“თუ სვანეთში არ ყოფილხარ საქართველო არ გინახავს!”

  • Home
  • ბლოგები
  • “თუ სვანეთში არ ყოფილხარ საქართველო არ გინახავს!”

სვანეთი ან სვანები – პირველი რაც ამ სიტყვების გაგონებისას გვახსენდება ( ყოველთვის თუ არა უმრავლეს შემთხვევაში) ეს არის კურიოზული სიტუაციები ან მათზე შექმნილი ანეგდოტები, რომელიც გონებაში უმალ გაგვივლის და ღიმილს მოგგვრის. კარგია თუ ცუდი ამის გადაწყვეტა თქვენთვის მომინდია მაგრამ ალბათ ისიც ხშირად გითქვამთ თქვენი მეგობრისთვის ან უბრალოდ ნაცნობისთვის „რა სვანივით იქცევი“ო. აქვე ვაღიარებ რომ ერთ- ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ ვისაც ეს ფრაზა არაერთხელ გამოუყენებია. მიუხედავად იმისა რომ სვანებზე მხოლოდ გადმოცემით მქონდა ამბები მოსმენილი და არ ვიცნობდი არავის 2017 წლის ზაფხულამდე.

მოკლედ რომ ვთქვა, გამიმართლა და გავიცანი უზომოდ პოზიტიური გოგონა რომელმაც ჩემი წარმოდგენები ბრაზიან „გაუგებარ“ სვანებზე სრულიად თავდაყირა დააყენა და დღეს უკვე ერთი წელიც არაა გასული რაც თამამად შემიძლია ვთქვა რომ სვანეთში ყველაზე თბილი და მხიარული ხალხი ცხოვრობს.

დაახლოებით ერთი თვის წინ მომეცა შესაძლებლობა თავის კუთხეზე და თავის ხალხზე შეყვარებულ ჩემს მეგობარს ( ზემოთ ხსებებულ სვან გოგონას) გავყოლოდი სვანეთში და მენახა ის სილამაზე რაც იქ დამხვდა.

რადგან კურიოზული სიტუაციები ვახსენე ურიგო არ იქნება აქვე ვთქვა რომ არც ჩვენს მგზავრობას (თბილისიდან- სვანნეთამდე) ჩაუვლია მხიარული ამბების გარეშე. ეს ის შემთხვევა იყო როდესაც ცხოვრებაში პირველად სიმღერებს კი არ ვუსმინეთ არამედ ვუყურეთ. დიახ დიახ! შეცდომით არც თქვენ წეგიკითხავთ და არც მე დამიწერია რამე არასწორად. მძღოლმა სხვა გზა არ დაგვიტოვა და ადრე თუ გვიან დავიღალეთ ყველა სიმღერაზე მისთვის „თუ შეიძლება ხმა აუწიეთ“ ძახილით, დავნებდით, და ფანჯრიდან ცქერა დავიწყეთ… ალბათ ასე უკეთესიც იყო…

იცით? სვანეთისკენ მიმავალ გზაზე (მითუმეტეს თუ პირველად მიდიხარ და ბუნება ისევე უზომოდ გიყვარს როგორც მე)  ხვდები რა საოცრება იმალება ქალაქის მრავალსართულიანი შენობების, გადატვირთული ქუჩების და მეტროს სადგურების მიღმა… ნელნელა აცნობიერებ, რომ სადღაც შორს მთებში შეგიძლია იცხოვრო მშვიდად და აუჩქარებლად.

თოვლისგან გადათეთრებული მთები, კოშკები, ხეეები და გზები გაფიქრებინებს რომ სხვა პლანეტაზე ან საერთოდაც სხვა განზომილებაში მოხვდი. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ სვანი ხალხის სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერას, მიხვდებით რომ იქ ხართ სადაც უნდა იყოთ!

თუ თქვენც ჩემსავით გაგიმართლათ და ნათესავი თუ არა სვანი მეგობარი მაინც გყავთ, ნუ ინერვიულებთ მათ ოჯახში პირველად სტუმრობისას ვინადიდან თუ მათთან მიდიხართ ესეიგი დარწმუნებულები არიან რომ გვერდით ყოფნას იმსახურებ. ამიტომ შენ უკვე მათი ოჯახის წევრი ხარ!

და ბოლოს,  იმის გამო რომ არ მინდოდა სოციალურ ქსელშ ყოფნისთის ბევრი დრო დამეთმო მიწევდა ყველასთვის ვინც მწერდა და ჩემი მოგზაურობის ამბებს კითხულობდა შეძლებისდაგვარად მოკლედ გამომეხატა ჩემი შთაბეჭდილებები. ამისთვის შესანიშნავი სიტყვათა კომბინაცია ავირჩიე, რომელსაც თქვენც გაგანდობთ : „სვანეთი ნამდვილი სამოთხეა!“ თუ ჯერ არ გინახავთ წინ დაუვიწყარი სიამოვნება გელით…