“თბილისის ბაროკო ფესტივალი” დისტანციურ ფორმატში ჩატარდა

  • Home
  • კულტურა
  • “თბილისის ბაროკო ფესტივალი” დისტანციურ ფორმატში ჩატარდა

20­25 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მეექვსე “თბილისის ბაროკო ფესტივალი” დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართა და მას მაყურებელი არ დასწრებია. მსურველებს დაგეგმილი კონცერტების მოსმენა “თბილისის ბაროკო ფესტივალის” ოფიციალურ Facebook გვერდზე და ტელეარხზე “სილქ უნივერსალი” შეეძლოთ.

20 ნოემბერს ფესტივალი, “საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად, ქართველი პუბლიკისთვის უკვე კარგად ცნობილმა, მსოფლიოში აღიარებულმა მუსიკოსმა, ფაგოტისტმა სერჯო აცოლინიმ გახსნა. შესრულდა ალბინონის, ვივალდის, ჯემინიანისა და კატანეოს ნაწარმოებები.

ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილი იყო ონლაინ ლექციები, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა პროფესორების ნოდარ ლადარიასა და დავით გიგინეიშვილის, ასევე, მხატვარ გია ბუღაძის საინტერესო საუბრები ბაროკოს ეპოქაში სხვადასხვა მიმდინარე პროცესის შესახებ.

22 ნოემბერს გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტმა” წარმოადგინა მარიამ ალექსიძის ონლაინ შემეცნებით ვიდეო-წარმოდგენა – “გიორგი ალექსიძის ნეობაროკო”, სადაც მოთხრობილია გიორგი ალექსიძისეული ცეკვის სტილი, ხოლო დასმა წარმოადგინა გიორგი ალექსიძის მიერ ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორების მუსიკაზე დადგმული კომპოზიციები.

ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდა. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა მსმენელს შესთავაზა კონცერტი სახელწოდებით “იტალიური კონცერტები”, სადაც სოლისტების რანგში ორკესტრის მუსიკოსები თავად წარდგნენ მსმენელის წინაშე და ვივალდის, კორელის, მარჩელოსა და ჰენდელის ნაწარმოებები შეასრულეს.

“თბილისის ბაროკო ფესტივალის” მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში. ფესტივალის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი.

 

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Tags: