშ იყო.
ეს იყო დაუვიწყარი ემოცია.
უფრო და უფრო ვგრძნობდი, რომ ადამიანს ისე არაფერი აკეთილშობილებს, როგორც ბუნებასთან კავშირი. ამ მთის წვერზე მადლიან ხელებს პატარა, ულამაზესი ტაძარი აეშენებინა. იქვე შავოსანი ბერები დააბიჯებდნენ თბილი, უმშვიდესი თვალებით. ეს ყველაფერი ისეთ ელფერს აძლევდა ამ დღესასწაულს, რომ მოგინდებოდა ყველაფერს შეხებოდი, მოფერებოდი, მიწას ჩახუტებოდი. სავსე იყო ტაძარი მლოცველებით, ეზოში ფრინველები, ცხოველები ერთად გაეშვათ.
პატარა შესასვლელით, სადაც წელში მოხრის გარეშე ვერ შეხვიდოდი შევედით ამ ქვითაშენებულ ტაძარში კარგახნიანი რიგში დგომის შემდეგ. ციოდა ძალიან.
უამრავი დანთებული სანთელი ანათებდა ჩაბნელებულ ტაძარს. საკმევლის, ზეთის სურნელება გახვევდა თავბრუს და აი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის წინაშეც ვიდექით ერთმანეთის მიყოლებით მხარზე გადაკიდებულ წმ. გიორგის ჯაჭვს მივაბრძანებდით წრის დასარტყამად.
გულში ათასობით ლოცვა მოდიოდა და სრულყოფილად გავსებდა უძველესი ფრესკების წინაშე.
მოვილოცეთ ლომისა და დავეშვით ბარისკენ ფეხით.
უფრო მეტად რთული აღმოჩნდა ამ აღმართზე ჩამოსვლა. ბუნებაც ხელს გვიწყობდა და ღმერთს არცერთი წვეთი წვიმა არ გადმოუსხამს, რომ არ გაგვრთულებოდა გზაზე სიარული. უკვე ბინდდებოდა და ტრანსპორტი უნდა გვეპოვნა დედაქალაქისკენ მომავალი, რაც ძალიან ჭირდა.
როგორც ხდება ხოლმე, როდესაც გწყალობს უფალი, შემთხვევით შეგხვდა ნაცნობი მამაო, რომელსაც ორი თავისუფალი ადგილი აღმოაჩნდა ზუსტად ტრანსპორტში და ასე აღმოვჩნდით მდინარის პირას ტრაპეზზე, ერთერთი ტაძრის მრევლთამ ერთად, რომელსაც მოძღვარი წინამძღოლობდა.
მთვარის შუქზე მხიარულების, ტაშის, სიმღერის ხმა იფანტებოდა დუშეთის მთებში.
ასე, დავბრუნდით თბილისში სასიამოვნო ემოციებით დატვირთულები.
ეს იყო შთამბეჭდავი დღე 💕