გიდი, როგორც ასეთი…

ხომ ხდება ხანდახან ისე, რომ მძიმე ამბავი ძალიან ბედნიერად გახსენდება.

ზაფხულის კარგი სასიამოვნო კვირა დილაა. თელეთის მამათა მონასტრის წირვას დავესწარით, შეძლებისდაგვარად ვილოცეთ, მადლი მივიღეთ და გადავწყვიტეთ წავიდეთ ქალაქგარეთ სადმე ბუნებაში პიკნიკზე. მე და გუგა ვართ, გუგა ჩემს მეუღლეს ქვია და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. მოკლედ, ვიფიქრეთ და გადაწყდა წავიდეთ მდინარის პირას, სადაც საოცარი სიგრილე და სილამაზეა. ეს გუგას იდეაა წავიდეთ ტყეში, მდინარის პირას და როგორც გვიხსნის ახლოსაც არის აღნიშნული ლოკაცია, ამბობს რომ ნამყოფია. გვპირდება სასიამოვნო გარემოში მოხვედრას. ბევრი არც გვიფიქრია, გადაწყდა გუგა ყოფილიყო გიდი და გავყოლოდით მას. მოკლედ, მივენდეთ გუგას ბოლომდე და ორი მანქანით დავადექით ჩვენთვის ჯერ უცნობ გზას. ვიცით რომ გზა დაახლოებით ქარელისკენაა. ნუ, გუგა გზადაგზა “გიდობს”. მანამდე ვიყიდეთ ბუნებაში შესაწვავად სამწვადე, საზამთროები მდინარეში ჩასაციებლად, კიტრი პომიდვრის სალათი, წვენები და ა.შ. მივდივართ მაგრამ რას მივდივართ, ერთი სული გვაქვს მივიდეთ მდინარემდე. გზადაგზა მანქანაში ვიცინით, ვმღერით , ვმხიარულობთ და ამ გართობაში ვხვდებით, რომ საათზე მეტია გზაში ვართ.
უკვე არ მოგვწონს ეს ამბავი და გუგას ვეკითხებით ყოველ ათ წუთში მალე მივალთ თუ არა ადგილამდე, რაზეც სიმართლე, რომ ითქვას ცოტა ორაზროვან პასუხებს გვცემს.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო გზაში ვართ უკვე სამი საათია და ყველას ერთი სურვილი გვაქვს ცოცხლად შევჭამოთ გუგა. არც მეტი არც ნაკლები ვართ თითქმის დაშბაშის კანიონთან მისულები, რომ გიდმა აღიარა, რომ გზა შეეშალა და გრძელი გზით წამოგვიყვანა. არ ვიცი ალბათ, რაღაც საოცარი სიყვარული გვაკავშირებდა ჩვენ ყველას ჩემს მეუღლესთან, თორემ ნამდვილად არ უნდა გაგვეშვა იმ წამს ეს ბიჭი საღსალამათი. რას ვიზამთ, ხან დაღლილობისგან გვეცინება, ხან გვეტირება. ამასობაში, გვშია, გვწყურია და გუგა ისევ გვამშვიდებს, რომ აქედან უკვე ცოტა მანძილია დარჩენილი გასავლელი. ულამაზეს დაშბაშის კანიონსაც მივადექით და ვიფიქრეთ ეს მაინც ვნახოთო.
მივედით. რას მიხვალ, მთებზე საცობია ცალკე მანქანების , ცალკე ფეხით მოსიარულეების. მივხვდით, რომ იქ ჩამსვლელი და უკან ამომსვლელი ჩვენგან არავინაა. ვეტრფით ამ სილამაზეს ზემოდან და ვყლაპავთ ნერწყვს ნახვის სურვილით, მაგრამ რას ჩახვალ ბინდდება უკვე. მოვბრუნდით უკან და უკვე იმის “მუღამი” გვაქვს, რომ მივიდეთ დანიშნულების ადგილზე, რადგან გავიგოთ მაინც რის ფასადაც დაგვიჯდა ამდენი წვალება ღირდა თუ არა ამად.
მოკლედ, სადღაც საათიც რომ დავყავით გზაში და “სტოპ! ეგ არის მოვედით!”-ო. დაიძახა გიდების შორის ყველაზე მაგარმა გიდმა და ჩამოვქვეითდით. არიქა, ატყდა ერთი ამბავი ვინ ერთ პარკს კიდებს ხელს , ვინ მეორეს, ვიღაც შეშას მოათრევს და დავეშვით სანუკვარი მდინარის ნაპირზე. დავეშვით, ჩავედით და სურათია ასეთი.

რუ ხომ ყველას გვინახავს, მაგრამ ეს რუც არ არის. მოწანწკალებს ნაკადული , საზამთროს გააციებ კი არა ხელს ვერ დაიბან ისეთი ცოტა წყალია. გვინდა დავახრჩოთ ეხლა ეს გიდი, მაგრამ წყალიც არ ეყოფა, რომ ჩავაგდოთ. წარმოიდგინეთ სრული იმედგაცრუება დაგვემართა, სამ საათზე მეტი ვიარეთ გზაზე და აღმოვჩნდით ბუნებაში, სადაც უბრალოდ სამი ოთხი ხე დგას და წყალია დაგუბებული. ისტერიკულად აგვიტყდა სიცილი ჩვენს თავზე და ვერ ვჩერდებით. რას ვიზამდით, გავშალეთ სუფრა და მოვილხინეთ ამ “ბუმბერაზი მთის კალთის ქვეშ მოჩქრიალე წყალუხვი მდინარის ნაპირას “. კარგა ხანი ვიმხიარულეთ და უკან დავბრუნდით.
ეს იყო ჩვენთვის საოცრად კურიოზული და სასიამოვნო დღე და ამდენი წვალება იმ საოცარი მოგონებების ფასად ნამდვილად ღირდა.