ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაციას ასრულებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების – ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.
დასრულების ფაზაშია დანარჩენი ორი მიმართულების ელექტრო გამართვა, რის შემდეგაც დაიწყება ამ მიმართულებების ტესტირების პროცესიც.
პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ როგორც ჭიათურის მაცხოვრებლები ისე ქალაქის სტუმრები.
პროექტში ჩართულები არიან ფრანგული კომპანიების ,”ტექკაბელის” და ,”პომას” სპეციალისტები. ხოლო რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანია Pomagalski-მ.
ჭიათურის საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციის ბოლო ეტაპის სამუშაოს დასრულების შედეგად, სრულად აღდგება საბაგიროს ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი სამგზავრო მიმართულება, რომელთა საერთო სიგრძე 3428 მეტრია.
აღნიშნული სამუშაოები – ჭიათურის საბაგირო გზების რეაბილიტაცია ხორციელდება საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება.
საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.
წყარო: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთში