საქართველოში უცხოური ტურისტული კომპანიები ტურისტებს ქართველი გიდების გარეშე ვეღარ შემოიყვანენ – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან მელაძე.
შემომყვანი ტურისტული კომპანიები საქართველოში გიდებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. როგორც ისინი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებდნენ, ხშირ შემთხვევაში გიდის და მძღოლის ფუნქციას ერთი ადამიანი ასრულებს, რომელიც ტურისტს დაბალ ფასს და დაბალ ხარისხს სთავაზობს და ამით კვალიფიციურ გიდებს კონკურენციას უწევს. ამასთან პრობლემაა უცხოელი გიდებიც, რომლებიც საქართველოში ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს.
პრობლემებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მისი განცხადებით, ტურისტული მდგომარეობის გაუმჯობესებთან ერთად, სფეროში გარკვეული ხარვეზებიც არსებობს, რომლებიც სამომავლოდ უნდა აღმოიფხვრას. მათ შორის, პრემიერმა ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების სფეროზე, ტრანსპორტზე, ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციის საკითხზეც გააკეთა აქცენტი.
ტურიზმის ექსპერტის შალვა ალავერდაშვილის თქმით, ქვეყანაში გიდების პრობლემა მნიშვნელოვნად დგას და ეს სფერო უკონტროლოა.
„არის ძალიან ბევრი ტურისტი, ასევე, ბევრი ტურისტული კომპანია, რომელიც ქართულ ტურისტულ კომპანიებთან არ თანამშრომლობს და თვითონვე ჩამოჰყავთ სტუმრები, ქირაობენ მძღოლს, რომელსაც სხვადასხვა ადგილებზე მიჰყავს ტურისტები და რასაც უნდა, იმას უყვება. ეს სფერო უკონტროლოა. ტურისტების 40% ტურისტული კომპანიების საშუალებით ჩამოდის, 60% კი კომპანიების გარეშე. ამიტომაც ისინი აქ რომ ჩამოდიან, ქართულ ტუროპერატორს კი არ უკავშირდებიან, არამედ ნახავენ კერძო ადამიანს და მისი საშუალებით მოგზაურებენ. თან ეს მძღოლი გიდის ფუნქციასაც ასრულებს“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო კონკრეტულად იმ საკითხს, როდესაც ქართველი მძღოლი გიდის ფუნქციასაც ასრულებს, ვერ დაარეგულირებს, თუმცა შეუძლია დაარეგულიროს ის, რომ უცხოელებმა საქართველოში ქართველი გიდების გარეშე არ იმოგზაურონ.
„ქართველი მძღოლი–გიდების საკითხს სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს. ამის მექანიზმი არ არსებობს. გარდა ამისა, ის ადამიანები, ვინც ლიცენზიის გარეშე მუშაობენ, იაფ სერვისს სთავაზობენ ტურისტს, მათ ვერ გააკონტროლებენ. იაფ სერვისში ცუდი არაფერია. მთავარია, რომ ეს ფული მაინც ქვეყანაში რჩება. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როდესაც მაგალითად, ებრაელს ებრაელი გიდი მოჰყვება, ინდოელს – ინდოელი, არაბს – არაბი, ირანელს – ირანელი. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა და ამის დარეგულირება სახელმწიფო დონეზე შესაძლებელია“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.
პრობლემაზე საუბრობს საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან მელაძეც. როგორც მან „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, ასოციაცია ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საპილოტე პროგრამას ამზადებს და მომავალი წლიდან აღნიშნული პრობლემა დარეგულირდება.
„ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ლიბერალურია, არცერთ პროფესიაზე ლიცენზია არ გვაქვს, გიდების პროფესიაც არალიცენზირებულია. ამიტომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ენას ფლობს და ჩათვლის, რომ გიდია, შეუძლია ექსკურსიამძღოლობა გაუწიოს უცხოელ სტუმარს. ამ საკითხს არავინ აკონტროლებს. გარდა ამისა, ცნობილია იმ პრობლემის შესახებ, როცა ტურისტებს გიდი თავიანთი ქვეყნიდან მოყვებათ. ისინი რას უყვებიან ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის შესახებ, ეს ცალკე თემაა. ამიტომაც ჩვენი ასოციაცია ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საპილოტე პროექტზე მუშაობს, რომელიც იმედია გაამართლებს. უცხოური კომპანიები ტურისტებს ქართველი გიდის გარეშე ვერ შემოიყვანენ, ანუ პატარა შეზღუდვები იგეგმება“, – განაცხადა მელაძემ.
მისი თქმით, ამით ქართველ გიდებს შეღავათი მიეცემათ, თუმცა მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა იზრუნონ.
„ვფიქრობ, რომ ამ რეგულაციით ქართველ გიდებს შეღავათი მიეცემათ. კარგი იქნება, თუ ისინი საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებენ. რიგითი ადამიანები, ვინც ისტორიას და უცხო ენას ფლობენ, გიდობას არ უნდა იბრალებდნენ. ჩვენ და სახელმწიფო ამ პრობლემას მომავალი წლიდან სერიოზულად მოვეკიდებით. ბევრ რამეს უკეთესობისკენ შევცვლით, რომ ქვეყანა ბევრად უფრო მიმზიდველი იყოს.
გარდა ამისა, ჩვენი პროფესიონალი გიდები დაფასდებიან. ამასთან, ის ადამიანები, ვინც კერძოდ ცდილობენ საკუთარი ოჯახის კეთლდღეობის გაუმჯობესების მიზნით გიდად მუშაობას, მათაც უნდა გაიარონ გადამზადება. ეს ეხება ქვეყნის პრესტიჟს, თუ როგორ გააცნობ უცხოელ ტურისტს შენს ქვეყანას. გიდს შეუძლია, რომ ტურისტს შეაყვაროს და შეაძულოს ქვეყანა. ამას ტურიზმის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ქეთევან მელაძის განმარტებით, შეზღუდვა ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტზე გავრცელდება: „პროგრამა იქნება საპილოტე და ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ ამით არავინ დაზარალდეს. უფრო კონკრეტულ დეტალებს მომავალი წლიდან შეგატყობინებთ, როდესაც პროგრამის მომზადება დასრულდება.“
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი