ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე XVII საუკუნის ჩხერის ციხეს 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ციხე აგებულია მაღალი მთის თხემზე, რომელიც ხეობაშია შეჭრილი და მთლიანად აკონტროლებს მდ. ჩხერიმელას ხეობას. ციხის ფუნქცია, როგორც ჩანს აქ გამავალი ქართლ-იმერეთის ერთ-ერთი მთავარი გზის კონტროლი იყო. მის შესახებ მონაცემები მოგვეპოვება ისტორიულ წყაროებში და დოკუმენტებში. ვახუშტის ცნობით ჩხერის ციხე მაგარი და მტრისგან აუღებელი ციხე იყო. 1738 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთემ ის ნიკოლოზ აბაშიძეს უბოძა, რომელმაც 1762 წელს მეფე სოლომონ პირველს მიყიდა. 1774 წ. ამ ციხესთან მოხდა ცნობილი ჩხერის ბრძოლა, რომლის დროსაც სოლომონ პირველმა ოსმალები სასტიკად დაამარცხა.
ციხე ნაგებია ნაგეხი ქვით დუღაბზე. კარგადაა შეწყმული რელიეფს და მისი კონფიგურაცია რელიეფს მიყვება. მისასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან – მთის ფერდიდან აქვს. დანარჩენი სამი მხარე მას ფლატეზე აქვს. ციხე ორი ნაწილისგან შედგებოდა: გალავანი და შიდა ციხე. გალავნის მცირე ფრაგმენტი შემორჩენილია ჩრდილოეთით – მისადგომი მხარისკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთით იმ ადგილას, სადაც ფლატე შედარებით ნაკლებადაა დახრილი. შიდა ციხე, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთით სასახლეა, აღმოსავლეთით – აკროპოლისი. სასახლე ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმა აქვს. დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ჩრდილოეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლები ყრუ ქონდა. აღმოსავლეთის კედელი კი, რომელიც ამჟამად მთლიანად დანგრეულია, აკროპოლისთან მაკავშირებელი იყო და აქედან უნდა ქონოდა კარიც. პირველი სართულის დონეზე დასავლეთის კედელში თაღჩები ქონია დატანებული. მეორე სართულზე კი სათოფუ-სარკმლებია ჩამწკრივებული. აკროპოლისი სასახლის აღმოსავლეთითაა. შედგებოდა გალავნისა და მასში ჩართული კოშკებისგან. ამჯამად შემორჩენილია ორი კოშკი – სამხრეთის და აღმოსავლეთის. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკიდან მხოლოდ პირველი სართულის დონეზე ორი კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი შედარებით უკეთაა დაცული. ის კუთხეებმომრგვალებული ოთხკუთხედია, ოდნავ ზევითკენ შევიწროვებული. ამჟამად შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ კედელში სათოფურ-სარკმელი აქვს. პირველი სართულის დონეზე ამავე მხარეს ჩაყრილია მცირე ზომის ქვევრები. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების ყოფილა. კოშკი სასახლესთან გალავნითაა დაკავშირებული.