კოპმანიის დამფუძნებლები: ანასტასია გოგოლაური, იოსებ ბაბულეიშვილი, მათე წულაია
1. მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, როდის დაარსდა კოპმანია და რა იყო მთავარი მიზანი?
ტურისტული კომპანია “Fellini Travels” დაარსდა 2018 წელს. კომპანიის შექმნის იდეა გაჩნდა ჩვენი უცხოელი მეგობრების მხარდაჭერით და მოტივაციით. ჩვენს მიერ მათთვის სამოყვარულო დონეზე ჩატარებული ტურების შემდგომ, გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაცია და გადავწყვიტეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებდა, პროფესიონალურ დონეზე შეგვესწავლა და ჩვენ ძირითად საქმიანობად გვექცია. აქედან გამომდინარე, დავაარსეთ კომპანია, რომლის მთავარი მიზანიც არის ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს შეუქმნას მეგობრული და ოჯახური გარემო.
2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?
ჩვენი მთავარი სირთულე იყო ის, რომ საქმიანობა დავიწყეთ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ჯერ კიდევ დაუარსებელ კომპანიაში, პირველი ინვესტიცია იყო ჩვენი სლოვაკი სტუმრების მიერ საჩუქრად გადმოცემული თანხა 40 ევროს ოდენობით. სწორედ ამ სიმბოლური თანხით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ჩვენი კომპანია. მეორე ძირითად პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მაღალ კონკურენტულ გარემოში პატარა, დამწყები კომპანიისთვის, რთული იყო ბაზარზე დამკვიდრება და ნდობის მოპოვება.
3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ ტურისტებს?
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შემომყვან ტურებზე. ტურისტებს ვთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალური მომსახურების სრულ პაკეტებს. ჩვენს მიერ შეთავაზებული ტურ-პაკეტები მოიცავს ყველა ტურისტულ მომსახურებას გარდა ავიაბილეთებისა. აქტიურად ვმოღვაწეობთ MICE ტურიზმის მიმართულებით. მონაწილეობას ვიღებთ გამოფენებში და კონფერენციებში. სტუმრებს ვთავაზობთ სათავგადასავლო, კულტურულ, სამედიცინო, გასტრონომიულ და სხვადასხვა თემატურ ტურებს. გვაქვს გრძელვადიანი შემოთავაზება ბიზნეს ტურიზმის მიმართულებითაც.
გარდა ამისა, საერთაშორისო ბლოგერებს ვთავაზობთ ფოტო-ტურებს საქართველოს მასშტაბი.
4. თქვენი აზრით, რით გამოირჩევით სხვა ტურისტულ კომპანიებისგან, რა არის თქვენი ძლიერი მხარე?
ჩვენი ძლიერი მხარე და მოტივაცია, რისთვისაც არასდროს შევწყვეტთ ტურიზმის სფეროში მოღვაწეობას – ჩვენი სტუმრები არიან. ტურისტი ჩვენგან არ იღებს მხოლოდ სტანდარტულ მომსახურებას, თითოეულ მათგანს ხვდება საკუთარ ინტერესებსა და სურვილზე მორგებული მეგობრული გარემო. სწორედ პირველივე შთაბეჭდილებიდან გამომდინარე გრძნობენ, რომ მათ ურთიერთობა აქვთ მეგობრებთან და არა ტურისტულ სააგენტოსთან. ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი სტუმრების უმრავლესობა წლის განმავლობაში არაერთხელ გვსტუმრობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, წარმოვაჩინოთ ქართული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობა და ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელ აქტივობებს ვაზიაროთ. 2020 წელს გვყავდა სტუმარი, რომელსაც ჰქონდა სურვილი ახალ წელს საქართველოში შეხვედროდა. ჩვენ გადავაჭარბეთ მის მოლოდინებს. გარდა იმისა, რომ დავუგეგმეთ ტური, მოწვეული გვყავდა ოჯახში, სადაც ტრადიციულად აღვნიშნეთ ახალი წელი. მიუხედავად იმისა, ვიმყოფებით თუ არა დაგეგმილ ტურზე, ტურის დასაწყისში და დასრულების შემდეგ, გვაქვს უშუალო შეხვედრა ჩვენს სტუმრებთან, ტურის განმავლობაში კი მუდმივი კომუნიკაცია. ვთვლით, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.
5. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?
პანდემიის პერიოდში გარკვეული დროის განმავლობაში დავიწყეთ მუშაობა შიდა ტურებზე. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურობა შიდა ტურებზეც იგრძნობოდა, ჩვენ მთავარ ინტერესს წარმოადგენდა და კვლავ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის პრომოცირება – საერთაშორისო მოგზაურებში ცნობადობის ამაღლება და ჩვენი უნიკალური კულტურის გაცნობა. რთულია განსაზღვრო როდის იქნება შესაძლებელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდე, თუმცა გარკვეული სამოქმედო გეგმა გვქონდა რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მაქსიმალურად მალე მიგვეღო ვიზიტორები. პანდემიის განმავლობაში, აქტიურად ვაგრძელებთ სოციალურ მედიაში კონტენტის განთავსებას.
მოცემულ ეტაპზე, გვსურს ჩვენი რესურსები და კონტაქტები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს. ამ მიმართულებით დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული პროექტი, რომელსაც ახლო მომავალში განვახორციელებთ.
6. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?
მნიშვნელოვანია, საქმე რომელსაც აკეთებ გიყვარდეს და გსიამოვნებდეს. ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ასეა, სიამოვნებას და შემოსავალს ერთდროულად ვიღებთ. თუმცა, აუცილებელია, რომ აქცენტი არა შემოსავლის მიღებაზე, არამედ ხარისხიანი სერვისის შექმნაზე გაკეთდეს. არ არის აუცილებელი დიდი ფინანსური რესურსის მოძიება იმისთვის, რომ ამ სფეროში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიო. ცხადია, როდესაც გაქვს საწყისი კაპიტალი, უფრო მეტი შესაძლებლობა გიჩნდება, მაგრამ თუ მომხმარებელს შესთავაზებ განსხავებულ სერვისს ის აუცილებლად დაინტერესდება. რაც მთავარია, იქნება სტაგნაციის მომენტები, როდესაც თითქოს გაიყინეთ ერთ ადგილას, მაგრამ ამ დროს მთავარია არ დანებდეთ და გადახედოთ განვლილ გზას რომელმაც აქამდე მოგიყვანათ.
ჩვენი პირველი ოფიციალური ტური, კომპანიის დაარსებიდან ორი თვის შემდეგ შედგა. ეს იყო – “Tbilisi Walking Tour”, რომელიც პირადად ჩავუტარეთ ფილიპინელ სტუმრებს. აუცილებელია, რომ ყველა შესაძლებლობა აითვისოთ, იკითხოთ სიახლეები და გქონდეთ ინფორმაცია ახალ ტენდენციებზე. აღსანიშნავია, რომ ტურისტები ინტერესებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან და აუცილებელია თითოეულ მათგანს მოერგოთ და ზუსტად ის შესთავაზოთ, რისთვისაც სტუმრობენ საქართველოს.
7. მას შემდეგ რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდენციებმა შეიძლება იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში
პანდემიის მიუხედავად, რომლის გავლენაც დიდია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროზე ვფიქრობთ, რომ ტურიზმი ყოველთვის აქტუალური მიმართულება იქნება. ტურიზმის სფეროში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს. Covid-19-ის შედეგად დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაბალ ბიუჯეტიანი მოგზაურები თავს შეიკავებენ მოგზაურობისგან. ქვეყნები შეეცდებიან განავითარონ ბიზნეს ტურიზმი და შექმნან მეტად მიმზიდველი გარემო უცხოური ინვესტიციებისთვის.
ავტორი: ვიქტორია გასანიანი