თბილისი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქების რიცხვში შედის. უძველესი შენობების, ინდრუსტრიალიზაციის ელემენტებისა და თანამედროვე ნაგებობების შერწყმა საინტერესო კონტრასტს ქმნის.
Tripadvisor გვთავაზობს ყველაზე პოპულარულ ადგილებს, რომლებსაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ თბილისში მოგზაურობისას.
ძველი თბილისი
ქალაქის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა. ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია.
საჰაერო ტრამვაი
თბილისის ახალი საბაგირო 2012 წელს გაიხსნა, რომელიც ერთმანეთს ნარიყალასა და განახლებულ რიყის პარკს უკავშირებს. ქალაქის ლამაზ ხედებთან ერთად საბაგირო ტურისტებს კომფორტულ, სწრაფ მგზავრობას სთავაზობს.
სამების საკათედრო ტაძარი
აშენდა 1994-2005 წლებში. სამება მთავარ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტაძრად ითვლება საქართველოში. ტაძრის აშენების იდეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად გაჩნდა.
ფუნიკულიორი
„ფუნიკულიორის“ სამსართულიანი შენობა 1936-38 წლებში აშენდა. ის თბილისის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ ადგილად ითვლება. მისი რეკონსტრუქცია 2007 წლიდან „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ძალისხმევით განხორციელდა. პროექტით გათვალისწინებული ფასადი უცვლელად შენარჩუნდა.
მშვიდობის ხიდი
ხიდი 2009-2010 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორია იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუკი. განათების დიზაინერი კი ფრანგი ფილიპ მარტინო. მშვიდობის ხიდი მსოფლიოს 25 ყველაზე ლამაზს ხიდს შორის დასახელდა.
ნარიყალის ციხე
მე-4 საუკუნის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.
ბოტანიკური ბაღი
ყოფილი სამეფო ბაღი, ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.
რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი
გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. ის 1981 წელს რეზო გაბრიაძემ ააშენა და სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი. თეატრის არქიტექტურული ანსამბლის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს ააშენა.
რუსთაველის გამზირი
მთავარი პროსპექტი თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტი შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო.