ყოველ საღამოს, ჩიტები გუნდურად გამოვარდებიან თავქუდმოგლეჯილნი საკუთარი ბუდეებიდან და ჟივილ-ხივილით კრავენ მოცისფრო-მოყვითალო ცის ქვეშ კამარას. ფრთას ფრთაზე ძლიერად ურტყამენ, ერთმანეთს ეჯახებიან, მაღლა და მაღლა იჭრებიან და ის-ის არის გეგონება მიეფარა უკიდეგანო ლაჟვარდ ცასო, რომ ზუსტად ამ დროს გამოექანებიან ისევ ჟივილ-ხივილით და ზედ სახესთან ძალიან ახლოს ჩაგიფრენენ.
ერთხელ ერთმა ჩიტმა მითხრა, რომ წესად ჰქონიათ ჩიტებს ყოველ საღამოს ასე ჟრიამულით ცის ქვეშეთში დედამიწის თავზე გიჟური ფრენა, ნიშნად სიხარულისა და მადლიერებისა, რომ კიდევ ერთი დღე მიაბარეს მშვიდობით.
ისინი უზრუნველად გალევენ ჩიტური ცხოვრების დღეებს, იშენებენ თივისგან ბუდეებს. აბა, სცადეთ და ლამაზი ხის ბუდე აუშენეთ, არაფრად ჩააგდებენ, რადგან ასეა ჩიტის ბუნება მოწყობილი, ეკედლება უბრალო სახლს, სადაც მშვიდობა მეფობს. იკეთებენ თივის ბუდეს და ითბობენ კერას.
საღამოს კი შემოქმედს ისევ მადლობას უხდიან და კრავენ ლაჟვარდ ცაზე კამარას.
პს. ყველა სახლს ჰქონდეს ბუდე.