თუ ერთი წამით თვალს დახუჭავ, რას წარმოიდგენ? საყვარელი ადამიანი როგორ გიმზადებს ჩაის თუ უბრალოდ საყვარელ ადამიანს? ადამიანს, რომელმაც მიგატოვა თუ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად დაგტოვა მარტო? ან იქნებ ბოლოს წაკითხული წიგნი და მისი ფურცლები გაგახსენდეს… მე ხშირად ვფიქრობ, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ძირითადად ადამიანები არ მახსენდება. ვიხსენებ იმ ადგილებს, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს და ვნიშნავ იმ ადგილებს, რომლებიც შემდეგ უნდა მოვინახულო.
– ტურისტი ვარ თუ მოგზაური?!
– ტურისტიც ვარ და მოგზაურიც. მართალი გითხრათ, ამას კონკრეტული ადგილი განაპირობებს.
ყოველ წელს ჩემი სიიდან 5 მნიშვნელოვან ადგილს მაინც ვნახულობ, თუმცა ისე მოხდა, რომ სვანეთის მისტიური სილამაზე ამ დრომდე ნანახი არ მქონდა.
მოდით, ყველაფერს თავიდან მოგიყვებით…
არაჩვეულებრივი მეგობარი მყავს, სვანი, რომელმაც ერთხელ თავისთან, მთებში მიმიწვია. ისეთი მაცდური წინადადებაა, ალბათ, ყველანი, განსაკუთრებით კი, ლაშქრობის მოყვარულები, სიამოვნებით დათანხმდებოდით, მეც დავთანხმდი.
რამდენიმე დღის შემდეგ სვანეთისკენ გავემგზავრე. გზა საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი აღმოჩნდა. გაოცებული ვიყავი ხედებით, რომელიც ტრანსპორტიდან იშლებოდა. მესტიაში საღამოს საათებში ჩავედით, პირველ დღეს ე.წ. მაღალი შენობების გარდა, ბევრი არაფერი შემინიშნავს, აი, მეორე დღეს კი, ლაშქრობაში წავედით.
მიყვარს წინააღმდეგობები, სირთულეები და მათი გადალახვა, განსაკუთრებით ლაშქრობის დროს, თუმცა ქორულდის ტბებისკენ მიმავალი გზა არასდროს დამავიწყდება, რადგან ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ იყო გზის დიდი მოცულობაც, ფლორაც და ფაუნაც. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ტბებისკენ მსვლელობისას ბრძოლა მომიწია სხვადასხვა შხამიან მცენარესთან და ქათამთანაც კი. მესტიიდან გასულიც კი არ ვიყავი, როდესაც სვანმა ძლიერმა ქათამმა სახე დამისისხლიანა, იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი მრისხანე ფრინველის ნახვა, რომ ძალიან დავიძაბე და თითქმის ნახევარი გზის დალაშქვრა წუწუნით მომიწია. მირთულდებოდა აღმართები, ციცაბო მთები, ადგილები, სადაც ისეთი ვიწრო გასასვლელები იყო, წვრილი ქვებიც კი ცვიოდა, ამ ყველაფერს ემატებოდა ფსიქოლოგიური წნეხი, გაუსაძლისი სიცხე, მწველი მზე და მილიონობით პატარა თუ დიდი მწერი, თუმცა სურვილი და დიდი მოტივაცია იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს ავსულიყავი მწვერვალზე, მენახა მრავალი ადამიანისგან, მოლაშქრისგან მოსმენილი ქორულდების ტბების სილამაზე, მათში არეკლილი დიადი მთები და ის ხედები, რომლებიც ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრიდან გადაიშლებოდა, ძალიან დიდი იყო და ყველაფერს წონიდა.
დაახლოებით 8 საათი დაგვჭირდა ფეხით გადაადგილება დანიშნულების ადგილამდე. და რა დამხვდა იქ? გამართლდა თუ არა ჩემი
მოლოდინები? ვნახე თუ არა ულამაზესი ტბები და ხედები?
შემიძლია, გულწრფელად ვთქვა, რომ ქორულდის ტბებამდე ტბები არ მინახავს, მის სილამაზესთან, სიდიადესთან, მის იდუმალებასთან ახლოსაც ვერ მოვა სხვა ტბები, რომლებიც აქამდე მომინახულებია, იქნება ეს ბატეთის, ტაბაწყურის, აბუდელაურის, თუ სიყვარულის ტბა.
ქორულდის ტბები თითქოს თავის სიღრმეში მალავენ დიად მთებს, რომლებიც ისე ამაყად და მამაცურად დგანან ირგვლივ, რომ როცა უყურებ შენი თავის გშურს იმ მომენტში, რადგან ყოველთვის იქ ყოფნას ვერ შეძლებ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადო და დაიმახსოვრო. ღრმად ჩაიბეჭდო შენს გონებაში, რადგან რაც შეიძლება დიდი ხნით გაგყვეს სვანეთიდან წამოსვლის შემდეგ.
დილიდან თუ ქორულდების ყურებას დაიწყებ, მზე მასში ამოვა, ღრუბლებიც მასში იფანტება, ჩიტებიც მასში ჭიკჭიკებენ, შუადღით ნელი სიო არხევს ტბებს, საღამოს კი თითქოს მზეც მასში იწვერება, რომელსაც მთვარე ცვლის და ვარსკვლავებიც თითქოს ტბებში გამოკიდულან. ქორულდის ტბები ცალკე სიცოცხლეა, ნამდვილი სიცოცხლე, რომელიც თავის თავში ყველაფერს იტევს, გათენებიდან დაღამებამდე, მისვლიდან წამოსვლამდე.
როდესაც ამ სიმაღლეზე ადიხარ, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, სიამაყის, ბედნიერების შეგრძნება გეუფლება. ამაყობ რისი ნახვა შეგიძლია შენს მშობლიურ ქვეყანაში და ბედნიერი ხარ, რათა ღმერთმა მოგცა აქ მოხვედრის შესაძლებლობა.
შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ის ასეულობით ადამიანი, დამთვარიელებელი თუ მოლაშქრე, ქართველი, ევროპელი თუ აზიელი, რომლებიც ჩემ ირგვლივ შეკრებილიყვნენ და ისეთი დახარბებული თვალებით ატრიალებდნენ თავებს ყოველ მხრივ, რომ კიდევ უფრო ბედნიერი ვხდებოდი.
– და მაინც, რა იყო ჩემთვის ეს ლაშქრობა?
– ლაშქრობა, რომელიც სამუდამოდ რჩება ადამიანის გონებაში, მთელი თავისი სიმძაფრით, ძალიან დადებითი შეგრძნებით და იმის იმედით, რომ იგი კვლავ განმეორდება.
მიყვარს ხეტიალი… ბუნებაში, მთაში, ტბებზე თუ ჩანჩქერებზე… მიყვარს ხეტიალი, სადაც შემიძლია, უბრალოდ დავტკბე სილამაზით და გადავიღო ბევრი ფოტო, რათა სხვა ადამიანებსაც აღვუძრა ამა თუ იმ ადგილის მონახულების სურვილი და მოტივაცია.
– ტურისტი ვარ თუ მოგზაური?!
– ტურისტიც ვარ და მოგზაურიც. მართალი გითხრათ, ამას კონკრეტული ადგილი განაპირობებს.