ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია, მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო.
კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით, ავარიული შენობა დაიშალა, რომლის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, ხოლო დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. ასევე, მთლიანად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი: წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემა. მოხდა არსებული ხის დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, რაც ახალი ნაკეთობებით ჩანაცვლდა. მოეწყო ახალი კარ-ფანჯარა და ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
„სამუშაოები დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, გვერდით მდებარე სახლის მშენებლობაც ხდება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, რეაბილიტირებულ სახლში 14 ოჯახი იცხოვრებს“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
ზემო კალაუბანში მდებარე ყავლაშვილის ქუჩა N9-ის ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 612,574.07 ლარი დაიხარჯა.
წყარო: Tbilisi City Hall