თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გამართა

  • Home
  • მთავარი
  • თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გამართა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე, “თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების” პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიამ საჯარო შეხვედრა გამართა დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს. მოქალაქეებს თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სრული ინფორმაციის მიღების, მართვის პროცესში ეფექტიანად ჩართვის და პირადი პოზიციის დაფიქსირებისა საშუალება ჰქონდათ.

შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ევრო საბჭოს წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ზარქუა და ოთარ გრიგოლია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

“დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ ვისაუბროთ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე, რომლის შექმნაზეც ვმუშაობთ. ჯამში, 3 საჯარო შეხვედრა გაიმართება. ეს არის რიგით პირველი შეხვედრა, კონტრაქტორმა კომპანიამ შეიმუშავა უკვე ზოგადი კონცეპტუალური დიზაინი და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ დღეს. ასევე, მოვისმინეთ სამოქალაქო სექტორისა და  მოქალაქების მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებსაც გავითვალისწინებთ შემდგომ, პროცესში. კიდევ ორჯერ გაიმართება მსგავსი შეხვედრა და შედეგად, პარკში რეალურად აისახება საზოგადოების ხედვა მწვანე სივრცეების მიმართულებით”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.

აღნიშნული პროექტის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება.

 

წყარო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

Tags: