თბილისი – სიონი- დუშეთი; ანუ მე, ოლიმპიელი სპორტსმენები და მწვრთნელები

  • Home
  • ბლოგები
  • თბილისი – სიონი- დუშეთი; ანუ მე, ოლიმპიელი სპორტსმენები და მწვრთნელები

ოთხშაბათია..

ჩემი დასვენების დღე. . . დასვენების, პირობითად, თორმე ისე, საქმეები დღეს რომ მაქვს მოსასწრები, ისე – იშვიათად. მიმართლებს-თქო, ხშირად ვამბობ, ახლაც ასეა, ორი ოლიმპიელი სპორტსმენის ინტერვიუ უნდა მოვამზადო ერთი ძალიან კარგი ჟურნალისთვის.  რედაქტორს „შემთხვევით“ გადავეყარე, ჰოდა, თუ საინტერესო გამოვა – დავბეჭდავთო.  მეტი რა მინდოდა, წერას მონატრებულს –  კონტაქტები მოვიძიე და ორივე ინტერვიუ თხოვნა-მუდარით ერთ დღეს დავგეგმე – ოთხშაბათს, ჩემი დასვენების დღეს და სხვა გზა არ მაქვს, ზაზასთან (ზაზა ნადირაძე, ნიჩბოსანი) სიონში და ლაშასთან(ლაშა ტალახაძე, ძალოსანი) დუშეთში ასვლა, გაცნობა, საუბარი, კითხვა-პასუხი, ფოტოების გადაღება და მოკლედ, ყველაფერი ამ რამდენიმე საათში უნდა მოვასწრო.

თავს ზემოთ თუ ძალა არ არის, ეს ნიშნავს, რომ ყველა ძალა საკუთარ თავშია, მისაგნები და აღმოსაჩენი – კარგახანია ასე მაქვს გააზრებული ამ საკმაოდ ცნობილი გამოთქმის შინაარსი და შესაბამისად, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჟურნალისტური მოგზაურობა შედეგიანად დასრულდებოდა.

ჩემს მეგობართაგან უმეტესობა, რომელიც მანქანით გადაადგილდება  – დასაქმებულია, ეს  ნიშნავს იმას, ჩემი დასვენების დღე  თითქმის ყველა სხვა დანარჩენისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე გახლავთ და ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად და ნათლად ნიშნავს იმას, რომ სამარშრუტო ტაქსით მომიწევს მგზავრობა, ჯერ ზაზა ვინახულებ, სიონში, შემდეგ მსოფლიოში ყველა ძლიერ ადამიანთან გადავინაცვლებ დუშეთში,  ბოლოს კი, იქნებ სახლში დაბრუნებაც მოვახერხო.

კიდევ კარგი, სულ მარტო არ ვარ, აბა საუკეთესო მეგობარი რის საუკეთესო მეგობარია, ამგვარ ხათაბალაში გვერდით თუ არ დაგიდგა. ჰოდა . ..

დილაა..

სახლიდან გავდივართ,  კარს ვაღებ და მარიამს ველოდები .  .

ზედა სართულიდან ჩამომავალი ბიჭების ხმაური მესმის ..

მამჩნევენ . . ერთ-ერთი  ჩემკენ თავმობრუნებული ჩადის კიბეებზე და თან მებოდიშება პერანგზე გახსნილი ღილების  და „ასეთ ფორმაში“ ყოფნის გამო, უხერხულობს მსუბუქ სიშიშვლეს . .

მარიამიც გამოდის, კარს ვხურავთ .. გავდივართ სადარბაზოდან  . . ყმაწვილი კიდევ ერთხელ თავაზიანობს:

  • ბოდიში გოგოებო, წუხელ ძალიან ბევრი ექსტაზი დავლიე და ახლაც არ ვარ გონზე . .

მერე სათვალის მოხსნას მთხოვს, მზერას ვცვლით, ისევ მაკვირდება . . მეუბნება, რომ ლამაზი გოგო ვარ . .

მე კი ვუყურებ მის არეულ თვალებს და ვფიქრობ, რომ ზუსტად ახლა, ზუსტად მისი ხნის, ახალგაზრდა და სოცოცხლით სავსე ბიჭთან მივდივარ ინტერვიუზე. . ბიჭთან, რომელიც არაფრიდან ცდილობს რაღცების შექმნას და ახერხებს კიდეც, თანაც,  სამაგალითოდ . . ვფიქრობ, როგორ სხვადასხვანაირად ავითარებენ ადამიანები თავიანთ უნარებსა და შესაძლებლობებს და როგორ თავ-თავისებურად იქმნიან ცხოვრებას . .

ეს ფიქრი იქეთ იყოს და ამასობაში, დიდუბის ადვტოსადგურზეც მივედით. აღმოჩნდა, რომ სიონის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსი 11-ის ნაცვლად, შუადღის 3 საათზე გადის. ეს კი ის დროა, როცა მე სიონიდან დუშეთში წასვლა მაქვს დაგეგმილი.  თბილისი-სიონს შუაში კიდევ ორი გაუთვალისწინებელი გაჩერება დაემატა. ჯერ ჟინვალი, შემდეგ თიანეთი. ეს ყველაფერი  ჩემს გათვლებს რევს და თავდაყირა აყენებს, მაგრამ ზედმეტად არ ვფორიაქობ, დრო და დრო ლოდინის და შიმშილის შეგრძნების მიუხედავად, მაინც ხალისიანად ვმგზავრობთ, ადგილობრივების საუბარს ვუსმენთ, ვცნობისმოყვარეობთ.

სიონში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, სურვილს ვიფიქრებ და რესპონდენს ვეძებ . . .  ცოტა წვალების შემდეგ ერთმანეთს ვპოულობთ და შეხვედრის სიხარულიც ნავარაუდებზე ცოტა უფრო მეტია.

ზაზა აქ წვრთნას გადის, სახლის ტბასთან ახლოსაა, ეზოში ვსხდებით და ვსაუბრობთ. მიყვება ამბებს,ბავშვობიდან, როგორ დაიწუნა ძიუდო და ყველა სხვა სპორტი, როდის დაიჭირა პირველად ნიჩაბი, როდის – ყველაზე იღბლიანად და როდის ყველაზე უიღბლოდ. როგორ შრომობს, ინდომებს, რა რესურსებია ამ სფეროში და როგორია სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება.. ვუსმენ თანაგანცდით, მასთან ერთად ვბრაზობ ან მენანება, მწყინს და მიხარია. პირობას ვართმევ, რომ შემდეგ ოლიმპიადას მედლით დაასრულებს – ტიტულით, რომელსაც იმსახურებს.

საუბარი დაასრულისკენ მიგვყავს. ზაზას მწვრთნელი, ბატონი კახაბერი სუფრასთან გვეპატიჟება – დილიდან წამოსულებს, მოგშივდებოდათო. ვუარობთ, ვუხსნით, რომ კიდევ მეორე ინტერვიუ მაქვს მოსაწრები.  იქვე გავარკვიეთ, რომ სიონიდან დუშეთის მიმართულებით ტრანსპორტი მხოლოდ  შუადღემდე დადის. ახლა კი უკვე საღამოს 5 საათია. როგორც იტყვიან, დანა კბილს არ მიხსნის. ძალიან მინდა, ორივე ინტერვიუ სრულყოფილი და საინტერესო იყოს,.

ჭამეთ და თიანეთამდე ჩაგიყვანთო – გვირიგდება ბატონი კახა. ვემადლიერებით და  ვთანხმდებით.

გზაში მამა-შვილურად გვსაყვედურობს : ამხელა გზაზე , ასე არაფრის იმედად როგორ წამოხვედითო. ვუმხელ, რომ  პროცესზე ნაკლებად ვიფიქრე, რომ ჩემს წარმოდგენაში მხოლოდ შედეგს ვხედავდი – მზა მასალებს – ჟურნალში დასაბეჭდად. თან კიდევ ერთია: ხანდახან მგონია, სამყარო მანებივრებს და უსიამოვნო თავგადასავლებს მარიდებს. იღბლიანსაც ზუსტად ამიტომ ვეძახი საკუთარ თავს. არასდროს მაქვს ცუდის მოლოდინი და უარყოფითი ფიქრები ბარიერად.  ამის გამოა თუ არა, არვიცი, მაგრამ ჩემს ანგარიშზე მხოლოდ დადებითი გამოცდილებაა.

თიანეთამდე ჩასულებს გვეუბნებიან, რომ დუშეთისკენ ბოლო სამარშრუტო ტაქსი, დაახლოებით 40 წუთის წინ გავიდა. ბატონი კახა მანქანაში გვსვამს,  დარიგებებს აგრძელებს და უბრალოდ დუშეთში კი არ მივყავართ, ცდილობს, ინტერვიუზე არ დამაგვიანოს.  ვიცით, რომ ჩემპიონს კვების, ვარჯიშის და დასვენების მკაცრი განრიგი აქვს, შესაბამისად, ჩემთვის გამოყოფილი დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო.

ეს ის ბიჭია, დედამიწაზე ყველაზე ღონიერის ტიტული 23 წლის ასაკში რომ დაისაკუთრა, გულშემატკივარი მოგებას მიაჩვია და საკუთარ ტალანტსა და შეუდარებლობაზე მსოფლიო აალაპარაკა.

ამასობაში დუშეთამდეც მივედით. მწვრთნელები ერთმანეთს ხვდებიან, ხელს ართმევენ, მოკითხვებს ცვლიან, ამბებს კითხულობენ. ხმის ჩამწერს ვამზადებ და ბატონ კახას კიდევ ერთხელ ვემადლიერები.  უკვე ბინდდება და ბუნებაც, მგონი, საწვიმრად ემზადება. ამ დროს,  გიორგი ასანიძე (ლაშას მწვრთნელი)  გვიმხელს, რომ ცოტახანში თბილისშია დასაბრუნებელი და თუ საუბარი დიდხანს არ გაგვიგრძელდება – გაგვიყოლებს.

კახა იცინის, თავზე ხელს მისვამს და  მეუბნება, რომ ახლა უკეთ ხვდება, რატომ ვარ ასეთი უშიშარი და გაბედული.

ჰო, ზუსტად ასეა, ბატონო კახა.. არვიცი, რომელია მიზეზი და რომელი შედეგი, თუმცა ფაქტია, რომ მე კარგი განწყობით ვარ, ჩემ ირგვლივ კი კარგი ამბები და ადამიანები არიან.

ყველაფერი აჟურშია . .

სპორტსმენებთან ინტერვიუებიც სულ მალე დაიბეჭდება ყოველწლიურ, ძალიან მაგარ გამოცემაში.