VIVA, MEXICO,2015!!!

ახლა რომ ვიხსენებ, სიზმარი მგონია. არადა იყო, ნამდვილად იყო და ნამდვილად მე ვიყავი საოცარი ფერებისა და თავგადასავლების ქვეყანაში – მექსიკაში, 2015 წლის იანვარში.

მოგზაურობის საბაბი დოკუმენტური ფილმი „ხელმწიფე“ იყო, რომლის სცენარისტი და პროდიუსერიც ვარ (რეჟისორი შალვა შენგელი) და რომელი ფილმიც მექსიკის ქალაქ სან კრისტობალ დე ლას კასას კონფესტივალის მთავარ კონკურსში მიიწვიეს.
ფესტივალის ამბები ცალკე მოსაყოლია. ახლა მოგზაურობის მთავარი ხიბლის და მისტიკის – უცნობ ხალხთან შეხვედრისა და უცხო ადგილების მონახულების შესახებ გიამბობთ.
გზა
მეხიკომდე თვითმფრინავის სამი რეისი გამოვიცვალე.
მეხიკოს აეროპორტის (ქალაქის შუაგულში მდებარეობს) მეორე ტერმინალიდან კვლავ თვითმფრინავში ჩავჯექი და ტუქსტლა გუტიერესში ჩავფრინდით.
ტუქსტლაში ხავიერი დამხვდა -ეს უკვე მესამე ხავიერი იყო: პირველი-ხავიერ მენდესი, ფესტივალის სტუმრების კოორდინატორი. სწორედ მან მიყიდა „ლუფტჰანზას“ ბილეთი თბილისი-სან კრისტობალი-თბილისის მიმართულებით.
მეხიკოს აეროპორტში მეორე ხავიერი დამხვდა და ტერმინალამდე მიმაცილა. ტუქსტლაში კი მესამე ხავიერი მინიბუსით მელოდა. ერთ საათში მექსიკის „მესტიაში“-ულამაზეს ქალაქ სან კრისტობალ დე ლას კასასში წამიყვანა. აღმოვაჩინე, რომ „ხავიერი“ მექსიკაში ისეთივე გავრცლებეული სახელია, როგორც „გიორგი“ საქართველოში.
ისე სახელების გამეორება მექსიკისთვის უცხო არ არის. ესპანურად ქვეყანასა და დედაქალაქს, ორივეს „მეხიკო“ ჰქვია. ასევე იწერება ინგლისურადაც „Mexico” , თუმცა ქვეყნაას ინგლისურად კი ვუწოდებთ „მექსიკო“-ს, მაგრამ დედქალაქ მეხიკოს „მექსიკო-სითი“ ჰქვია.
მოკლედ, როგორც იქნა ჩიაპას შტატამდე, გვატემალის საზღვართან ახლოს ჩვაღწიე და არ გაგიკვირდეთ, რომ კინოფესტივალის კინოსეანსებზე ძირითადად მეძინა. ღამით კი თვალები დაჭყეტილი მქონდა, რადგან დღისა და ღამის ასეთ ცვლილებას უცებ ვერ ვერ შევეგუე.
ცოტა გეოგრაფია, ცოტა ისტორია
სან კრისტობალი მექსიკის შტატის – ჩიაპას დედაქალაქია. მთლიანად მაიას ტომებითაა დასახლებული. რაღა დაგიმალოთ და, მაიას ტომი, აცტეკებთან ერთად, ისტორიის წიგნში ჩარჩენილ ამბად წარმომედგინა. ჰა, და ჰა, ერთეულ რეზერვაციებში გამოკეტილი რამდენიმე ასეულ ადამიანი-ღა მეგონა. ვფიქრობდი, სადღაა ტომები, კონკისდატორებმა ხომ გადაუარეს მთელ ლათინურ ამერიკას-თქო, მაგრამ შევცდი.
მოგვიანებით, მეხიკოს ანთროპოლოგიურ მუზეუმის დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ მექსიკაში ძირითადად 12 ტომი ცხოვრობდა, თორმეტივეს სრულიად განხსხვავებული კულტურა და ყოფა ჰქონდა, და ეს კულტურა არამარტო ავთენტური, ძალიან თავისთვადი, არამედ ძალიან განვითარებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცივილიზაციები იყო.
განსაკუთებით აღვფრთოვანდი თეოტიოკანელებით. მექსიკაშივე აღმოვაჩინე, რომ აცტეკები მართლაც აღარ არსებობენ, ისინი მთლიანად შეერწყნენ ამერიკის დამპყრობელ ევროპეიდებს და ამიტომ მეხიკოში, სადაც ისტორიულად აცტეკების ტომი სახლობდა, ახლა ძნელია ევროპეიდი მექსიკელისგან განასხვავო.
ამას კი სრულიად ვერ ვიტყვით მაიას ტომსა და სან კრისტობალზე.
საქმე ისაა, თურმე დღემდე მხოლოდადმხოლოდ მაიას ტომი შემორჩა, როგორც ეთნიკური თუ ანთროპოლოგიური ერთეული ( სწორად როგორ ჩამოვაყალიბო, არ ვიცი).
სან კრისტობალში ჩატარებული ფესტივალიც ანთროპოლოგიური შინაარსის იყო. კონოჩვენებების პარალელურად, ანთროპოლოგთა კონფერენციაც მიმდინარეობდა სადაც გლობალური დათბობის გამო გადამხმარი კუნძულების თემას განიხილავდნენ.
ფესტივალის პროგრამის კოორდინატორი ანდრეა სტივენჰეიგენი, რომელიც თვითონ მეხიკოელი ქალბატონია და სავარაუდოდ, ევროპელებისა და აცტეკების ნაჯვარი გენეტიკის მატარებელი უნდა იყოს, მეუბნებოდა – ხომ მოგწონთ აქაური უჩვეულობა? ჩვენ იმიტომ დავაარსეთ ეს ფესტივალი სწორედ მაიას ტომის დედაქალაქში, რომ ძალიან გვინდა ამ ხალხის და კულტურის შენარჩუნება, ისინი გადასარჩენია. (ფესტივალის ფილმების დიდი ნაწილი მაიას ტომის ენაზე იყო გადაღებული, სხვა დანარჩენ ფილემებს, მათ შორის, ჩემს ქართულ „ხელმწიფესაც“, მაიას ტომის ენაზე სუბტიტრებიც ედო- ნ.ჩ.) .
– რამდენი არიან მაიას ტომელები? – ვეკითხები ანდრეას (მექსიკის მოსახლეობა დაახლოებთ 115 მილიონი ადამიანია, აქედან მხოლოდ მეხიკოში 22 მილიონი ცხოვრეობს).
– ძალიან ცოტანი არიან, სულ რაღაც 4 მილიონი – იყო ანდრეას პასუხი და ჩემმა აძგერებულმა გულმა უმალ გადმოუქროლა ატლანტიკას, ხმელთაშუა, შავ ზღვებს და მდუღარე შფოთვით დაასკდა 3 მილიონ 700 000 ცალ ადამიანად დარჩენილ, ჯერ კიდევ საკუთარი სახლემწიოფოებრიობის მქონე საქართველოს, რომლის ფიზიკურ გადარჩენაზე ვინმე სხვა დარდობს კი არა, თვითონაც კი ვერ ვფიქრობთ, სამწუხაროდ.
კარგი, ეს იქით იყოს… მექსიკას მივუბრუნდეთ.
გარეგნობა
როგორია მაიას ტომის წარმომადგენელი? – ამას ჩემი ფოტოებიდანაც კარგად ნახავთ. ქალებიცა და მამაკაცებიც ძირითდად ტანდაბალნი, 150-160 სანტიმეტრი სიმაღლის, შავგვრემანი ხალხია. მუქი, შავი, ხშირი თმით. თვალების ფორმა წაგრძელებული. დადიან დინჯად, სულ იღიმებიან. ულამაზესი ფერებით და ფიგურებით გაფორმებულ ტანსაცმელს ატარებენ. ქალებს აცვიათ ტრადიციული, ბეწვეულის სტილის ქვედაბოლოები – შავი ან თეთრი. მამაკაცები იმავე ქსოვილის ტყაპუჭებს ატარებენ.
ლუისი და კაროლინა
მექსიკა ისეთია, ყოველი დღე ფესტივალი გგონია. ანდრეასგანვე ვიცი, რომ კორუფციის, უძლიერესი მაფიის და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიღატაკის მიუხედავად, გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ მექსიკელები ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ხალხია დედამიწაზე.
კიდევ ერთი ფაქტი, რამაც გამაკვირვა : მექსიკაში თითქმის არავინ იცის ინგლისური. ესპანურის ცოდნა მათთვის სრულიად საკმარისია. ფესტივალს ძალიან ბევრი ამერიკელი სტუმარი ჰყავდა და ყველა თავისუფლად საუბრობდა ესპანურად. აღოვაჩინე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ძალმოსილების გავლენა მექსიკაზე სულაც არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მექსიკის კულტურული გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
ენობრივი ბარიერი ნამდვილად რთული დასაძლევი აღმოჩნდა ჩემთვის. ფესტივალის დახურვის ცერემონია სრულიად ესპანურად წარიმართა. ვერაფერს ვიგებდი და ვიტანჯებოდი. ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო ბერძნული წარმოშობის ფრანგი კინორეჟისორი კოსტას გავრასი, რომელიც სან კრისტობალის საპატიო მოქალაქედაც აირჩიეს. გავრასი სცენაზე რომ ადიოდა, ვიფიქრე, ახლა მეშველა, ეს მაინც იტყვის ორ სიტყვას ინგლისურად-თქო, მაგრამ მანაც რომ ესპანურად დაიწყო რაკ-რაკი, მივხვდი ,ამდენი გერმანულისა და ინგლისურის მეცადინეობას, სჯობდა ცოტა ესპანური მესწავლა.
ფესტივალის გახსნის შემდეგ ბანკეტია დანიშნული და კინოდარბაზიდან რესტორანში მინიბუსებით უნდა წავიდეთ. გვიანი ღამეა. არცერთ მინიბუსში ჩემი ადგილი არ აღმოჩნდა. ჭიდაობას ხომ არ დავიწყებ. ვდგავარ კინოთეატრის წინ, ქუჩის პირას და ველოდები, ვინმე ყურადღებას თუ მომაქცევს. ეს ხავიარი ან ანდრეა სადღა არიან, ვერ ვხედავ. უცბად ჩემს წინ დიდი შავი ჯიპი ჩერდება. ჯიპში კინოთეატრიდან გამოსული ასე, 45-50 წლის სიმპათიური მამაკაცი და ახალგაზრდა, ულამაზესი გოგონა სხდებიან. კარი მიიხურა. ცოტა ხანში მანქანის კარი ისევ იღება და მამაკაცი ინგლისურად მომმართავს:
– მის, ბანკეტზე თუ მობრძანდებით, გთხოვთ, დაბრძანდეთ!
სიამოვნებით მოვთავსდი ჯიპის უკანა სავარძელზე. გზაში ერთმანეთი გავიცანით. აღმოჩნდა, რომ ჩემი მშველელები მექსიკელი მსახიობები არიან – ლუის ფილიპე ტოვარი და კაროლინა ტორესი (მოგვინებით, სამშობლოში დაბრუნებულმა, როცა სერიალების მოყვარულ დედაჩემს მათთან ერთად გადაღებული ფოტო ვაჩვენე, სიხარულისგან გადაირია -ეს ხომ ხუან მანუელიაო – ლუის ფილიპე რომელღაცა სერიალში ჰყოლია ნანახი).
ბანკეტი შუა ქალაქში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში იმართებოდა და როგორც კი ჩვენი მანქანა გაჩერდა და გადავედით, უამრავი ხალხი მოაწყდა ლუის პილიპე ტოვარს, ზოგი ავტოგრაფს სთხოვდა და ზოგიც სელფის გადაღებას. ლუისიც და კაროლინაც შესანიშნავი ინგლისურით საუბრობდნენ. კარილონამ მითხრა, სულ ასეა, სადაც არ უნდა წავიდეთო. თვითონ კაროლინა, ჯერ მხოლოდ ამომავალი ვარსკვლავია. 26 წლისაა. ულამაზესი გოგონაა და ცხადია, ლუის ფილიპეს ფავირიტია. ჯერ მხოლოდ ორ ფილმში გადამიღესო. ჰოლივუდში მინდა ჩავიდეო. შორს არაა, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია იქ მოხვედრაო.
რა გასაკვირია, რომ მთელი საღამო ჩვენი მაგიდა იყო ყურადღების ცენტრში. მეც თავი ისე მეჭირა, თითქოს ლუის ფილიპე ტოვარი და კაროლინა ტორესი ჩემი გარე ბიძაშვილები იყვნენ. მათ კი საქართველოზე არაფერი იცოდნენ. გაუკვირდათ, რომ თურმე მეორე ჯორჯიაც არსებობს. მე, ცხადია, გულით დავპატიჟე.
სან ხუან ჩამულა
ლუის ფილიპემ მითხრა, თუ გინდა ნამდვილი მექსიკა ნახო, სან კრისტობალიდან სულ რაღაც ათი წუთის სავალზე მანქანით, უნდა წახვიდე სოფელ სან ხუან ჩამულაში, მისტიკური ადგილია, ფოტოებს და ვიდეოს არ გადაგაღებინებენ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავიაო.
მესამე დღეს, ჩემი ფილმის ჩვენების შემდეგ, სან ხუან ჩამულაში წასასვლელად ტაქსი დავიქირავეთ მე და სოფო ვეკუამ – მექსიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ახალგაზრდამ, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. სოფო ჩემს ფილმზე დასაწრებად ჩამოფრინდა მეხიკოდან სან კრისტობალში. ის, ცხადია, შესანიშნავად საუბრობს ესპანურად და ძალიან დამეხმარა კომუნიკაციაში.
ის, რაც მე და სოფომ სან ხუან ჩამულაში ვნახეთ, მართლაც მთელი ცხოვრების შთაბეჭდილებაა.
სან ხუან ჩამულა მთა-გორიანი სოფელია. ჩვენთვის ეგზოტიკური, მათთვის კი ჩვეულებრივი ხილ-ბოსტნეული, სან ხუან ჩამულას მთავარ მოედანზე გაშლილ ბაზარზე იყიდება. ბაზრამდე მისასვლელ ქუჩაზე ჩამწკრივებულია მაიას ტომელთა ხელნაკეთი ნივთები – სომბრეროები, მოსასხამები, ტყავის ქუდები, ულამაზესი ნაქარგები, თავსამკაულები და .ა.შ. ფიტულების მუზეუმის გარე ფასადზეც კი ფრინველების ფიტულები ჰკიდია. ქუჩაში ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი დადის.
აშკარაა, რომ მამააცების უმრავლესობა და ქალბატონების ნაწილიც ტეკილასთნ მეგობრობენ. ჰო, მართლა, ტეკილა არამარტო კაქტუსის, არამედ მანგოს არაყიც შეიძლება იყოს და სულაც არ არის ძნელი დასალევი. არც ძალიან ცხარეა. რაც მთავარია, ტეკილას სრულიად გასხვავებული, ციტრუსოვანი გემო და არომატი ახლავს და ძალიან, ძალიან სასიამოვნო სასმელია.
სან ხუან ჩამულას ტაძარი არის საოცრება. ერთი შეხედვით, გარედან კათოლიკურ ეკლესიას ჰგავს. შიგნით რაც ვნახეთ, მთელი ცხოვრება გამყვება. თუმცა ფოტო-ვიდეოს გადაღება სასტიკად აკრძალული იყო. მე მთვრალ მექსიკელებთნ ჩხუბს ნამდვილად მოვერიდე და მხოლოდ გარედან გადაღებული ფოტოები მაქვს.
ეს მაღალჭერიანი ტაძარი ფრიად უცნაური ადგილია. თვითონ ტაძრის შიგნით. ჭერზე ჭაღების მსგავსად ჩამოკიდულია ულამაზესი ყვავილების გირლანდები. ყვავილებს შორის, სადღაც ნათურებიც მოსჩანს. კათოლიკური წესის მიხედვით, ტაძარში უფლის, ღვთისმშობლის და სხვა წმინდანების ქანდაკებები დგას. აი, მხოლოდ ეს აქვს საერთო კათოლიციზმთან სან ხუან ჩამულას ტაძარს.
ქანდაკებებიც უმშვენიერი ყვავილებითაა მოთული და ტაძარში ისეთი სურნელი ტრიალებს, არცერთი გენიოს პარფიუმერს არ ძალუძს ასეთი სურნელების შექმნა.
მოკლედ, რიტუალი ასეთია: პადრეს ან მონაზვნებს ამ ტაძარში ვერ ნახავთ, არადა წირვა-ლოცვა 24 საათიანია.
ტაძარში შემოდიან ჯერ თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მლოცველები. მათ უკან შავ ტანსაცმელში ჩაცმულები დგანან. შემდეგ ისევ თეთრ ტანსაცმლიანები და ასე თანმიმდევრულად. როცა წინა ხაზზე მდგომი თეთრტანსაცმლიანები ლოცვას მოჩებიან, ტაძრიდან გამოდიან და უკან მდგომი შავტანსაცმლიანები გადაინაცვლებენ წინ, შემდეგ თეთრები, მერე ისევ შავები და ა.შ.
ლოცვის რიტუალიც სრულიდ განხვავებულია. ჯგუფიდან გამოიყოფა ერთი ადამიანი, შედარებით ასაკოვანი მამაკაცი და წარმოთქვამს მამაღლა სიტყვებს მაიას ტომის ენაზე. ამავდროულად სხვა მლოცველები დაბალ ხმაზე ვიოლინოებსა და გიტარებზე უკრავენ. შემდეგ ესპანური ლოცვა მიდის და ბოლოს საკმაოდ ხმამაღლა სრულდება სიმღერები და ცეკვები ესპანურად.
რა საოცარია, მექსიკაში თითქმის ყველამ იცის გიტარასა და ვიოლინოზე დაკვრა. გიტარა კიდევ, ჰო, მაგრამ, ვიოლინო ჩემთვის წარმოუდგენელი სირთულის ინსტრუმენტია და აბსოლიტურ სმენასთან ერთად, განსაკუთრებული პატივით მოპყრობასაც მოითხოვს. ეს მექსიკელები კი ვიოლინოზე ისე უკრავენ, თითქოს დოლი იყოს – სიმარტივეს ვგულისხმობ.
ჯგუფი, რომელმაც რიტუალი დაამთავრა, ტოვებს ტაძარს. მხიარულება გარეთაც გრძელდება. ტაძარში კი ახალი ჯგუფი შედის და ეს განუწყვეტელი პროცესია, ყოველი დღე და ღამე, წლების განმავლობაში.
რაც შეეხება საკურთხეველს, ჩვეულებრივი ამაღლებული ადგილია. როგორც ვთქვი, აქამდე ჩემთვის ცნობილი, კათოლიკე სასულიერო პირის გარეგნობის მქონე ადამიანისთვის, იქ თვალი არ მომიკრავს. ამბიონზე ორი მაიას ტომელი მამაკაცი დაბორიალობდა. ხან რაღაცას წმენდნენ, ხან ალაგებდნენ, ხან კედელთნ ჩამოსხდებოდნენ, ჯიბიდან ამოიღებდნენ მოცისფრო ქაღალდში გახვეულ გრძელ პაპიროსებს და ეწეოდნენ. დიახ, დიახ, ამბიონზეა საუბარი. მინდა გითხრათ, რომ ეს მოსაწევიც ასევე ყვავილების სურნელს გამოსცემდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი პაპიროსი, სიგარა ან სიგარეტი. ვფიქრობ, ეფექტიც სხვა ექნებოდა, რადგან ორივე მამაკაცს სახეზე საოცრად მშვიდი, მთვლემარე ღიმილი ეფინა.
სოფოსაც და მეც თავბრუ დაგვახვია სან ხუან ჩამულას ტაძრის სილამაზემ, სურნელმა და რიტუალის უჩვეულობამ. მელოდიებიც საოცრად მისტიურად გვეჩვენა და როგორ გავიდა რამდენიმე საათი, არ გაგვიგია.
