საქართველოში აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსების საფუძველზე უფლისციხის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის, გამაგრება-კონსოლიდაციისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიმუშავებს.
შეერთებული შტატების საელჩოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი კვლევითი სამუშაოებისთვის 199,600 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას გულისხმობს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრს გადაეცემა. პროექტის მიზანია ეროვნული მნიშველობის სტატუსის მქონე კლდეში ნაკვეთი ქალაქის დაცვა და კონსერვაცია. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში წარდგენილი უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის, რომელიც მიმდინარე ეროზიული პროცესებით, ბუნებრივი კატასტროფებითა (მიწისძვრები) და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული სტრუქტურული შლის საფრთხის ქვეშაა, სამეცნიერო კვლევითი დოკუმენტი დაცვის სრულფასოვან მექანიზმებს შეიმუშავებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ძეგლის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით დაფუძნდება ძეგლის მონიტორინგის კომპლექსური სისტემა, გამოვლინდება კლდოვანი მასივის კრიტიკული არეალები, გატარდება კლდის შესაძლო ნგრევის საწინააღმდეგო ღონისძიებები (კლდის გამყარება/კონსოლიდაცია). პროექტი ასევე მიზნად ისახავს ძეგლის კონსერვაციის მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია უფლისციხის მუზეუმ ნაკრზალის ტერიტორიაზე 13 ნოემბერს 13:00 საათზე შედგება. ღონისძიებას დაესწრებიან : აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკოლოზ ანთიძე, ილიას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და პროექტოს ხელმძღვანელი მიხეილ ელიაშვილი.
უფლისციხის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის პროექტი საქართველოში ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო საგრანტო პროგრამის გამარჯვებულად მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდა. საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურადაა ჩართული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს 2001 წლიდან 1 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს მიზნობრივად გამოყოფილი. განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ანტიკური ხანის არმაზისციხის კონსერვაციის, სვანეთის მუზეუმში დაცული უნიკალური ხატების კონსერვაციისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტები.