ბარსელონა ქართველი ტურისტებისთვის ყოველთვის პოპულარულ მარშრუტად იყო მიჩნეული. კატალონიის დედაქალაქიდან კი უამრავი დამატებითი 2-3 დღიანი ტურის შედგენაა შესაძლებელი. ყველაზე ეგზოტიკურად დროს კუნძულებზე მალიორკაზე ან იბიცაზე გაატარებთ, თუმცა საზღვაო ქალაქები და მეთევზეების სოფლები შეგიძლიათ ბარსელონადან ერთდღიანი ტურების ფარგლებშიც მოინახულოთ. ყველაზე უმტკივნეულოდ კოსტა ბრავას სანაპიროებს ესტუმრებით, სადაც საფრანგეთის საზღვრამდე სულ პატარ-პატარა ლამაზი სოფლებია ჩამწკრივებული. ადგილობრივი კატალონიელი სავარაუდოდ უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე პალელა დე პარაფრუგელის გირჩევთ, შედარებით ნაკლებგათვითცნობიერებული ლლორეტ დე მარში გაგაგზავნით, ოქროს შუალედის მიმდევარი კი ტოსა დელ მარში გიკრავთ თავს. თუმცა არც თუ ურიგო იდეაა უბრალოდ გემზე ან თვითმფრინავში მოთავსდეთ და ცოტა მოშორებით კუნძულ მალიორკას ესტუმროთ.
მალიორკაზე მოგზაურობისას აუცილებლად უნდა განსაზღვროთ დროის უმეტეს ნაწილს თეთრქვიშიან რომელიმე სანაპიროზე გაატარებთ თუ პატარა ქალაქ პალმაში დაბანაკდებით, სადაც ბევრს ივლით ლამაზსუვენირებიან ქუჩებში. მალიორკა საკმაოდ დიდი კუნძულია, შესაბამისად კარგად უნდა დაფიქრდეთ სად არჩევთ დასვენებას. ქვიშიანი სანაპიროები ხშირად ძალიან ლამაზი და ეგზოტიკურია, თუმცა პალმასგან ან აეროპორტიდან შესაძლოა საკმაოდ შორს აღმოჩნდეთ. ეგზოტიკური, ველური და სრულიად გამაოგნებელი პლაჟები სწორედ კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზეა განლაგებული. სანაპიროს ხშირი, მწვანე ტყის ზოლი მიუყვება, ანუ სამოთხეში უკვე დაუმსახურებლად აღმოჩნდით. ამ ადგილების მონახულება ერთდღიანი ტურებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც პალმადან იწყება და ხშირად მთელი კუნძულის გარშემო შემოვლას გულისხმობს. თუ კუნძული მალიორკა მხოლოდ ტყით და ზღვით დაფარული და ველური წარმოგედგინათ, აშკარად შეცდით, რადგან ქალაქ პალმაში კორპუსებსა და საგზაო გადატვირთულ მოძრაობასაც კი გადაეყრებით. პალმასთან ახლოს ლამაზი პლაჟები თითქმის არ არსებობს, აქ საღამოს კაფეში გარუჯული უნდა იჯდეთ და ეგზოტიკურ კერძს ამაყად მიირთმევდეთ, ან შეგიძლიათ ქუჩებში და ლამაზ მოედნებზე ისეირნოთ, ადგილობრივ ბაზარშიც შეიაროთ და გასაყიდი ზღვის პროდუქტების ეგზოტიკურობის ხილვით დატკბეთ. ზღვის პროდუქტების გასინჯვა აქვე კაფეებშია შესაძლებელი, ფასები საკმაოდ მაღალი მოგეჩვენებათ, მაგრამ გირჩევთ ევროს ლარში გადაყვანას დროებით შეეშვათ და აქაურობით ისიამოვნოთ. ქალაქის ცენტრში ლამაზი მაღაზიები ერთმანეთს ეჯიბრებიან გემოვნებაში, განსაკუთრებული სილამაზისაა ადგილობრივი ტყავის ფეხსაცმელები, რომლითაც მთელი კუნძულის ამერიკელ-ბრიტანელი ტურისტობა შეთანხმებულივით ერთ სტილში დააბიჯებს. თქვენც არ გაუძალიანდეთ ცდუნებას და ფერადი ფეხსაცმელი შეიძინეთ (შავს სამშობლოშიც იშოვით!)
პალმას ცენტრში მდებარე გაჩერებაზე თუ ზღვის ჩანთებიან ბევრ ხალხს შენიშნავთ, თქვენც იმავე ტრამვაიში მოთავსდით და სადაც ყველა ჩამოვა იმ სადგურზე ხალხს უკან აედევნეთ. ისინი, ვინც პალმაში აირჩია სასტუმრო, ზღვის სურვილს ულამაზეს თეთრქვიშიან სანაპიროებზე ტრამვაით მგზავრობით იკლავენ. აქვე საოჯახო ტიპის სასტუმროებია, თუ მაინცდამაინც სანაპიროზე გნებავთ გაჩერება. პლაჟზე საკმაოდ ბევრი ხალხია, თუმცა ყველა აქეთ იქეთ ხეების ქვეშ და ბორცვის ფერდობებზეა შემალული, ასე რომ კამკამა ცისფერ ზღვაში ცურვას არაჩვეულებრივად მოახერხებთ. ბევრი ტურისტი იტალიელია, ბევრიც ესპანელი შესაბამისად იდუმალი დასავლურ ან ჩრდილო ევროპული სიჩუმე აქ არსადაა დასადგურებული, შესაბამისად თქვენც საერთო მხიარულებას აჰყევით და ისიმოავნეთ!