Expedia-ს ტრენინგები განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის

  • Home
  • განათლება
  • Expedia-ს ტრენინგები განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმა Expedia-მ განთავსების ობიექტების თანამშრომლები გადაამზადა. ტრენინგები 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია – -“სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის.”

Expedia-ს საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები საქართველოს 6 ქალაქში გამართეს: თბილისი, თელავი, გორი, ბორჯომი, ქუთაისი და ბათუმი. თითოეულ ქალაქში სამუშაო შეხვედრები მოეწყო, რომელსაც ჯამში ტურიზმის სფეროში დასაქმებული დაახლოებით 200 ადამიანი დაესწრო.

Expedia-ს ტრენერებმა განთავსების ობიექტების თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს დაჯავშნის პლატფორმის შესახებ, თემატიკის მიხედვით: თანამშრომლობის მნიშვნელობა OTA-სთან (ონლაინ ტურისტული სააგენტო), სასტუმროს შემოსავლების მართვის პრინციპები, თუ როგორ განათავსონ სასტუმრო მთავარ ტურისტულ პლატფორმაზე Expedia-ზე რეგისტრაცია/აქტივაცია, პლატფორმაზე მუშაობის პრინციპები და არსებული ბრენდებისა და საიტების შესახებ.

„კერძო სექტორის მხარდასაჭერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ერთად ატარებს ტრენინგებს საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის მხარდაჭერია “სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის.” ჩვენ ერთობლივად გადავამზადეთ განთავსების ობიექტების თანამშრომლები. სატრენინგო პროგრამა მოიცავს განთავსების ობიექტების მართვას და რეალიზებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კერძო სექტორის, მათ შორის საოჯახო სასტუმროების წარმომადგელებმა იცოდნენ როგორ მოახერხონ თავიანთი პროდუქტის რეალიზება.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია