ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ავიაკომპანია Ryanair – ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროპის ერთ – ერთი უმსხვილესი ავიკომპანიის Ryanair – ის რეპორტიორებს უმასპინძლა. აღნიშნული პრეს – ტურის შემდეგ ავიაკომპანიის სამოგზაურო ონლაინ პლატფორმამ საქართველოს შესახებ სტატია – „მომაჯადოებელი თბილისი“ გამოაქვეყნა.
აღნიშნული სტატია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე 7 ენაზე გავრცელდება, რომელსაც 800 ათასი მკითხველი ჰყავს, სოციალურ ქსელში კი 5,6 მილიონზე მეტი მომხმარებელი. პრეს-ტურის ფარგლებში Ryanair-ის რეპორტიორებმა საქართველოს რამდენიმე ადგილი – თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა და კახეთი მოინახულეს. საქართველოს შესახებ ვიდეო – რგოლიც გადაიღეს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებ – გვერდზე აიტვირთება.
Ryanair – ის სამოგზაურო პორტალის რეპორტიორი სტატიაში საქართველოში მიღებულ საკუთარ შთაბეჭდილებებს მკითხველს უზიარებს და აღნიშნავს:
„თბილისი ევროპის ერთ – ერთ უსაფრთხო ქალაქად არის მიჩნეული. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. სტუმრებს ქართველები თბილად ხვდებიან და მზად არიან ტურისტებს სიამოვნებით დაათვალიერებინონ თბილისის მშვენიერი ციხე – სიმაგრეები, გოგირდის აბანოები და ადგილობრივი ბაზრები. გემრიელი სამზარეულოთი, მომხიბლავი ისტორიით, მრავალფეროვანი და საოცარი ადგილებით საქართველო ევროპაში ერთ – ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.“
სტატიის ავტორის თქმით, თბილისი ღამის ცხოვრებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დედაქალათან ერთად პრეს – ტურის ჟურნალისტი მოგზაურებს სამთო კურორტების – გუდაურის, მესტიის, გოდერძის და ბაკურიანის მონახულებას ურჩევს.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ასევე ქართულ ტრადიციულ კერძებზე, ქართული ღვინოზე და კვების ობიექტებზე.
„იუმორის კარგი გრძნობით და თავისუფლებით გამორჩეულ ქართველებთან კომუნიკაციამ ჩვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახადა. თბილისი ტრადიციების და კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს და ამავდროულად ყოველწელიწადს მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. ამ უძველეს, ფერად და საოცარ ქალაქში სამ დღიანი მოგზაურობით ყველაფრის ნახვა შეუძლებელია. თბილისი ევროპელი ტურისტებისთვის ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც უგემრიელესს კერძებს, საოცარ ღამის ცხორებას და მრავალფეროვან ისტორიას გთავაზობს.“
სტატიის ავტორი საქართველოში მოგზურებს მოუწოდებს თბილისში გადაღებულ ფოტოებზე ჰაშთაგი #ryanairstories მონიშნონ, რომელიც შეიძლება ავიაკომპანიის ინსტაგრამ გვერდზე აღმოჩნდეს
სტატიის გამოქვეყნება Ryanair-ის Instagram – გვერდზე დაწყებულ გამოკითხვას დაემთხვა, თუ რომელ ქალაქში უნდა იმოგზაურონ 2020 წელს. თბილისმა ავიაკომპანიის სოციალურ გვერდზე გამოკითხვებში რომს, სანტორინს და პარიზს გაუსწრო.