მოსაღამოვებულზე სან კრისტობალში დაბრუნება გადავწყვიტეთ. რამდენიმე ნივთიც შევიძინეთ. ფოტოების გადღება რთული იყო, მაგრამ როგორც კი სან ხუან ჩამულელ ბავშვებს ხუთდოლარიანები ვაჩუქეთ, მაშინვე დაიწყეს კამერების წინ პოზირება.
მეხიკო
სოფო მეხიკოში დაბრუნდა და დამპატიჟა – თუ ჩამოხვალ, გიმასპინძლებო. ფესტივალი ოთხ კინოთეატრში, მათ შორის, ღია ცის ქვეშ, ძალიან დინამიურად მიმდინარეობდა. მეც ნელ-ნელა შევეგუე დღისა და ღამის ცვლილებას და კინოსეანსებზე აღარ მეძინა.
არადა, მექსიკაში ვარ. როდისღა მოვხვდები აქ, როგორ წავიდე აქედან ისე, რომ
დედაქალაქი მეხიკო არ ვნახო. გავბედე და მეხიკოს მონახულება დავუგეგმე ჩემს თავს. ხავიერმა „აერომეხიკოს“ იაფიანი ბილეთის მაყიდვინა. „აერომეხიკო“ თვითმფინავში „ლუფტჰანზის“ შემდეგ ისეთი განცდა მქონდა – უახლესი „ბენტლიდან“ „ნოლ-ადინში“ რომ გადაჯდე. ისეთი რახრახით ჩავასკდით მეხიკოს აეროპორტს, ვიფიქრე, რა ტრიპაჩიც ვარ, ღირსი ვარ-თქო. სტიუარდესებსაც კი, მართალია, კარგად გარეცხილი, მაგრამ მაინც, დალაქავებული წინსაფრები ეკეთათ.
მეხიკოზე რა მოვყვე – იმდენი რამაა სანახავი, ერთ დღეში რა უნდა მომესწრო. თუმცა მაინც მოვაგროვე შოკები.
პირველი შოკი ის იყო, რომ სოფოს სახლში არც გათბობა და არც კონდიციონერი არ ჰქონდა. როგორც გითხარით, იანვარი იყო და გარეთ ტემპერატურა 22 გრადუსი სითბო იდგა.
აღმოჩნდა, რომ მექსიკაში მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა 20-დან 30 გრადუსამდე მერყეობს. ამიტომ არც გათბობის და არც გაგრილების საჭიროება არ არის.
ჩიაპაში, სადაც საღამოობით ცოტა გრილა, მექსიკელების „პალტო“ სქლად მოქსოვილი შარფია. ასეთი შარფი ჩემმა ახალგაცნობილმა მეგობარმა – დანამ მაჩუქა და ყოველი მოხვევისას უაღრესად სასიამოვნო ამბებს მახსენებს.
მეხიკოს მთავარ მოედანზე განთავსებულია მექსიკის პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი და მეხიკოს მთავარი კათოლიკური ტაძარი -შვიდსართულიანი შენობა, სადაც საექსკურსიო ტურები ეწყობა. თუმცა მე დრო არ მქონდა და მხოლოდ 10 წუთით შევიარე. აქ ყველაფერი ჩვეულებრივი კათოლიკური წესით მიმდინარეობს.
მეხიკოს ოპერის თეატრის ფოიეში, სადაც ასევე აკრძალულია ფოტოების გადაღება, დიეგო რივერას უზარმაზარი ნახატები ჰკიდია. მათზე სოციალიზმისა და კაპიტალიზმის დაპირისპირებაა გამოსახული. საერთო შთაბეჭდილებით ჩანს -კომუნისტებს კაცობრიობის კაპიტალისტებისგან გადარჩენის მისია აკისრიათ. ახლა მეცინება ამაზე, მაგრამ, წარმომიდგენია, როგორი ენთუზიაზმით მიიღო ეს ყველაფერი თავის დროზე მექსიკელმა საზოგადოებამ.
ვერ მოვასწარი ფრიდა კალოს მუზეუმის მონახულება და ამაზე ყველაზე მეტად მწყდება გული. ფრიდას სახლი მეხიკოს ცენტრიდან შორსაა. ბევრი დრო მჭირდებოდა. იქნებ ოდესმე ისევ აღმოვჩნდე ამ საოცარ ქალაქში, სადაც ცათამბრჯენების მწვერვალები ღრუბლებამდე აღწევს და სადაც შუქნიშნიან ზებრებზე, ყოველი გადასვლიასას, მინიმუმ, სამასი ადამიანი გადადის.
სოფო სულ მაფრთხილებდა – ჩანთას ხელი არ გაუშვაო. მეხიკოში ყაჩაღობა ძალიან გავრცელებულია.
ერთ-ერთი უდიდესი შთაბეჭდილება მეხიკოს ანთროპოლოგიურმა მუზეუმმა დამიტოვა. საერთო ფართი ეზოიანად ალბათ 50 ჰექტარი მაინც იქნება. მე მხოლოდ შენობის პირველი სართულის დათვალიერება მოვახერხე, ამას მთელი 5 საათი დასჭირდა. თუმცა სასტიკად რომ არ დავღლილიყავი, კიდევ დავრჩებოდი. მე კი მეხიკოს თანამედროვე ცხოვრების გაცნობაც მსურდა.
შოკი მეორე: მეხიკოს ცენტრალურ პარკში, მუზეუმისკენ მიმავალ, კაქტუსების ხეივანში, გზის ერთ-ერთ მანიშნებელზე ეწერა „ჰეიდარ ალიევის ძეგლი“. მართლა გადავირიე, მეხიკოს შუაგულში ჰეიდარ ალიევი ძეგლი საიდან მოხვდა-თქო. აღმოჩნდა, რომ თურმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც აზერბაიჯანის საელჩო იხსნება, აუცილებლად იდგმება ჰეიდარ ალიევის ძეგლიც. ასეთია აზერბაიჯანის პოლიტიკა. რამდენიმე წლის წინ მეხიკოშიც გახსნილა აზერბაიჯანის საელჩო და ცენტრალურ პარკში ჰეიდარის ბიუსტიც დაუდგამთ. ამ მოვლენიდან ძალიან მალე ადგილობრივ სომხებს სასტიკად გაუპროტესტებიათ და იმდენი, უქნიათ, ცენტრალური პარკიდან ბიუსტი სხვაგან გადაუტანინებიათ. თუმცა გზის მანიშნებელი კი მაინც დარჩა. არ მეგონა, ჩემთვის ასე ნაცნობ კონფლიქტს ოკეანის გაღმაც თუ წავაწყდებოდი.
მეხიკოშივე გავსინჯე მათი ნაციონალური კერძი – ხელი დამავიწყდა, სამწუხაროდ. ეს არის სანელებლებით და სოუსით შეზავებული, წვრილად დაჭრილი, მოხარშული ხორცი, რომელიც ხმიადზე დასხმული მოაქვთ და კაქტუსისა და ხახვის მწნილთან ერთად მიირთმევენ (შოკი მესამე). ზუსტად ის კაქტუსია გასხეპილი და ჩამწნილებული, რომელიც ყველას გვაქვს სახლში, ფანჯრებზე. მინდა გითხრათ, რომ ისეთი მჟავე, მწკლარტე და ბალღამია, ერთი ჩაკმეჩაც საკმარისი აღმოჩნდა, თავბედი მეწყევლა ჩემივე მსუნაგობისთვის.
თუმცა აპერატივი უფრო საინტერესოა. მექსიკაში, ყველგან, თუნდაც მხოლოდ ყავა რომ შეუკვეთოთ, თავდაპირველად აუცილებლად მოგიტანენ გუაკამოლეს სოუსსა და სიმინდის ჩიპსებს – სამკუთხედის ფორმის უთხელეს მჭადუკებს. დამიჯერეთ, მენდეთ! – ეს ისეთი გემრიელი რამაა, რომ ვიხსენებ, ახლაც ნერწყვი მომდის. ჩიპსები სოუსში უნდა ამოუსვათ და ჩაახრამუნოთ. მე პირადად, მეტი არც არაფერი მინდოდა ხოლმე და ისე, ხათრისთვის შეკვეთასაც ვსინჯავდი.
მინდა გითხრათ, რომ მექსიკაში წარმოდგენა არ აქვთ, რა არის „კარტოფილი მექსიკურად“. კარტოფილს სრულიად ჩვეულებრივად წვავენ ან ხარშავენ. აქვთ სიმინდის უამრავი სახეობა. კლდეებზე ამოსული სიმინდის ყანებიც კი ვნახე. აღმოჩნდა, რომ მექსიკელები პატარა ჯოხით ჩიჩქნიან კლდეებზე გაჩენილ მომცრო ზომის ჩაღრმავებებში მიყრილ მიწას და შიგ სიმინდის მარცვლებს აგდებენ. სიმინდი ჩვეულებრივად ამოდის. არც თოხნიან და არც მარგლავენ -კლდეს როგორ გათოხნი. წელიწადში სამ მოსავალს იწევენ. ვნახე ნაირ-ნაირი ფერის სიმინდი.
ისე, გულწრფელად რომ გიხთრათ, მაინც მგონია, რომ ჩვენნაირი გემრიელი საჭმელი, არავის აქვს მსოფლიოში. მართლია, ხანგრძლივად სხვაგან არ მიცხოვრია, მაგრამ სადაც ვყოფილვარ, სულ ჩვენი საჭმელი მენატრებოდა. ასევე დამამახსოვრდა კაკაოს სოუსი, რომელსაც მოხარშულ ხორცთან ერთად მიირთმევენ. თავიდან ლობიოს ნახარში მეგონა – ფერიც და გემოც ასეთი ჰქონდა. მაინც ვიკითხე, ეს რა სოუსია-თქო და როცა მითხრეს კაკაოაო, ძალიან გამიკვირდა. მოკლედ, მე მაინც ჩვენი საჭმლის ერთგული ვარ, გინდ ტკბილი იყოს და გინდ ცხარე.
ჩიაპა ლა კორძო
მეხიკოდან ისევ სან კრისტობალს დავუბრუნდი. 10 დღიანი ფესტივალიც დასასრულს უახლოვდებოდა. სამშობლოში დაბრუნებამდე ერთი დღე-ღა მრჩებოდა და ადგილობრივ ტურისტულ ფირმას მივაკითხე. ლა კორძოს კანიონის მოსანახულებლად ოცდოლარიანი ბილეთი ვიყიდე. მეორე დილას სასტუმროში მინიბუსმა მომაკითხა
სხვათა შორის,„ჰოლიდეი ინნ“-ში ვცხოვრობდი. სხვა ქვეყნების „ჰლიდეი ინ“-ებშიც ვარ ნამყოფი, ყველა ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ სან კრისტობალ დე ლას კასასის „ჰოლიდეი ინნი“ , კონკისდატორის სახლს წარმოადგენს. სულ ორიოდე სართულია და ისეთი ლამაზი ყვავილების ბაღი აქვს, სამოთხე გეგონებათ.
მდინარე ჩიაპა ლა კორძოს კანიონში მივდივართ. ერთ საათში მდინარეს მივადექით. ცხელოდა და სხვებთან ერთდ მეც ვიყიდე ჭილის ქუდი. უფასოდ დაგვირიგეს საწყლოსნო ჟილეტები და კატერებში გაგვანაწილეს.
ლა კორძო წყალუხვი მდინარეა, მექსიკის მთებში იწყება და გვატემალის გავლით ატლანტიკის ოკეანეში ჩადის.
კატერიდან ორივე ნაპირზე კარგად ჩანდა მექსიკის საოცრად ეგზოტიკური ბუნება. რაღაცნაირად მახსენდებოდა ჩემს ღრმა ბავშვობაში ნანახი ვესტერნული ფილმი „ის და ეშმაკები“. იქაც უდაბნოსავით თეთრი ქვიშა და ქვიშაში ამოსული უზარმაზარი კაქტუსები იყო. ამჯერად კაქტუსებს შორის საკმაოდ მოზრდილი ზომის, ყვავის მსგავსი ფრინველებიც ვნახე. ლა კორძოს ხეობა მართლაც გაოცებს თავისი მრავალფეროვნებით. უეცრად უდაბნო დამთავრდა და ფართოფოთლოვანი ტყით დაფარული კლდეები დაიწყო. კარგად დავინახეთ, როგორ დახტოდნენ მაიმუნები ხიდან ხეზე.
ერთ ადგილას კი, სრულიდ წარმოუდგენელ ფრიალოზე ბუნებრივი ნიში შევიშნეთ. ნიშში წმინდა მარიამის ქანდაკება იდგა. ყვავილებით მოერთოთ, კარგად ჩანდა სანთლების ნაკვალევიც. სამწუხაროდ, ნიშთან მდინარის მორევს უამრავი ბოთლი და ქილა მიექუჩებინა. ჩვენი არ იყოს, იქაც არ უფრთხილდებიან ბუნებას, როგორც საჭიროა.
მთავარი სანახაობა კი წ
ნ მელოდა. როგორც კი ვეებერთელა ხავსებით დაფარულ კლდეს გავცდით, კატერი ნელა მიცურდა მდინარეში ამოშვერილ ლოდებთან და გამხმარი ხის ბოძებთან. ერთ-ერთ ლოდზე ნიანგი წამოსკუპულიყო. კატერის მძღოლმა გაგვაფრთხილა, წყალში ხელი არ ჩაყოთო. რამდენიმე წუთს ვიდექით და ნიანგს ვაკვირდებოდით. ვიფიქრე, აი, ყოჩაღ მექსიკელებო, ეს რა მაგარი სათამაშო დაგიმაგრებიათ, როგორ ჰგავს ნამდვილს-თქო. უეცრად გაქვავებულმა ნიანგმა უზარმაზარი პირი გააღო. ცოტა დავფრთხი. თუმცა ეს ისვე შოუს ნაწილი მგონია. ნიანგს რამდენიმე ადგილას კბილები ამოცვენილი ჰქონდა. ბებერმა ამფიბიამ მალე დაკეტა პირი და ზლაზვნით ჩაყვინთა. ნაპირზე კიდევ რამდენიმე გრძელკუდიანი ნიანგი შევნიშნეთ.
რასაკვირველია, კატერში მსხდომებს ფოტოაპარატის ჩხაკუნი არ შეგვიწყვეტია. ფოტოების გადაღება ნამდვილი სანახაობით ტკბობაში ხელსაც კი გიშლის. გინდა ყველაფერი გადაიღო, კამერასა და გამოსახულბაზე ხარ ორიენტირებული, არადა ცოცხალი შთბეჭდილებები კამერის წინაა და მას არა ობიექტივით, არამედ საკუთარი თვალით უნდა დააკვირდე.
კატერში ჩემთან ერთად ძალიან სიმპათიური ბრიტანელი გოგონები ისხდნენ. ერთმანეთი გავიცანით. ამ მოგზაურობისას ისინი აღმოჩნდნენ ერთდერთნი, ვისთვისაც საქართველო ნაცნობი ქვეყანა იყო. ჩვენ გეოგრაფები ვართ და ზუსტად ვიცით, სადაცაა ჯორჯიაო, ისიც ვიცით, რომ თქვენც გაქვთ კანიონები -მარტვილი, ოკაცეო.
