ზამთარი მიყვარს–მეთქი რომ ვთქვა, არავინ დამიჯერებს. საკუთარ თავს თვითონაც არ დავუჯერებ. სითბოსა და მშვიდი ამინდის მოყვარული ვარ. მშვიდი წვიმაც მიყვარს და თოვლიც, ქარის გარეშე.
ჰო, ზამთარი არ მიყვარს–მეთქი ვამბობ, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი რომ ყველაფერს თავისი რომანტიკა აქვს. მათ შორის ამ უკანასკნელსაც.
ის ზაფხული დიდი იყო ჩემთვის, ბევრი, აქამდე უნახავი ადგილებითა და სხვადასხვა ემოციებით დატვირთული. ცხელი ზაფხული იყო, ყველანაირი გაგებით, ჰოდა სიცივე მოვინდომე, იმდენად მოვინდომე რომ ოქტომბრის დასაწყისში დავუწყე ძებნა. იმდენი ვეძიე თოვლიანი ადგილი, რომ ბოლოს ჯუთაში ამოვყავი თავი, დიდი იმედით რომ თოვლი დამხვდებოდა. იქ მისულს კი მზე, სიცხე და მშრალი მიწა შემომეგება. 🙂 ესეც ბედის ირონიაა. მე კი შემრჩა ჩანთაზე უიმედოდ “ჩამომხრჩვალი” დუტის ქურთუკი, ჩანთაში საგულდაგულოდ გამზადებული ქუდი და ხელთათმანები და ულამაზესი ხედები, წინ ოდნავ შეთეთრებლი ჭაუხების მასივით.
ეს ის მასივია, რომელიც ზღაპრის ერთ ნაწილს წარმოადგენს, მეორე ნაწილი მის ზურგს ეფარება, ზურგს, რომელიც სამოთხის კიდევ ერთ ნამცეცს მალავს (აბუდელაურის ფერადი ტბები და როშკა).
თმაშევერცხლილ, პირუცინარ და სიტყვაძუნწ კაცს ჰგავს, წარბს რომ არ შეხრის და სითბოს მარტივად არ გაგრძნობინებს. სამაგიეროდ კი მის სიძლიერეს გრძნობ, თავს უსაფრთხოდ გაგრძნობინებს და იმედის თვალით უყურებ, გგონია რომ მის ჩრდილქვეშ არაფერი გემუქრება და მზის მავნე სხივებს შენამდე არ მოაღწევინებს. უყურებ და სული სხეულში ვეღარ ეტევა, თითქოს გშთანთქავს და თავის სამყაროში გეპატიჟება. რაც უფრო ახლოს მიდიხარ მითუფრო მრისხანე და მიმზიდველია, მითუფრო გინდა შეეხო, მისი ნაწილი გახდე. გგონია რომ რაც მეტად მიუახლოვდები, მისი თავდაჯერებულობა, მისი სიამაყე, მისი სიძლიერე გადმოგედება. გარშემო ვეღარაფერს ამჩნევ, მხოლოდ ერთი რამ გეძახის, გეძახის ის პირუცინარი და ჭაღარა ჭაუხები, რომელსაც შენი მზერა აქვს დატყვევებული…
გულში იმდენჯერ ვინატრე სიცივე (ამას ხმამაღლა როგორ ვიტყოდი), ხანდახან მგონია ბუნებამ ჩემი გულის წუხილი გაიგო და ამიტომაც აცივდათქო. ამიტომაც ვუყურებ, ალბათ, ჩემ წინ აღმართულ, ზამთრისთვის შესაფერისად შეორთქლილ ფანჯარას ფარდის უკან, რომელსაც ლამპიონები ისე ანათებენ, თითქოს ახალი წლის ღამე თენდებაო. გარედან კი წვიმის წკაპუნი ისმის, თავისებური რითმით, თითქოს რაღაც ნაწარმოებს მონდომებით აწყობსო. ჯერ კიდევ შეწითლებულ–შეყვითლებული ფოთლების შრიალიც ისმის. გარეთ მართლა ისეთი სიჩუმეა, როგორც 1 იანვრის გათენებას ახასიათებს – არც მანქანის ხმა, არც ადამიანის, მხოლოდ ბუნება ხმაურობს.
ხო, ამასაც თავისი რომანტიკა აქვს! 🙂