მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივარი პირველი ვიზიტით ეწვია აფრიკის წევრ ქვეყანას პანდემიის დაწყებიდან. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ნამიბიაში კიდევ ერთხელ ადასტურებს UNWTO-ს ვალდებულებას აფრიკის კონტინენტთან დაკავშირებით. შეხვედრაზე გაიმართა მაღალი დონის მოლაპარაკებები, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენდა არსებული პარტნიორობის განმტკიცება და ახალი გზების მოძიება მდგრადი, სტაბილური მომავლის შესაქმნელად.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აქტიურად ხელმძღვანელობს ტურიზმის სექტორის აღდგენის სამუშაოებს და ცდილობს პანდემიით გამოწვეულ უპრეცედენტო კრიზისისთან გამკლავებას. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს აფრიკის წევრ ქვეყნებთან და მათ შორის ნამიბიასთანაც. აღსანიშნავია, რომ ნამიბიაში ჩატარებულმა ოფიციალურმა ვიზიტმა გამოკვეთა ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის აუცილებლობა აფრიკაში, რაზეც მილიონობით აფრიკელის საარსებო წყაროა დამოკიდებული.
UNWTO-ს გენერალური მდივანი შეხვდა ნამიბიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის პოტენციალზე და ტურიზმის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე მათ განიხილეს ახალგაზრდების, ქალებისა და სოფლის ტურიზმის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, გენერალურმა მდივანმა შეაქო ქვეყნის მეთაური და მისი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით საერთაშორისო ტურიზმის აღორძინების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს UNWTO-ს მიერ შედგენილ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მთავარ ოქმებს. ასევე, შეხვედრა გაიმართა ნამიბიის ვიცე-პრეზიდენტთან, ნამიბიის გარემოს დაცვისა და ტურიზმის მინისტრთან და ნამიბიის ერონგოს რეგიონის გუბერნატორთან. შეხვედრებზე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა აფრიკის ქვეყნების მიმართ, ტურიზმის აღორძინებისა და განვითარების ხელშესაწყობად, გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ქვეყნაში ტურიზმის სექტორის განვითარების შესაძლებლობები, სადაც გამოიკვეთა, რომ ნამიბიას აქვს მაღალი პოტენციალი განავითაროს გასტრონომიული და სოფლის ტურიზმი.
შეხვედრებმა ცხადჰყო, რომ UNWTO მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს აფრიკის წევრ ქვეყნებთან ტურიზმის პოტენციალის რეალიზების მიზნით, რაც ადგილობრივებს დაეხმარება პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაში.
UNWTO-ს დელეგაციამ ნამიბიის რამდენიმე წამყვანი ტურისტული ადგილიც მოინახულა, რითაც ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას და აჩვენა, რომ მოგზაურობა უსაფრთხოა, როდესაც იგი ხორციელდება ყველა საჭირო წესის დაცვით. მონახულებული ადგილები მოიცავდა ნამიბიის ქვიშის ზღვას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც მზადაა ტურისტების კვლავ მისაღებად, ასევე ისტორიულ ქალაქ სვაკოპმუნდს და უოლვის ყურეს.
აღსანიშნავია, რომ, ნამიბიამ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და UNWTO-ს დახმარებით, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორებთან, მსოფლიოს გაუგზავნა მკაფიო გზავნილი, იმის შესახებ, რომ ნამიბია – “მამაცთა ქვეყანა”, ღიაა და მზადაა კვლავ უმასპინძლოს ტურისტებს.
წყარო: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
ავტორი: სოფო უშხვანი