იცით, ჩემი ქვეყნის საზღვრებს არასდროს გავსცდენილვარ, არასოდეს შემიგვრძვნია ჩემს ტერფებქვეშ სხვისი მიწის ნიადაგი, არასოდეს ჩასულა ჩემს ფილტვებში სხვა ქვეყნის ჰაერის სიმსუბუქე, არასოდეს დამინახავს სხვა, ლურჯი ცის ფერთა კიაფი კამარაზე, არასოდეს დამინახავს მზე სხვა ჰორიზონტიდან, თუმცა ქვეცნობიერთან ერთად მრავალჯერ მიმოგზაურია სხვადასხვა განზომილებაში, მინახავს ლუვრი, კოლიზეუმი, პირამიდები და მრავალი შედევრი რომელიც ადამიანის ხელმა შექმნა, ასევე მინახავს ის რაც სულიერს არც კი დასიზმრებია.
იცით მინახავს ღმერთი, მისი ხელის სიმძიმე,მრავლისმეტყველი თვალები, კეთილი გონი და გული. მინახავს სამყაროს მეტამორფოზა, შეცვლილი სივრცე, დანაოჭებული დედამიწის ზედაპირი, მხეცურად მოაზროვნე მოსიარულე გვამები, ბილწმეტყველი სხეული, უნიათო ხორცების ჟლეტვა და მრავალი სხვა შავი ნათებისთვის განწირული ისტორია, რომელიც მხოლოდ ჩემი გონების წიაღში წარმოიშვა და სამარადჟამო კლიტემ ჩაკეტა. მინახავს სიყვარულის წითელი ალი,გემოს სიტკბოებით რომ გამოარჩევ ყველა სხვა გემოსგან. ფიანდაზად რომ დაგეგება ფეხქვეშ და ეკლით მოსილ გზაზე შვებად რომ მოგეჩვენება. ერთგულების ბოქლომით დაკეტილი სკივრი, შავმბნარში აყვავებული ატმის რტოსავით რომ ესალბუნება შენი სულის ელვარებას. სხეულში გადახლართულ გრძნობებს რომ ვერ გამოარკვევ ვეარანაირი მინიშნებით. გუგები რომ გიფართოვდება და ტანში ბრილინტებივით გივლის ჟრუანტელი. დაინახავ და მშვიდდები, თითქოს ზეადამიანი ჩამოვიდაო ზეციური საუფლოდან. ხელის მომკიდე რომ არ გყავს ამ ნაცრისფერ სამყაროში და ის რომ მოგკიდებს ხელს და დაგანახებს ატმოსფეროს სიმსუბუქეს. სუნთქვა რომ გიადვილდება და არ ფიქრობ ხვალ რა მოხდება, რადგან იცი რომ ის დაგიცავს. ბარიკადად დაგიდგება და გეტყვის: ნუ გეშინია არ მიგატოვებ.
დიახ, სიყვარულიც მინახავს. ერთხელ ჩემი ტვინის ნაოჭის რომელიღაც უბნის დამსახურებით ოცნებამ პარიზში გადამისროლა. დავინახე გოგონა და ვაჟი, მათი ათრთოლებული გრძნობების ამოცანა გავშიფრე, სამყაროს დასალიერში გაჰყვებოდა ერთი მეორეს, მათი ბაგეებიდან წარმოთქმულმა სიყვარულით გაჟღენთლმა სიტყვებმა, ჩემი გულის კუნჭულში დაიდეს ბინა და მას შემდეგ ვცდილობ მარადიულად დარჩეს ის განცდა ჩემში რაც მაშინ შევიგრძენი, როცა მათ ვუყურებდი, როცა მათი მესმოდა, მათი სულის ნაწილი ვიყავი.
დიახ მე ვიმეოგზაურე, იქ სადღაც ცხრა მთასადა ცხრა ზღვას იქით, მაგრამ მე ვიგრძენი ჩემი ცნობიერით სამყაროს სიმშვენიერის არსი. დავინახე და შევიცანი. ჩემს სულზე დაჩნეული შავი წერტილები გავათეთრე ამ დროის მცირე შუალედში ჩემი წარმოსახვით, სამოგზაურო მარშრუტში და გავანათე ბნელი ფიქრებისთვის განწირული ჩემი ცნობიერის მოზაიკა. ვიცი და მჯერა რომ ადრე თუ გვიან ჩემი წელთაღრიცხვაც დაიწყება, დავინახავ ქალაქების სიმშვენიერეს არა უსულო ქაღალდის ჩარჩოებიდან არამედ ჩემი თვალებით, ღრმად ამოვისუნთქებ და ვიტყვი ჩემი შინაგანი ეგოს გამოძახილს: ცხოვრება მშვენიერია!