ვაუ! ამას ნამდვილად არ ველოდი. „კი, ჩვენი კანიონებიც ულამაზესია – თუმცა იქ ამხელა მდინარე არ გვაქვს“ – ვუპასუხე ამაყად, მაგრამ გულში სირცხვილით ვიწვი, რადგან ამ წუთას მექსიკის მთებში, ლა კორძოს კანიონში ვარ და აგერ ჩემი ყურის ძირში, ჩემს სახლში არც მარტვილი მინახავს და არც ოკაცე. ეს სირცხვილი ჯერაც ჩამოსარეცხი მაქვს და ჩემს თავს ვპირდები, რომ როგორც კი გამოზაფხულდება, აუცილებლად მოვინახულებ სამეგრელოს ულმაზეს ადგილებს.
ლა კორძოზე გასეირნება კაშხლამდე გრძელდება. კაშხალზე კომუნისტური სტილის სამი მუშა-გოლიათის ქანდაკება დგას. გიდმა აგვიხსნა, რომ დასახლება, რომელიც მოშორებით ჩანდა, უკვე გვატემალა იყო.
დავბრუნდით „ნავსადგურში“. მინიბუსში ჩვენი ადგილები დავიკაეთ და სან კრისტობალში გამოვემგზავრეთ. განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს, მაგრამ დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ მძროლმა გვითხრა, მანქანა გაფუჭდა, უნდა შევაკეთოო. რომელიღაც სოფელში გადავუხვით. მძღოლმა სოფლის სუპერმარკეტთან ჩამოგვსხა და გვითხრა, ერთ საათში ისევ აქ გელოდებითო.
ჩემი თანამგზავრები სწრაფად მიმოიფანტნენ, უნებურად ვფიქრობ, რომ მძღოლი რომ არ დაბრუნდეს, ამ კრიმინალებით სავსე ქვეყანაში რა მეშველება. წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა წავიდე. თან ინგლისურიც კაციშვილს არ ესმის, მე კი არც ესპანურის და მით უმეტეს, არც მაიას ენის ინჩი-ბინჩი არ გამეგება.
საბედნიეროდ , იდგა შესანიშნავი ამინდი და გადავწყვიტე სოფელში გავლა, თან უკან-უკან ვიყურები, რომ სუპერმაკეტის ორიენტირი არ დავკარო.
მექსიკურ სოფელში სხვადასხვა ფერადა შეღებილი სახლები დგას. ქუჩებში ან ქვაფენილებია. ერთ-ერთი ულამაზესი, ბროწეულის მსგავსი ყვავილებით სავსე ხის ქვეშ ჩამოვჯექი. გზის მეორე მხარეს მდგარი სახლის ჭიშკართნ ძველი ფორდი გაჩერდა. კარი გაიღო და ეზოდან გამოვიდა ორი ულამაზესი გოგონა. იქნებოდნენ ასე 16-17 წლისანი. ეცვათ უზარმაზარი ფრილა, დეკოლტე კაბები, მე-19 საუკუნეზე გადაღებულ ფილმებში რომ გვინახავს, ისეთი. ერთს წითელი ყვავილები ეხატა, მეორეს – ყვითელი. ფორდიდან მამაკაცი გადმოვიდა. გოგონებს გამოელაპარაკა. სავარაუდოდ, მათი მამა იყო. ორივეს შუბლზე აკოცა და გოგონები ზემოთ გზას აუყვნენ. მეც ძალაუნებულად მათ გავყევი. თანაც იმ მიმართულებიდან მხიარული მელოდიები მოისმოდა. სხვა მოსახვევებიდან კი გამოჩდნენ ვაჟები თეთრი პერანგებით, ოქრო-მკედით მოხატული ჟილეტებით, ქამრებით,
სომბრეროებით, ჭრელი მოსასხამებით, გიტარებით და ვიოლინოებით.
ხომ ვამბობ, მექსიკაში სულ ფესტვალია-თქო . მოშორებით ჩანდა სოფლის მოედანი, სადაც რაღაც კონცერტი თუ სანახაობა მიმდინარეობდა და ეს ისეთი თავბრუდამხვევი შთაბეჭდილება იყო, ვეღარ გავრკვევულიყავი – კინოში ვიყავი, თუ სინამდვილეში.
სამწუხაროდ, უკვე ჩვენი „მარშუტკის“ გამგზავრების დროც მოსულიყო და იძულებული ვიყავი, სანახაობა სწრაფად დამეტოვებინა.
ისევ დაბრუნდი სუპერმარკეტთან. მძღოლი კი უკვე გველოდა. მაინც შვება ვიგრძენი. მალე სან კრისტობალს დავუბრუნდით. წინ მელოდა ფესტივალის დახურვა და 33 საათიანი მგზავრობა სამშობლოსკენ მარშუტით.
მიუნხენის აეროპორტში, თბილისის რეისზე რომ ჩავჯექი, ასე მეგონა, აი, აგერ უკვე ეზოში ვარ, სულ ოთხიოდე საათში სახლში ავირბენ და ეგაა….
…. მენატრები, მექსიკა!
Tags: