“ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

  • Home
  • კულტურა
  • “ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 02.11.2020 წლის №02/73 ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა “ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას”.

საქართველოში და მათ შორის აჭარაში ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელსაქმეს. აჭარაში ნაქარგობა შეადგენდა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია სიუჟეტური მრავალფეროვნება და ორნამენტი. ძირითადად, დამახასიათებელი იყო ცხოველური, მცენარეული და ანთროპომორფული სახეები. ასევე გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. აჭარულ ნაქარგობას ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან მჭიდრო პარალელები ეძებნება. ასეთებია: ჯვარი, რომბი, ვარსკვლავი, მასში ჩაქარგული ჯვარი, ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, ირმები, მიხაკები, მზის სიმბოლოები,  და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები.

 

წყარო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

Tags: