ჟურნალი „ონლაინ არქეოლოგია”

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ჟურნალ „ონლაინ არქეოლოგიის“ მე-14 ნომერი.

პუბლიკაცია ტრადიციულად სთავაზობს მკითხველს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის წლის ანგარიშს, აგრეთვე, ინტერვიუებს ღვაწლმოსილ არქეოლოგებთან, ბ-ნ ამირან კახიძესა და დავით მუსხელიშვილთან.

ჟურნალის „არქეოლოგიური დაიჯესტი“ მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური ექსპედიციების დინამიკასა და შედეგებს; გთავაზობთ ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებს სამშვილდესა (დავით ბერიკაშვილი, მაია პატარიძე) და თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე (თამარ ნინიაშვილი, ზურაბ გიორგაძე); გამოქვეყნებულია ანტკუირი ხანის იბერია-კოლხეთის სამარხი სტელების სამეცნიერო კვლევა (იარაკლი ანჩაბაძე), სტატია საქართველოს კულტურლი ტოლერანტობის შესახებ (ამირან კახიძე); გაშუქებულია ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის წარსული და დღევანდელობა (ირმა დოლიძე) და მხატვრის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მასშტაბური ღონისძიება.

რუბრიკა „თვალსაზრისი“ გთავაზობთ არქეოლოგ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის მიერ ადრე გამოთქმული ნეანდერტალელისა და ჰომო საპიენს საპიენსის თანაარსებობის თეორიის სამეცნიერო დადასტურებას ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე. „გაიცანით საქართველო“ გამოგზაურებთ გოხნარსა და მცხეთაში (ქეთევან დიღმელაშვილი, კობა კობერიძე). „ცნობისათვის“ წარმოადგენს სათხის მონასტრის წარწერას (გიორგი გაგოშიძე). „საეტაპო ძეგლების“ რუბრიკით გაიცნობთ საირხის არქეოლოგიურ ძეგლს (ზურაბ ბრაგვაძე) და სხვ. გარდა ამისა, „ონლაინ არქეოლოგიის“ მე-14 ნომერი გთავაზობთ განსხვავებულ მოსაზრებებს, რეცენზიებს, იდეებს, წინადადებებსა და სხვა მრავალ საინტერესო რუბრიკას.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა