„ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“- ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა

  • Home
  • მთავარი
  • „ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“- ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა

მთიანაჭარას ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა. „ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“ – ასე ჰქვია ახალ, გარდამავალ  მარშრუტს, რომელიც ხულოსა და გურიას ერთმანეთთან აკავშირებს. სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება, რომელიც სოფელ ღორჯომიდან იწყება და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა.

სოფელი ღორჯომი აჭარის მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელი არქტიტექტურით გამოირჩევა, სადაც ავთენტურადაა შემონახული აჭარული ყოფა და ტრადიციები. სოფელში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. გამორჩეულია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის, ხუთგუმბათოვანი მეჩეთი და დავლაძეების უბნის კასკადოვანი ჩანჩქერები. გარდა ამისა, ეს ერთერთი ხეობაა აჭარაში, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები, რაც დიდ მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგდასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის. ზემოთ ნახსენები ახალი მარშრუტი საშუალებას აძლევს ტურისტებს მოინახულონ სოფელი ღორჯომი, იქ არსებული ულამაზესი ხის ოდები, კასკადოვანი ჩანჩქერები და ხუთგუმბათოვანი მეჩეთი, ასევე მარშრუტის გავლისას მოგზაურები ესტუმრებიან მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებსა და კურორტ ბახმაროს.

მიმდინარე წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ღორჯომი-ბახმაროს ტურისტულ მარშრუტთან ერთად კიდევ ერთი ახალი გარდამავალი ტურისტული ბილიკის მარკირება განახორციელა. გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან აკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს ქმნის.

 

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Tags: