საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ კომპანებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ. (http://www.gwa.ge/?17/623/&lan=ge).
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა. მინისტრის განცხადებით, საფერავის საერთაშორისო კონკურსის მიზანი საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისი. საფერავი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ მეღვინეობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფერავი გახდება ლიდერი ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამ ჯიშის და მისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაცია არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაშიც საფერავის საერთაშორისო კონკურსი დიდ წვლილს შეიტანს“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კონკურსის ფარგლებში მინისტრმა დამსახურებული მეღვინეებიც დააჯილდოვა. წელს ეს წოდება მერაბ მიქაშავიძემ, თეიმურაზ გონჯილაშვილმა, დავით მაისურაძემ, გიორგი დაქიშვილმა და დავით მაღრაძემ მიიღეს.