#ჭამე..#ილოცე..#იმოგზაურე!!!

ისტორია სწორედ იქ იწყება, სადაც დამთავრდა! თითოეული ადამიანი საკუთარ წიგნს (თავს) თავად წერს, თუმცა ბევრმა არც კი იცის ამის შესახებ. ზოგის ცხოვრება გასართობი ხასიათისაა, ზოგიც დრამაზე ორიენტირებული, უფრო ნაკლების კი ფილოსოფიურ–ფსიქოლოგიური. არ არსებობს ბედი, ბედი ეს ჩვენ ვართ, ხოლო ჩვენი საქციელით ნაკარნახევი მოქედებები შეადგენს იმ დიდ და რთულ ჭეშმარიტებას, რასაც ადამიანები ცხოვრებას ვეძახით. მოკლედ, მე იმდენად ვარსებობ, რამდენადაც გაცნობიერებული მაქვს სამყაროში ჩემი როლი. ყველაზე რთული ცხოვრებაში იმ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად წასვლაა, რომელიც ასე ამაწიოკებლად ჟღერს : რა მინდა მე?!

თუ იმ ტურში ვარ, სადაც ურჩხულთან ბრძოლის ნაცვლად საკუთარი თავი მიწვევს და ის აუცილებლად უნდა დავამარცხო, მე მას სატყუარაზე ვაგებ და სამოგზაუროდ ვუშვებ.. ჰოდა 2017 წელი ჭირვეულობის გარეშე გავაცილე და 2018 წელს კიდევ უფრო მაღლა ავიქნიე ხელები სიხარულისგან..ეს არ იყო პეტერბურგში, თუმცა პეტერბურგიც არ იყო ის, რაც მე იმ მომენტში მჭირდებოდა.. ჩემს წარმოდგენებში ქალაქები ფერების მიხედვით არის დაყოფილი, მაგალითად ბერლინი ყავისფერია, ჰამბურგი–მწვანე, ზიულტი–ზღვისფერი, კოპენჰაგენი–ყვითელი, ბაქო–ჭრელი, აი მიუნხენი სულ მეგონა რომ წითელი იყო და იყო კიდეც! (ნუ დისკოტეკაზე რომ წითელი  ლაზერის ფერი ჭარბობდა მაგიტომ არა, ღმერთმანი).

შეყვარებული ვარ იმ გრძნობაზე, რომლის სახელი მართალია ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფრენის წინ, გულის არეში, გამუდმებით მიშუშხუნებს შამპანურის შხეფებივით რაღაც. ანკესით ხელში ვზივარ და ველოდები როდის გამოვტყუებ სხეულს იმ სიტყვებს, რითაც შემიძლია გავცე თავი ჩემი და გრძნობა ჩემი.

არ მოვიტყუები, მიუნხენი კისრიდან დაწყებულ ფეხებიან ქალს ჰგავს, შეხედავ, თვალს უხარია, გული კიდევ ხანდახან თვალს ემონება..აყვები, დაყვები, ეს ამდენი ლამაზი ტაძრები (შიგნით რომ შედიხარ, აშკარად ფიქრობ რომ ღმერთი მდიდარია და ლოცვა გავიწყდება, თან ამ მოოქროვილი უზარმაზარი ორღანებიდან გამოსული ჯადოსნური ბგერები სხეულის ყველა უჯრედში გიჯდება და რაც არ უნდა კარგად გაიქაფო მაინც ვერ ჩამოიცილებ ამ „ჭუჭყს“), ნაირ–ნაირი მაღაზიები, მსოფლიოს სამზარეულოს სურნელების ნარევი, იტალიელები, ჩინელები, ქართველები, რუსები, აფრიკელები, ამერიკელები და ა.შ. ერთდროულად მოლაპარაკე ხალხის ეს ნარევი, გეგონება მუზეუმში ხარ და აი სწორედ იმ ნახატს უყურებ, ბაბილონის გოდოლს რომ აშენებდნენ და ღმერთმა მათ ენები აურია.  საქართველოდან დაბარებული ჩემი სულიც ახსენე (არადა ამდენი სულის ხსენება რეალურად მღვდელსაც არ უწევს), აქაფებული ლუდის გემო ენაზე, „შენარგეჭმევა“ ძეხვის სუნები, 7 იანვრის მერე პოტენციურად შესაჭმელი შოკოლადების არჩევანი, გლიტვენში გადახდილი 30 ლარი და ხისთვის დასხმული უშნო გემოს თბილი ღვინო, პირველიდან ექვსამდე აქანავებული თეძოს ძვლები და შავი კანის ფერის ბიჭებისთვის ნათქვამი „აპ–აპ, თქვენთან ვერ ვიცეკვებ, სორი“, ვიზიარის ვიზიარებ მწუხარებას (გადადებული ფრენა), წყალტუბო პლაზაში გატარებული 5 ვარსკვლავიანი ღამე და არიქა არ დამეძინოს, კიდევ როდის მექნება ჩემი ზომის ხალათით ბლატავის შანსი ორ „კოიკიან“ ნომერში..ვან გოგის მზესუმზირების წინ მზესუმზირასავით მდგარი „მე“ და 1 საათში შემორბენილი პინაკოტეკების ოლიმპიური ჩემპიონი, „შვარცად“ (შავად) ნამგზავრი მშვიდი სახით და აფორიაქებული გულით კონტროლიორის მზვერავი ზესტაფონელი და ქუთაისელი გოგონები, მაკდონალდსის ყავისა და დედაჩემის პერაშკების სასწაული კომბინაცია…..

მოგზაურობა ის ფილმია, რომლის გაზიარება ყოველთვის გინდა სხვებისთვის, თუმცა ამავდროულად ის წიგნიცაა, რომლის წაკითხვა და თავისებურად წარმოსახვა თითოეულ ჩვენგანს განსხვავებულად გამოგვდის. მოგზაურობა უდიდესი ხელოვნებაა და თუ იგი (ხელოვნება) ადამიანის გაკელთიშობილებას უნდა ემსახურებოდეს, მაშინ მოგზაურთა  სიმრავლე, მსოფლიოს, ცოტათი მაინც უკეთესს გახდის, ვიდრე იყო.

ჩემთვის ახალი ქვეყნების გაცნობა პირველ რიგში ასოცირდება ხალხთან, რომლებმაც შექმნეს კიდეც თავიანთი ქვეყანა, გახადეს იგი მიმზიდველი სხვებისთვის და შეინარჩუნეს ან ახლებურად წარმოგვიდგინეს მათი ტრადიციები და კულტურა. ყოველი ასეთი გასვლა საზღვრებს გარეთ, ჩემი პიროვნების საზღვრებს გარეთ გასვლას უკავშირდება და მე ორმაგად მეტი ვხდები საკუთარ თავში (ღმერთმანი სიმაღლეშიც კი ვიმატებ). არ შეიძლება ადამიანი ბედნიერი გახადოს მხოლოდ ეიფელის კოშკმა ან  ტრიუმფალური თაღის ხილვამ, ადამიანი მაქსიმალურ ბედნიერებას მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობით აღწევს. აქედან გამომდინარე ყოველთვის არის ხოლმე ურთუერთგანსხვავებული შეფასებები ამა თუ იმ ქვეყანაზე..მაგალითად ზოგს ვენეციამ იმედები გაუცრუა, ზოგი ბრანდერბურგის ჭიშკარს უყურებდა და უცდიდა როდის მოვიდოდა ემოცია, ზოგი სულაც აზერბაიჯანის დედაქალაქს აყენებდა ყველა ევროპულ ქალაქზე წინ….მე მაინც მგონია, რომ განწყობას ქმნიან ადამიანები და არა შენობები!

…ღმერთმა შექმნა სამყარო, გადმოხედა, მოეწონა და გაიხარა! მეც მინდა, ბოლომდე მინდა მისი შექმნილი მოვიარო და იგივე განვიცადო, რაც მან.