საშობაო სეზონი ლაპლანდიაში (ფინეთი) ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა პანდემიისა და ვიზიტორების რაოდენობის უპრეცედენტო შემცირების გამო შესაძლოა სანტას დამხმარეები სამსახურის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.
სანტა კლაუსის სოფელი ლაპლანდიის რეგიონის დედაქალაქიდან – როვანიემიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული და მას ყოველწლიურად დაახლოებით 500,000 ადამიანი სტუმრობს.
“გასულ წლებში უცხოელი მოგზაურების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა დღესდღეობით, ფაქტია, რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზული შეზღუდვების წინაშე ვდგავართ, რაც გავლენას ახდენს, რა თქმაუნდა, უცხოელი მოგზაურების რაოდენობაზე, ვფიქრობ, წლევანდელი წელი ნამდვილად განსხვავებული იქნება” – განაცხადა როვანიემის ვიზიტების მმართველმა დირექტორმა.
როვანიემისთვის შობა განსაკუთრებული პერიოდისა. წელიწადის ამ დროს იქ უამრავი ადამიანი იკრიბება შობის აღსანიშნავად და რაც მთავარია – სანტასთან შესახვედრად. თუმცა, პანდემიის გამო წელს ბევრი რამ შეიცვალა, როვანიემმა შემოიღო უსაფრთხოების სხვადასხვა ზომები პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ესენია: სახის ნიღბები, ხელის სადეზინფექციო ხსნარები და სოციალური დისტანცირება, ასევე განისაზღვრა სტუმრების გარკვეული რაოდენობა თითოეულ საშობაო ატრაქციაზე, მაგრამ, ადგილობრივები თვლიან, რომ გლობალური შეზღუდვების გამო, გადატვირთულობის შანსი ისედაც საკმაოდ მცირეა. ჩვეულებრივ, შობის სეზონზე, ქალაქს ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 50-60 ათასი ვიზიტორი სტუმრობს, მაგრამ, ფაქტია, რომ წელს ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რაც, რა თქმაუნდა უარყოფით გავლენას მოახდენს როვანიემის ეკონომიკაზე. ქალაქში ფიქრობენ, რომ წელს წინა წლების ტურისტების რაოდენობის მხოლოდ 10% ან 15% ესტუმრებათ, რაც თავისთავად გამოიწვევს შემოსავლების უპრეცედენტო კლებას, წინასწარი პროგნოზით მოსალოდნელია 200 მილიონი ევროს დაკარგვა, ყველაფერი ეს კი თავისთავად გამოიწვევს სამუშაო ადგილების მასობრივ შემცირებას.
როვანიემისთვის მთავარ ბაზარს წარმოადგენენ ბრიტანელები, ასევე მოგზაურები საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან. გარდა ამისა, აღსანიშნავია ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია და აშშ, თუმცა ამ რეგიონების წარმომადგენლებს წელს გაუჭირდებათ როვანიემში ჩასვლა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შიდა ტურიზმი დაეხმარება რეგიონს მოსალოდნელი დანაკარგების ანაზღაურებაში. ასევე, არსებობს იმედი, რომ სამოგზაურო შეზღუდვები უახლოეს კვირებში გამარტივდება, რაც ვიზიტორებს გაუადვილების საზღვრების გადალახვას, თუმცა, შანსი იმისა, რომ მოგზაურები გარისკავენ რთლი ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს მოგზაურობას ოჯახებით საკმაოდ მცირეა.
ბავშვებისთვის, ალბათ, ყველაზე დიდი საფიქრალი სწორედ სანტასა და მის საჩუქრებს შეეხებათ, რომელიც შესაძლოა პანდემიამ დააყოვნოს, თუმცა სანტა დადებით განცხადებას ავრცელებს ამის თაობაზე – “ჩვენ, ლაპლანდიაში, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად ვემზადებით შობისთვის, ჩვენ ყველანი ჯანმრთელები ვართ და ველოდებით ჩვენს დიდ მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო”.
წყარო: Euronews
ავტორი: სოფო უშხვანი