ბერლინი – თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“– განთავსდნენ

  • Home
  • ავიაცია
  • ბერლინი – თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“– განთავსდნენ
Sheraton Grand Tbilisi Metekhi Palace, Hotel, Georgian National Tourism Administration, quarantine zone

გერმანიიდან საქართველოში სპეცრეისით საქართველოს 139 მოქალაქე დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასშია“ მოწყობილი.

ბერლინი-თბილისის რეისით ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონაში განთავსების პროცესში უშუალოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ფრედ სმიტსი მონაწილეობდნენ.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში 5500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. საკარანტინო სივრცეები 85 სასტუმროშია განთავსებული.

„გრძელდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან დაბრუნების პროცესი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავხვდით და ვმასპინძლობთ ბერლინდან ჩამოსულ 140-მდე მოქალაქეს. თითოეული მათგანი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ჩვენ ამ ადამიანებს ვმასპინძლობთ სასტუმროში, რომელიც მათ მისაღებად მზად არის. ადგილზე მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც უზრუნველყოფენ საკარანტინო სივრცეში იმ სტანდარტების დაცვას, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

Ras Al Khaimah Investment Authority Georgia-ს მფლობელობაში მყოფმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო, 200 ნომრით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმეს.

„ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და მხარს ვუჭერთ მთავრობას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების პროცესში. კარანტინში მყოფ პირებს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოთახებითა და სამჯერადი კვებით სრულიად უფასოდ. სასტუმროს თანამშრომლები მზად არინ მათ მომსახურება გაუწიონ. ამ ფორმით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქვეყანას. „ -აცხადებს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ფრედ სმიტსი.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/Tourismcenter.ge/

Tags: