ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და სფეროში დასაქმების მსურველთათვის ინტენსიური გადამზადების კურსებს იწყებს.
ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ქალაქებსა თუ დაბებში გაიმართება.
სასწავლო კურსები განთავსების, კვებისა და აგრო ტურისტული ობიექტების თანამშრომლებს, კულტურული ტურიზმის და ღვინის გიდებს, სამთო გამყოლებს, მუზეუმის თანამშრომლებს, სათავგადასავლო ტურიზმის ინსტრუქტორებსა და სამთო გამყოლებს ჩაუტარდებათ. წლის განმავლობაში 1500-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.
ტრენინგებთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სფეროს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით წლის ბოლომდე 1500-ზე მეტ ადამიანს გადაამზადებს, რომელიც დასაქმებულია ტურიზმის სექტორში, ან აქვს სურვილი ამ სექტორში მუშაობის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის შედეგად შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, ასევე ბევრ ადამიანს სრულიად უსასყიდლოდ მივცემთ საშუალებას შეიძინონ ახალი პროფესია ან გააუმჯობესონ მათი მომსახურების უნარ-ჩვევები. “-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, პროფესიული გადამზადების პროგრამის დაწყების ღონისძიებაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სასწავლო კურსი 20 -ზე მეტ თემატიკას მოიცავს: მომსახურების უნარ-ჩვევები და სერვის +; მარკეტინგი და გაყიდვები; უცხო ენა; აგრო ტურისტული ობიექტების მართვა; პრობლემური სიტუაციების მართვა; შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მართვა; ჰიგიენა და უსაფრთხოება; პირველადი სამედიცინო დახმარება; შშმპ პირთა მომსახურების უნარ-ჩვევები; კულტურული გიდების ტრენინგი; ღვინისა და კულინარიის გიდების ტრენინგი; სათავგადასავლო გამყოლების ტრენინგი და სხვა.
ტრენინგის გავლის შემდეგ თითოეულ მონაწილეს ადმინისტრაციის მხრიდან გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გადამზადების პროგრამაში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან. ასევე, ტრენინგების დაგეგმვის პროცესში ითვალისწინებს კერძო სექტორის კონკრეტულ მოთხოვნებს.
უახლოეს მომავალში იგეგმება ერთობლივი ტრენინგის პროგრამის განხორციელება ისეთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პლათფორმებთან თანამშრომლობით, როგორიცაა: booking.com, Expedia, Airbnb.