გაზაფხულის ჩანახატები 🌸

ასეც ხდება..
გაზაფხულდება. კრიალა არის ცა, ნათელი ფერი დასდევს. მოლოდინი გაქვს ბედნიერების განცდის, მოლოდინი გაქვს კარგის მოხდენის. ჩამომჯდარხარ სოფლის სახლის ასასვლელ კიბეზე, შენთვის მზის გულზე, თვალდახუჭული ხვდები ალიონს. მზე განათებს და გათბობს. ზუსტად იმ ადგილებში გატარებს სითბოს, სადაც ბებიის მოქსოვილ ჟაკეტს ნასვრეტები დარჩენია…ორივე ხელს მაგრად უჭერ ჭიქას. ცხელი ყავის სურნელი გელამუნება ნესტოებთან. დილის სუსხი ცდილობს ტანში გაგიაროს და შეგაჟრჟოლოს. მთიდან თავქუდმოგლეჯილი მოექანება მდინარე და მისი ხმა ეხეთქება ყურებში კედლებს. თვალები დახუჭული გაქვს და გრძნობ, რომ ეს არის ნეტარების ის გარდამავალი წამი, როდესაც არაფერი ცუდი აღარ არსებობს შენს რეალობაში. ზიხარ და ფიქრი ფიქრს მოსდევს და ეს ფიქრები, სადღაც ხასხასა, მწვანე ტრიალ მინდორზე იშლება, უკან დაბრუნებულ ჩიტებს ეგებება, ვარდისფრად აფეთქებულ ნუშის ხეებს გარს ევლება და ჯერ კიდევ ნამიან მიწაზე დააბიჯებს…გრძნობ, გრძნობ როგორ იშლება გაზაფხულის ყველა ყვავილი გულში, როგორ ცვივა თვალებიდან მარტი, აპრილი, მაისი…როგორ ლამობს გული საგულედან ამოვარდნას. საკუთარი თვალების დანახვაც კი შეგიძლია ამ დროს, სადაც ვიღაცას ამ თვალებში კრისტალები მიმოუბნევია. ბრწყინავენ კრისტალები, ციმციმებს ათასობით პატარა ნაწილაკი ამ თვალებში.
ზიხარ და გრძნობ, რომ მიწიდან მაღლა ხარ. ზემოდან უყურებ დედამიწას, შენც ამ თავზეხელაღებულ ჩიტებთან ერთად დაფრინავ. მსგავსი სიმსუბუქე ჯერ არ განგიცდია, გრძნობ, რომ წონა აღარ გაგაჩნია, თითქოს ჰაერში გაეხვიე და შენც ჰაერი ხარ.. არც წონა გაქვს, არც სურნელი. თავისუფლების ფრთები გაქვს მხოლოდ გამობმული და დაფრინავ ჰაერთან ერთად წამიდან წამში…
სილაჟვარდეს არ აქვს საზღვარი…

ახელ თვალებს და ხედავ ვიღაც ცდილობს კრიალა ცას ფერი შეუცვალოს. მუქი საღებავი უჭირავს ხელში და ისე სწრაფად ცდილობს მის შეღებვას, ვერ ხვდები როგორ შეაჩერო. ძალიან მაღლაა, ისე მაღლა, რომ ვერ წვდები დაუშალო, ჩამოაგდო, გადაარჩინო ცა. მზეს შეშინებია და ღრუბლისთვის უთხოვია თავშესაფარი.
ამის შემყურე გაბრაზდნენ ღრუბლები და ეჯახებიან ცისმღებავს, რაც უფრო მეტად ეჯახებიან მით უფრო გამეტებით ცვივა ციდან წვიმის მსხვილი წვეთები.
გაზაფხულის თქეში თავდაუზოგავად რწყავს დედამიწას.
ცდილობ აფრინდე შენც მაღლა, მაგრამ უსაშველოდ დაგისველდა ფრთები.
ზიხარ და სახის ნაკვთებზე ჩამოსულ ცრემლებს წვიმის წვეთები გირეცხავენ.

არ მიდიხარ, რადგან იცი რომ გამოიდარებს.
შენ ცისარტყელას დაინახავ.

ხანდახან ასეც ხდება…