მთიანაჭარას შეემატა კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი. სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ძველი წიქვილებითა, ღია მუზეუმით და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.
კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს აქვთ საშუალება გაეცნონ რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ ღია მუზეუმში, რომელშიც გამოფენილი დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატები. გარდა ამისა, სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნება. სოფელში ადგილობრივების მიერ მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაა შექმნილი.
მიმდინარე წელს, გარდა კაპნისთავის ტურისტული ბილიკისა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უზრუნველყო ორი ახალი ტურისტული მიმართულების მარკირება. ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკის (კინტირიში-ჯვარისმინდორი) მარკირება მთიანაჭარაში ზაფხულის დასასრულს განხორციელდა.
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი