უსუსურობა

მზე მიეფარება თუ არა, სადღაც თვალსაწიერს, ცა მაშინვე ბინდისფერ მოსასხამს მხრებზე მოიგდებს. მიაბიჯებ ამ უკუნეთში და ის-ის არის, რომ გგონია დაიკარგე, ცას საიდანღაც ნათელი ეფინება და გზის გაკვლევას ცდილობ…
მობაჯბაჯებს ამ ბნელ ცაზე ბადრი მთვარე, სავსე, მსუყე ნაბიჯებით. გზადაგზა უხვად ვარსკვლავებს ფანტავს. დაუცველ დედამიწას თავის სხივებს უნაწილებს…როგორი კეთილია მთვარე, მშვიდი, ღიმილიანი.
ღამემ დღის ადგილი დაიკავა. ნელ-ნელა თვალებზე სიმძიმე გაწვება, ფიქრები შენს სიკეთეს უვლიან გარს, შენს დიდსულოვნებას ასხამენ ხოტბას, ტაშს გიკრავენ, თავს ხრიან შენს წინაშე და ის-ის არის სიამოვნების მორევში სახეზე ღიმილით უნდა ჩაგთვლიმოს, რომ ამ დროს…

ღამე დღეს არ გავს. ის არ დაგინდობს. ის არ თვალთმაქცობს. მოდის და პირდაპირ გახეთქებს კარებს, რომლის შეღებაც დღისით გეშინია; თავს ხდის სკივრს, რომელშიც აქამდე საიდუმლოებით ინახავ წარსულს; ხელს უფათურებს და გიღვიძებს გრძნობებს, ვნებებს. ამ დროს ეს გრძნობები, ემოციებს მოსდევენ, რომლებსაც მიძინებული ფიქრები აჰკიდებიათ და მოსვენებას არ აძლევენ..ასე ირევიან ერთმანეთში ამ უძირო ღამეს, დაუკითხავად, თავხედურად იჭრებიან და ხედავ როგორი დაუნდობლები არიან, როგორ ცდილობენ შეეხონ მას. შენ ებრძვი თავგანწირვით, ცდილობ ბედნიერი დღეები დაიხმარო, ცდილობ სიკეთეს დაუძახო, ცდილობ სილაღეს ხელი გაუწოდო, მაგრამ ისინი პირდაპირ ღრიალით აღვიძებენ. გრძნობ, როგორ გედება ფეხის თითიდან თმის წვერამდე ელვისებურად გაღვიძებული სინდისი…აქამდე მიჩქმალული.. არა კი არ გრძნობ, გტკივა და თვალს გჭრის ისე, რომ სახეზე შეხედვაც კი არ შეგიძლია.

არნახული სისწრაფით მირბიხარ რომ გაექცე, მაგრამ, რაც უფრო წინ მიიწევ, უფრო მალე გეწევა, ფეხებში გებლანდება და გრძნობ სიმწრის ოფლი როგორ ასველებს შენს ქვემოთ მიწას..გესმის შენი განწირული ხმის ძახილი როგორ წივის ყურიდან ყურში. “გაიქეცი, გაიქეცი…” დაღლას გრძნობ, სისუსტე გეუფლება სხეულში, ნელ-ნელა წელში იდრიკები და დედამიწაზე საკუთარი სხეულის დაცემის ხმა გესმის…
დანებდი, რადგან იცი, რომ ვერ გაექცევი. ისიც იცი, რომ მხდალი ხარ და ხვალ ისევ დანებდები. გეშინია და ვერ გაურბიხარ ამ შიშს. გრცხვენია და ვერსად პოულობ სამალავს.

მხოლოდ გათენების იმედი გრჩება, რომელსაც ისევ ამოაფარებ საკუთარ თავს და ისევ სადღაც სკივრში შეინახავ სინდისს, იმედით, რომ იქნებ ერთ დღეს ჩრჩილმაც შეჭამოს..

პს. სადღაც არსებობს წამი ძილისწინ, როდესაც საკუთარი სინდისის წინაშე ვრჩებით.