გაიცანით – “KingsWood • კინგსვუდი”

სტატიაში გაიცნობთ კურორტ ცემში ტყის პირას მდებარე, ეკო-მეგობრულ, ფიჭვის მორებისგან აშენებულ კოტეჯებს. “კინგსვუდი” არის ადგილი, სადაც სტუმრებს თბილი, მყუდრო და ზღაპრული გარემო ელოდებათ.

     1. გვიამბეთ ვინ არის “კინგსვუდის” დამფუძნებელი და რამ განაპირობა თქვენი ამ სფეროთი დაინტერესება?

მე  და ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში დავდიოდით ბორჯომ-ბაკურიანში დასასვენებლად და ძალიან გვიყვარდა აქაური გარემო, გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ სწორედ აქ აგვეშენებინა ეკოლოგიურად სუფთა, მორების სახლი, როცა ამის შესაძლებლობა მოგვეცემოდა. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ ჩვენმა ოჯახმა ერთად  შევიმუშავეთ ბიზნეს გეგმა, ავარჩიეთ ისეთი ადგილი სადაც ჩვენი ხის კოტეჯები განსაკუთრებით მოუხდებოდა ბუნებას და ვიყიდეთ მიწა კურორტ ცემში.

რაც შეეხება “კინგსვუდის” დამფუძნებლებს, ჩვენი ოჯახის ყველა წევრს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში, სიმართლეს გეტყვით და ბევრი დაბრკოლებები შეგვხდა ამ დროის განმავლობაში, რომ არა თითოეული მათგანი ჩვენი ოჯახიდან, ალბათ ვერ მოვახერხებდით ამ ჯადოსნური ადგილის შექმნას, მაგრამ თავდაუზოგავი შრომისა და ერთმანეთის დახმარებით, ჩვენ შევქმენით ადგილი სადაც შეგიძლია უბრალოდ მოწყდე ქალაქის ქაოსს და გადაერთო ბუნების სიმშვიდეში.

     2. როგორ გაჩნდა “კინგსვუდის” დაარსების იდეა?

მე თვითონ სასტუმრო ბიზნესში ვარ, ტურიზმთან ახლო შეხება მაქვს. შესაბამისად წარმოდგენით ორივეს გვქონდა წარმოდგენილი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი კოტეჯები. რაც შეეხება სახელს, ძალიან ექსპრონტად მოვიფიქრეთ, უცხოეთში მოგზაურობისას ერთ-ერთ პატარა ბუტიკზე ჰქონდათ გამოკრული პატარა ლოგო და ძალიან მოგვეწონა, ძალიან შეეფერებოდა ჩვენს ჩანაფიქრს, რადგან “კინგსვუდი” ასოცირდება მორებთან, ტყესთან და გარემოსთან და ჩვენს მიერ შერჩეული კოტეჯების გარემოც სწორედ ასეთია.

     3. სად მდებარეობს თქვენი განთავსების ობიექტი და რამდენი ხანია, რაც ის ფუნქციონირებს?

კინგსვუდი მდებარეობს სამცე-ჯავახეთის მხარეს, კერძოთ კლიმატურ კურორტ ცემში. მისი მშენებლობა და კეთილმოწყობა დასრულდა გაზაფხულზე, ხოლო ზაფხულიდან დავიწყეთ სტუმრების მიღება.

     4. რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

ჩვენ არ ვართ სასტუმროს ტიპის განთავსების ობიექტი, ჩვენ გვაქვს ორი კოტეჯი, რომელიც ქირავდება მთლიანად. დამსვენებელი ჩამოდის, ვაბარებთ გასაღებს, ვაცნობთ არსებულ სიტუაციას და შემდეგ ვტოვებთ სტუმრებს. ასევე გვაქვს უზარმაზარი კეთილმოწყობილი ეზო. კოტეჯები არის სრულიად აღჭურვილი ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთით, მათ შორის სამზარეულოთი, აქედან გამომდინარე კვება “კინგსვუდში” არ არის.

     5. რითი გამოირჩევით? რა არის თქვენი ძლიერი მხარე?

პირველ რიგში გამოვირჩევით იმით, რომ შევქმენით ეკომეგობრული კოტეჯები, რომლის თითოეული დეტალი არის ციმბირული ფიჭვის მორებისგან აშენებული და იდეალურად ერწყმის კურორტი ცემის სამკურნალო ჰავას, აუმჯობესებს სუნთქვის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებებს, რაც კარგია ნებისმიერი ადამიანისთვის. როდესაც კოტეჯის მშენებლობა მიმდინარეობდა ვცდილობდით, რომ კოტეჯი აშენებულიყო მაქსიმალურად ბუნებრივი მასალებით, ბევრი პროფესიონალის დახმარებით და რჩევებით, ჩვენ შევძელით და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ “კინგსვუდი” არის პირველი ეკომეგობრული, კეთილმოწყობილი კოტეჯი სამცხე-ჯავახეთში.

     6. იქონია თუ არა გავლენა პანდემიის გავრცელებამ თქვენს ბიზნესზე და რა კუთხით?

ჩვენი კოტეჯების მშენებლობა დაიწყო პანდემიამდე, ხოლო პანდემიის დროს უკვე  შიდა მოწყობაზე ვმუშაობდით, შესაბამისად გათვლილი გვქონდა ის მინუსები და დანაკლისები, რასაც პანდემია გვიქადდა. ჩვენც ჩაკეტილები ვიყავით და შემდეგ უკვე ნელ–ნელა დავიწყეთ ადგილის რეკლამირება, რათა მეტ ადამიანს გაეცნო “კინგსვუდი”.

     7. რას გეგმავთ სამომავლოდ?

სამომავლოდ გვინდა ძალიან ლამაზად მოვაწყოთ ჩვენი ეზო. დავრგეთ ბევრი გამწვანება, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ კოტეჯები ძირითადად ოჯახებზე გვაქვს გათვლილი, ვგეგმავთ საბავშო გასართობი სივრცეების მოწყობასაც, ხოლო შემდგომში კოტეჯების რაოდენობის გაზრდას. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ადგილი, სადაც მოაწყობ მაგალითად რაიმე დიდ წვეულებას, ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც სურთ დაისვენონ ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე, მშვიდ და მყუდრო გარემოში.

8. და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში?

ჩემი აზრით, პირველი არის დაუღალავი შრომა და მონდომება, რწმენა საკუთარი თავის, რომ ყველაფერს შევძლებთ და ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ

 

ავტორი: სოფო უშხვანი

Tags: