ცაში დაკიდული ბედნიერება

ჩემი  საბერძნეთში მოგზაურობის ისტორია 14 წლის წინ დაიწყო. იმ დღეს და იმ წამს, როცა ჩემს საყვარელ ადამიანს, ჩემს გამზრდელს, ბებიკოს დავემშვიდობე და მწარე ცრემლებიც გადმომცვივდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი დაახლოებით   ასე 11-12 წლის და შესაბამისად ძალიან მტკინვეულადაც განვიცადე სახლში მოსულს მისი გაფრცქვნილი მზესუმზირა, რომ არ დამხვდა. განვიცადე ღამე, როცა მასთან ერთად ვეღარ დავიძინე და ვერც მისმა ხმამ გამაღვიძა : “ადექი , მარიამ, სკოლაში გაგვიანდებაო”. ჩემი ბებია საბერძნეთში გაფრინდა ოჯახი უკიდურესი გაჭირვებისგან რომ ეხსნა.  მახსოვს მისი პირველი სატელეფონო ზარი. მისი შეშინებული ხმა და ჩემი ტკივილი,რომელიც  მაშინ ჩემს პატარა გულში დაიწყო და გასაქანს არ მაძლევდა რომ ხმამაღალი სლუკუნისგან თავი შემეკავებინა. მაქსიმალურად ვცდილობდი, ბებიკოსთან ლაპარაკის დროს ცრემლები შემეკავებინა და მისთვის ჩემი ტკივილი არ დამენახებინა (ვიცოდი ეს მას ძალიან დაამძიმებდა).  გადიოდა დღეები, თვეები  და წლები. უფრო  და უფრო მინდებოდა ჩემი ბებიის ნახვა, მისი ჩახუტებისა და სითბოს გრძნობა. დავიწყე ოცნება საბერძნეთში მოგზაურობაზე. რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს ვიყიდე ყულაბა და ვცდილობდი სამოგზაუროდ ფულის შეგროვებას. ვცდილობდი რამდენჯერმე იმიტომ , რომ ხშირად ფული შემომეხარჯებოდა  ლამაზი თოჯინებისა თუ საჩუქრების ყიდვისას. და , აი , დადგა დღე როცა ჩემმა ბებიამ დამირეკა და მკითხა : “მარიამ , გცალია სექტემბერის დასაწყისში? გადავწყვიტე, რომ სამოგზაუროდ აქ ჩამოგიყვანო”. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მეგონა ვიყვირებდი , ვიხტუნავებდი, ვიცეკვებდი სიხარულისგან … მაგრამ ასე არ მოხდა. უცებ გონება დამიბუჟდა, ყელში ის საძაგელი ბურთი გამეჭედა, რომელიც ბებიასთან ტელეფონზე საუბრის დროს თავს არ მანებებდა და კვლავ დაიწყო ცრემლებთან ჭიდილი.

სექტემბრის დასაწყისიც მოვიდა და ჩემოდნით ხელში აეროპორტისკენ გავიქეცი. აღვნიშნავ, რომ ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო. პირველი ჩაჯდომა თვითმფრინავში, რომლის დანახვაზეც სიხარულისგან გული ამიჩქარდა. ფრენისას უამრავ რამეზე ვფიქრობდი , იმ ბედნიერებაზე რასაც ჩემი გული ახლა იტევდა, მგზავრებზე , რომლებიც ჩემი ბედნიერების მომსწრენი შეიძლება გამხდარიყვნენ მაშინ,როცა ჩემს საყვარელ ბებიას ჩავეხუტებოდი. ვიცოდი , რომ მაშინაც შემახსენებდა თავს საძაგელი ბურთი ყელში და ყველას თვალწინ მომიწევდა ცრემლების ყრა. თუმცა ამისი აღარ მეშინოდა, აღარ მრცხვენოდა, ვიცოდი რომ ეს სიხარულის ცრემლები იქნებოდა.. ბედნიერების , რომელიც შეუძლებელია დამალო.

ჩემი მოგზაურობა 14 წლის წინ დაიწყო, როგორც უკვე აღვნიშნე, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებებში. და აი ამდენი წლის შემდეგ ჩემს ოცნებებს ხორცი შეესხა, როგორც იტყვიან ხოლმე და მე ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი , როცა ჩემი ბებიის თბილ, სევდიან და ამავედროს ბედნიერ თვალებს ჩავცქეროდი.

ალბათ, რამდენ ასეთ სიხარულს იტევს თვითმრინავი , რომელსაც მგზავრები გადაყავს და გადმოყავს, აძლევთ მათ სიხარულისა და ურთიერთობის საშუალებას. და რატომაც არ შეიძლება  ვუწოდო მე მას – ცაში დაკიდული ბედნიერება.

საბერძნეთში მოგზაურობისას ყველაზე მეტად დამამახსოვრდა სტუმრობა მეტეორაზე, რომელიც ბერძნულად  ნიშნავს ცასა და მიწას შორის ჩამოკიდებულ მონასტერს. საოცარი იყო ამ ყველაფრის ნახვა , ხილვა ამქვეყნიური სასწაულის, რომლის მოზიარეც მისი დანახვისთანავე შენთვითონ ხდები და გული დიდებული ნეტარებით გევსება. თითქოს მისი დანახვის შემდეგ ხვდები , რომ სწორედ ამ ყველაფრის ნახვისთვის ცხოვრობდი და ახლა უკვე ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ ეს შეიგრძენი. ვნახულობდი ბერებს , რომლებიც ამ მონასტრებში ცხოვრობდნენ , მონასტრებში, რომლებიც დაკიდული იყო ცასა და მიწას შორის. ადგილზე, რომელიც მათ აკავშირებდა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანთან და საყვარელთან-უფალთან.  ეს ტაძრები  იყო სწორედ მათთვის – ცაში დაკიდული ბედნიერება.

Tags: