თოვლით დაფარული ჯავახეთი და ჩემი გაყინული ემოციები

  • Home
  • ბლოგები
  • თოვლით დაფარული ჯავახეთი და ჩემი გაყინული ემოციები

წელიწადის ყველა დრო შეუდარებლად ლამაზია სამცხე-ჯავახეთში.

ზამთრის ძილისგან ახლადგამოღვიძებული, ხავსით და ნისლით დაფარული გაზაფხული, ზაფხული ფერადოვანი, ყვავილებით აჭრელებული და მორთული, შემოდგომა მისტიური პეიზაჟებით, ზამთარი გაყინული, თეთრი და უკაცრიელი. მოკლედ, აქ ყველა სეზონი ნანახი მაქვს და გულახდილად რომ ვთქვა, ძალიან მიჭირს გამოვარჩიო რომელიმე. ეს სწორედ ის შემთხვევაა – “რა დროსაც არ უნდა ესტუმრო, უკმაყოფილო რომ არასოდეს დარჩები”.

ეს ის ადგილია, სადაც ხელოვნური არაფერია, საკმაოდ სტუმართმოყვარე ხალხი, ძალიან უბრალო და ეგზოტიკური სახლები და ხელშეუხებელი გარემო, ყოველივე ეს ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და საბოლოოდ შესანიშნავ ტრიოს ქმნის.

ერთი ნახვით შეყვარება რომ არსებობდა, ამაში 2 წლის წინ დავრწმუნდი, მაშინ როდესაც პირველად ვიყავი ღრუბლებთან ასე ახლოს, მაშინ როდესაც აღმოვაჩინე, რომ ფილმებში ნანახი მისტიური გარემო, მხოლოდ ფილმებში არ ყოფილა და დიახ, სწორედ მაშინ, როდესაც პირველად შევხვდი ფარავანს. ფაქტობრივად, “პირველი შთაბეჭდილების” მსხვერპლი გავხდი. თუმცა ეს კიდევ სხვა ისტორიაა, რომლის შესახებაც შემდეგ ბლოგებში მოვყვები. ამჯერად კი, მინდა “თოვლით დაფარულ ჯავახეთსა და ჩემს გაყინულ ემოციებში” გამოგზაუროთ.

ზღვის დონიდან თითქმის 2100 მეტრზე მდებარე ფარავნის ტბა, რომელიც ზამთარში შეუმჩნეველია, სამცხე ჯავახეთში მდებარეობს და იგი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. ფარავანი საქართველოს უდიდესი ტბაა (ზედაპირის ფართობით) და საკმაოდ შთამბეჭდავი პეიზაჟებითაც გამოირჩევა ყველა სეზონზე.

ზამთარში ტბა იყინება და ყინულის სისქე 1 მეტრამდე აღწევს. ასე რომ ყინულზე სრიალის მოყვარულებო, ფარავანი ზამთარში გელით.

ფარავნიდან არც თუ ისე შორს, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილი – “საღამოს ტბა”. ეს ის ადგილია, რომელიც აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაში უნდა მოინიშნო. აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი მზის ჩასვლა. ალბათ თავადაც მიხვდით, სახელიდან გამომდინარე, საღამო ამ ადგილზე განსაკუთრებით ლამაზია. ადგილობრივების თქმით, სახელი საღამო, სწორედ მზის ჩასვლისას, საღამოს ულამაზესი პეიზაჟებიდან გამომდინარე დაერქვა. ტბასთან ახლოს კი გაშენებულია პატარა სოფელი, რომელსაც რა გასაკვირია და ასევე საღამო ჰქვია.

ცხოველებსა და ფრინველებზე მონადირე ფოტოგრაფებისთვის ეს ადგილები სამოთხეა. აქ არხეინად დასეირნობენ მელიები. ამ ადგილებს ზამთარში, როგორც ადგილობრივები ყვებიან, მგლები და ტურებიც სტუმრობენ. ზაფხულში მადადაფის ტბაზე, ფლამინგოების ნახვასაც შეძლებთ, ფარავანის ტბასთან ყორღანების ველზე რომ არაფერი ვთქვათ.

“თეთრი თრითინა, რომ თეთრ თოვლზე თრთოდა”, დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ და სწორედ აქ ვნახე პირველად თეთრი თრითინა თეთრ თოვლზე მთრთოლავი.

 

საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის:

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ მხარეში ყველა სეზონი ლამაზია, თუმცა ყველა თავისებურად.

თუ გსურთ იხილოთ გაყინული ფარავანი, გადათეთრებული ჯავახეთის პეიზაჟებით, მაშინ დეკემრიდან მარტის თვის ჩათვლით შეგიძლიათ ესტუმროთ.

გაზაფხულის, ყვავილების და ფერადოვანი მდელოების მოყვარულთათვის კი იდეალური სეზონი მაისიდან ივნისის ჩათვლით არის.

 

სასარგებლო რჩევები:

  • ზამთარში სტუმრობისას წინასწარ გაარკვიეთ თუ რა მდგომარეობაა გზაზე. ხშირად დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე გზა იკეტება.
  • თუ გარისკეთ და ჩვენსავით დიდ თოვლში ჩარჩით, არ ინერვიულოთ, ადგილიბრივი პოლიცია საკმაოდ ოპერატიული და ყურადღებიანია.
  • თუ გსურთ ახლოდან გაიცნოთ ამ მხარის კულტურა და მოისმინოთ საინტერესო ისტორიები, აუცილებლად გაესაუბრეთ ადგილობრივებს. ისინი საკმაოდ სტუმართმოყვარე ხალხია და დიდია ალბათობა სახლში შეგიპატიჟონ, ასევე შეიძლება დარჩენაც კი შემოგთავაზონ (როგორც ჩვენს შემთხვევაში არაერთხელ მომხდარა).
  • აუცილებლად დააგემოვნეთ აქაური თევზი
  • აუცილებლად იკითხეთ და შეიძინეთ ადგილობრივების მიერ დამზადებული ყველი. მერწმუნეთ, უგემრიელესია.

დამატებითი ინფორმაცია: 

ფარავნის ტბის ირგვლივ მდებარეობს ულამაზესი და საკმაოდ საინტერესო სოფელი ფოკა.

  • ფოკაში მდებარეობს  XI საუკუნის წმინდა ნინოს ეკლესია. ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო სწორედ ამ ადგილზე შეჩერდა.
  • 1979 წელს ფოკაში აღმოჩენილია XIV საუკუნის ილხანების ვერცხლის მონეტების განძი. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 1310 წლით.
  •  1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე და ფარავნის ტბაში ტარდება ნათლობა.
Tags: