ტარიელ ზაკალაშვილი საკუთარი გამოცდილების და იმ მივიწყებულ სფეროს შესახებ გვიყვება როგორიცაა – ხეზე მუშაობა. იგი გვიყვება ხის დიდ მნიშნელობაზე და იმაზე თუ როგორ დადებითად იმოქმედებს ხისგან დამუშავებული პროდუქტი ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე. საოცარი იდეების მქონე ადამიანი, რომელიც სულ სხვა თვალით დაანახებს ადამიანებს ხის მნიშვნელობას.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ (ვინ არის ტარიელ ზაკალაშვილი?)
მე ვარ ტარიელ ზაკალაშვილი, გურჯაანიდან, განათლებით ინიჟინერ-ტექნოლოგი, სპეციალობით მასწავლებელი და პროფესიით დურგალი. ვმუშაობ კაჭრეთში კოლეჯ ,,აისი“-ში მასწავლებლად და ვასწავლი სპეციალობას ‘’ხის მხატვრული დამუშავება’’. ჩემი ათწლიანი პედაგოგიური მუშაობის შედეგად, მრავალი კურსდამთავრებული მყავს. ძირითადად ვასაქმებდი თბილისის ხის დამამუშავებელ და ავეჯის საწარმოებში, სადაც მათი რეალიზაცია ხდებოდა დამწყები მუშის პოზიციაზე და პროფესიულადაც ვერ იზრდებოდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი სახელოსნოს ბაზაზე მოხდეს მათი დასაქმება, შემდგომი პროფესიული განვითარება და მომავალი თვითდასაქმება.
- თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში
ბავშვობიდან მქონდა დიდი ინტერესი ამ სფეროს მიმართ, ვამზადებდი მანქანის მოდელებს, ხის იახტებს, თვითმფრინავებს და დიდი მიზიდულობა მქონდა ხის დამუშავების მიმართ, სამხედრო სამსახურის დასრულების მერე გადავედი საცხოვრებლად ციმბირში, ქალაქ კრასნოიარსკში, სადაც ჩავბარე საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში და გავხდი ინჟინერ–ტექნოლოგი. დაახლოებით 1995 წელს ერთ-ერთ სამშენებლო გამოფენაზე გავიცანი ხის დამუშავების ოსტატი გენადი სემიონოვი, რომელსაც გავაცანი ჩემი იდეა და სიახლე ხის დამუშავებაში და შემომთავაზა თავის სახელოსნოში მუშაობა, ვისი მეშვეობითაც ვეზიარე შემოქმედებით საქმიანობას ხის დამუშავების სფეროში. ხის მატვრული დამუშავება არის ვირუსი, რომელიც შემეყარა და ვეღარ მოვიცილე.
- რატომ ეს სფერო ?
მე მაქვს სხვა პროფესიებიც, თუმცა ცხოვრების მთავარი მიზანი და აზრი ხეზე მუშაობაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო საქართველოში ნაკლებად მომგებიანია და თანამედროვე სამყაროში ნაკლებად დაფასებული, ვერ შევეშვი და როგორც უკვე ვთქვი ვირუსი, რომელიც ხეზე მუშაობით შემეყარა ვერ მოვიცილე და სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ეს არის სფერო, რითიც უნდა ვიარსებო. მე მჭირდება შემოქმედებითი თავისუფლება ექსპერიმენტული სახელოსნოში, სადაც ავითვისებ და მოვახდენ ახალ ტექნოლოგიების დამკვიდრებას ხის დამუშვების სფეროში.
- რა სირთულეებს აწყდებით არსებულ სფეროში?
საუბედუროდ ტექნოლოგიების და სერიული წარმოების განვითარებამ თავისი დაღი დაასვა ხელოვანი დურგლების საქმიანობას. ევროპისგან განსხვავებით ჩვენთან მაღალი დონის ნამუშევარი სათანადოდ ვერ ფასდება და თანდათან აზრს კარგავს ნატურალურ ხეზე მუშაობა, რომელიც მოითხოვს დიდ მატერიალურ დანახარჯებს, დროსა და ძალისხმევას პროდუქციის შესაქმნელად. ხოლო ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენის არ არსებობის გამო მყიდველისუნარიანობა ძალიან დაბალია, ამიტომაც დღევანდელი ბაზარი წალეკა დაბალფასიანი ალტერნატიული მასალების შემოდინებამ, რომელიც ხარისხობრივი მაჩვენებლით ბევრად ჩამოუვარდება ხეს, მაგრამ სიიაფის, დროში მოგების და ნაკლები დანახარჯების გამო, მისგან წარმოებული პროდუქცია დომინირებს თანამედროვე ბაზარზე.
ვაცხადებ განგაშს იმის თაობაზე: რომ სპეციალობა დურგალი არ ჩაეწეროს მომაკვდავ პროფესიების სიაში!!!
სირთულე ძალიან ბევრია, თუმცა ყველაზე დიდი სირთულე ფინანსურ მხარეშია. ათეული წლებია ვცდილობ მოვიპოვო გრანტი, რომელიც არსად არ ჩანს. აუცილებელია მქონდეს ფინანსურ მხარდაჭერა, რისი მეშვეობითაც მოვიყვანდი სახელოსნოს წესრიგში. გურჯაანში, ჩემს ეზოში მინდა მოვაწყო ტურისტული გარემო, სადაც ტურისტები ნახავენ ჩემს ნაკეთობებს და სურვილის შემთვევაში შეიძენენ ჩემს პროდუქციას. დამზადებული მექნება ხის სუვენირები, ბრელოკები, ბავშვის სათამაშოები, ხის ჭურჭელი, თავსატეხები და მექნება ვრცელი მრავალფეროვნება, ამასთან ერთად მაქვს გეგმაში მონაწილეობა მივაღებინო ტურისტებს ხის სუვენირის დამზადების პროცესში, ჩავატარო მასტერკლასები პროფესიულ თემებზე. ხე არის ყველაზე ნატურალური მასალა, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ აუცილებელია შეიქმნას მეტი ხის კოტეჯი და ოვალური ხის სახლები, სადაც ადამიანები შეინარჩუნებენ ჯანმრთელობას, თუმცა იმისათვის რომ ეს ყველაფერი განვახორციელო მჭირდება ფინანსური მხარდაჭერა.
- რაიმე კონკურსში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
მონაწილეობა მიმიღია სხვადასხვა კონკურსებში, როგორებიცაა: კრასნოიარსკი სიბ-ექსპო (ხის დამუშავება და მშენებლობის კონკურსი), სადაც ავიღე დიპლომები, ასევე მიმიღია მონაწილეობა ექსპო-ჯორჯიაში, თბილისის საგანმანათლებლო გამოფენებზე და სხვა კონკურსებში.
- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი განსხვავებული ნიშა?
ჩემი განსხვავებული ნიშა არის ის, რომ საქართველოში არის სიცარიელე ბიოენერგეტიკული მშენებლობისა, სამშენებლო ბიოლოგია არის ურთიერთდამოკიდებული და შეთანხმებული თანაარსებობა, ადამიანსა და საცხოვრებელ შენობას შორის ჯანმრთელობის პოზიციიდან.
ანუ ეს უნდა იყოს „ჯანმრთელი ჭკვიანი“ სახლი, სადაც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სრულ კომფორტში არსებულ გარემოსთან, სტრესების გარეშე, არ უნდა ხდებოდეს ავად და არ უნდა ბერდებოდეს. ამას განაპირობებს სწორად დაგეგმარებული გარემო ბუნებასთან თანხმობაში, ლამაზი, მოხდენილი ლანდშაფტის დიზაინი, კონსრუქციულად მდგრადი, ზუსტად შერჩეული არამავნე სამშენებლო მასალები სამშენებლო ნორმების დაცვით, კარგად დამონტაჟებული კომუნიკაციები, ვენტილიაცია, თბოიზოლაცია და რაც მთავარია უსაფრთხოება.
ქართული ტრადიციული მშენებლობა სრულიად ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს, ამიტომ ჩვენი ხალხი ცხოვრობს მუდმივ სტრესებში და არა ჯანსაღ გარემოში. ჩვენ გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას ბუნებრივი მასალებითა და ნაკლები დანახარჯებით, რაც გამოიხატება ინოვაციური ხის კონსტრუქციების შექმნასა და მათ გამოყენებას არატრადიციული მეთოდებით სახლების მშენებლობაში. ჩვენი სურვილია ვაშენოთ ფუტურისტული არქიტექტურული პროექტები; როგორიცაა, სტრატოდეზიული და გეოდეზიური გუმბათი, ვიგვამი, ცილინდრის, კონუსის, სფეროს, ანგარის ფორმები. მსგავსად მომავლის პროექტებზე მუშაობდნენ ისეთი არქიტექტორები, როგორიცაა ბაქსმისტერ ფულერი, ჯაკ ფრესკო, მარტინ რაჟნისი, ლუის დე გარიდო და სხვები.
- გვიამბეთ მეტი თქვენი იდეების შესახებ ?
ჩვენი მშენებლობა მოითხოვს გაცილებით ნაკლებ დანახარჯებს, იმის ხარჯზე რომ ჩვენი შენობები უფრო მსუბუქი და ჰაეროვანია ტრადიციულებისგან განსხვავებით, რადგანაც არ სჭირდება მძიმე ლენტური ფუნდამენტი, მზიდი კედლები და ჭერის ფერმა. ის შედგება მხოლოდ იატაკისა და სახურავისაგან, რომელიც გადაიფარება ბუნებრივი ნატურალური მასალებით, როგორიცაა ხის ყავარი, ჩალა, ფიქალის კრამიტი და სხვა. როგორც მოგეხსენებათ სტრატოდეზიული გუმბათის ქვეშ არსებობს დადებითი ბიოენერგეტიკული ველი, რისი წყალობითაც შიგნით შენობაში წარმოიქმნება ჯანმრთელი და მშვიდი გარემო, ე.წ. „ანტისტრესი“. შესაბამისად ეს ყველაფერი იმუშავებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჩვენი იდეა დაეხმარება ქვეყანას დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტაში, რადგანაც ვთავაზობთ მცირე ზომის კოტეჯებს ახალდაქორწინებულთათვის, რომელსაც ექნება მომავალში გაფართოებისა მოდულის მიკერების ხარჯზე. ასევე ქვეყანაში ბუმია ტურისტული კომპლექსების მშენებლობისა, სადაც ვთავაზობთ მცირე ზომის ორ ადგილიან ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯებს სრული კომფორტული პაკეტით, ე.წ. გლამპინგ პოდს. საჭიროების შემთხვევაში განიხილება კლიენტის დიზაინით კაპრიზების დაკმაყოფილებაც, ხოლო ჩვენს ნოვატორულ იდეას გააჩნია მანევრირება ნებისმიერი კრეატიული ფორმების შესრულებისა.
- რას გეგმავთ სამომავლოდ ?
ჩემი მიზანია, გრანტის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეიქმნას შემოქმედებითი ექსპერიმენტულ-საკონსულტაციო სადურგლო სახელოსნო, სახლწოდებით „ტექსანო“. (TEXSANO = ტარიელის ექსპერიმენტული სახელოსნო) რის მეშვეობითაც შევძლებ ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების შემუშავებას და მათ დანერგვას, ღირსეული და კომპეტენტური სპეციალისტების მომზადებას თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომლებიც შეძლებენ, როგორც ქართული ტრადიციული ტექნოლგიებს აღდგენა-განვთარებას, ასევე ნატურალური ხის მასალისგან კრეატიული მიდგომით ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიან პროდუქციის დამზადებას.ჩვენი სლოგანია: რატომ არის დღევანდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?!- იმიტომ, რომ მას არა აქვს ჩვენს მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ლოგიკური და განმავითარებელი სათამაშო.
ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ვფიქრობ, რომ საწარმოს ექნება მრავალფუნქციური დატვირთვა. სახელოსნო საინტერესო იქნება ყველა იმ პირთათვის, ვისაც გააჩნია შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება. ვისაც სურს თეორიული ცოდნის პრაქტიკით გაღრმავება და განვითარება. იმედია, ამ სახელოსნოში არსებული საკონსულტაციო ცენტრი (ავაშენოთ დიდი ხის სახლი, დავდგათ დიდი სამოვარი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე) სადაც მოხდება იდეების გაცვლა, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და პროექტების განვითარება, კურსდამთავრებული სტუდენტების დახმარება, ხელს შეუწყობს რეგიონის მაშტაბით, პროფესიონალი შემოქმედებითი ხელოსნების გაერთიანებას. დაისახება სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
- რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც აქვთ იდეა, მაგრამ გარკვეული მიზნების გამო ბრკოლდებიან?
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ვერ ვარ იმ ადგილას, სადაც მინდა რომ ვიყო და არ მაქვს შექმნილი ის გარემო, სადაც მეტად შევძლებდი ჩემი პროდუქტის რეალიზებას, არ ვნებდები და ყველაფერს ვაკეთებ საქმის ბოლომდე მისაყვანად. ვუსურვებდი ყველას, რომ იბრძოლონ ბოლომდე თავიანთი მიზნების მისაღწევად და რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია უყვარდეთ საკუთარი საქმე.
ავტორი: სალომე აბრახამია