ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ერთხელ თუ მოხვდები, ვეღარ მოეშვები. თვითონაც არ განებებს თავს… თან გტკენს და ყელს გიშრობს, თანაც მალამოდ გედება და გაპურებს… სწორედ ასე დაგვემართა მე და ჩემს მეგობრებს პირველად, შემოდგომის უცნობ ტაოში მოგზაურობის შემდეგ მალევე იქაური გაზაფხულის ნახვაც რომ მოგვინდა. უცნობ ტაო-კლარჯეთთან შესახვედრად ორივეჯერ ცხრანი გავემგზავრეთ, განსხვავებული ასაკისა და პროფესიის ადამიანები… აზარტს მარტო თამაში აშკარად არ ამძაფრებს, ძებნა-ძიებამაც გვარიანად იცის ატაცება. ოქტომბერშიც ასე მოგვიხდა და მაისშიც.
ოქტომბერი
თავგადასავალი ისტორიულ ერუშეთში ვარძიის ტიპის ციხე-ქალაქ ნოქალაქოის ძებნით დავიწყეთ. კარგა ხანს ფეხით ვიარეთ, ტრიალი მინდორი და პატარა გორაკი, შემდეგ მდინარეც გადავლახეთ და შემოდგომის ფერებით ალმოდებულ ულამაზეს ხეობას ჩავუყევით. მალე გამოქვაბულების ქალაქიც შევნიშნეთ, ქვაში ნაკვეთი რამდენიმეიარუსიანი კომპლექსი. ყველგან ვერ შევიდოდით, მაშინ ერთმანეთის მხრებზე მონაცვლეობით შემდგრებს უნდა გვევლო…
ერთ ეკლესიაში ჩვენი ბიჭების დახმარებით, რის ვაი-ვაგლახით ავცოცდით. პატარა ეკლესიის დაცარიელებულმა კედლებმა ყველა დაგვადუმა. სანთლები ავანთეთ. მისი სიკაშკაშე ქვის სარკმლებიდან შემოჭრილ შემოდგომის მზეს შეუერთდა. მეგონა, ქვის პატარა, უფრესკო ღვთის სახლში მთელი ქართველობა შემოკრებილიყო…
ღამის გასათევად ოლთისისკენ გავემგზავრეთ. წინ და უკან სიარულში უკაცრიელ და დანგრეულგზიან უღელტეხილზე აღმოვჩნდით. მერე გავიგეთ, ჩაქინ ბაბა რქმევია. დაგვაღამდა. არც სოფლის აღმნიშვნელი ტრაფარეტი იყო სადმე, არც ადამიანი. ქარიშხალსა და თავსხმა წვიმაში მივუყვებოდით მდინარის პირს, კანიონში; ვეძებდით რუკებზე შენკაიასკენ გზას, არადა, გზის კვალიც არსად ჩანდა, მხოლოდ მდინარე მიიკლაკნებოდა… მივხვდით, რომ დავიკარგეთ… ტაოში… მანქანაში ბუზის გაფრენას გაიგონებდი… ბუზიც რომ არსად ჩანდა! რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ მბჟუტავი სინათლის გამოჩენა გადარჩენას ნიშნავდა. ყიჟინა შემოვცხეთ! სასტუმროში მაინც ვერ მოვხვდით, ავტოგასამართ სადგურზე, მინიბუსში „დავიძინეთ“…
დილა კაშკაშა მზით დაგვათენდა. თურქებმა ლანგრით ცხელი ჩაი მოგვართვეს… ვისაუზმეთ, თავსაც საუკეთესოდ ვგრძნობდით და დარჩენილი „უცნობი ტაოსკენ“ გავწიეთ.
სოლომონისის, სოლომონ–ყალას პოვნა ძალიან გაგვიძნელდა. გზამკვლევად რუკა და ექვთიმე თაყაიშვილის აღწერილობა გვქონდა, მაგრამ ვერ მივაგნებდით, ევბაკანელ თურქებს თურანსა და ერჯენს რომ არ გადავყროდით. ძალიან სახიფათო გზა გავიარეთ, უფსკრულებზე გადებული ხის კიბეებიც კი.
ასე აღმოვჩნდით ციხის წმინდა დიმიტრის სახელობის ეკლესიაში. დაზიანებული ფრესკები, განძთმაძიებლებისგან გადათხრილი საფლავები, ამოყრილი ადამიანის ხერხემლის მალები… ციხიდან ჩამოსულებს კი ნახევარი სოფელი კანფეტებითა და გემრიელი წვენით დაგვხვდა…
ვაჩეძორის მონასტერს ისტორიულ ტაოში დავეძებდით. გაგვიმართლა. კლდის წვერზე აღმართული სალაჩურის ციხე დავინახეთ. ხეობას შევუყევით. მდინარეში მივდიოდით. ერთ კილომეტრში წალკოტში აღმოვჩნდით. ამწვანებულ-აწითლებული ხეხილის მდელო… ხელით ნაგები ქვის ღობეები, ზემოთ კი ნანგრევები. დაბლა, კლდის წვერზე ჩვენი გზამკვლევი სალაჩურის ციხე მოსჩანდა. პირველივე ნაგებობა გუმბათმოხსნილი ეკლესია იყო. ქვემოთ თურქებს თავლა მოეწყოთ.
ეკლესიას შესასვლელიც აღარ შერჩენოდა. შევძვერით და… ულამაზესი ფრესკები შემოგვეგება. წარწერებიც შემორჩენილიყო. მიმოფანტული ფრესკის ნამტვრევები იქვე მოვაქუჩეთ და ემოციით დახუნძლულები დავუყევით ხეობას.
გეზი ბარდუსის ხეობისკენ, კოპის ციხისა და მზეჭაბუკ ათაბაგის ეკლესიისკენ ავიღეთ. კოპის ციხესთან მისასვლელი საუკუნეებია, ჩახერგილია. ბუმბერაზი კლდეების ხეობაში გზაგასაყარზე დავდექიტ. მანქანაც არსად ჭაჭანებდა. ჩვენ ლილიპუტებივით და კლდეები. ძლივს შევნიშნეთ კლდეში ნაკვეთი ციხე, ჩაშენებული საყდრით, ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენციის ნაწილი. იქ აღჭურვილობის გარეშე ვერ ავიდოდით. მოშორებით, ხიდზე გადავედით და მზეჭაბუკ ათაბაგის წარწერიანი ეკლესია მოვინახულეთ.
მაისი
ერუშეთის დათოვლილი უღელტეხილი… ველის კომპლექსის კოორდინატების დასაზუსტებლად ავტოგასამართ სადგურთან შევჩერდით. თურქებს რუკები ვაჩვენეთ, მაგრამ მათი თურქულის ვერაფერი გავიგეთ. ერთი ახალგაზრდა გამოგვყვა, მურათ აიდინი, სოფლამდე მიგვიყვანა.
გულწრფელად გვშურდა, გზად ამდენ ათვისებულ-დამუშავებულ მიწას რომ ვხედავდით და გვაოცებდა, მიწამდე ჩასული მიწურების კარებზე ნომრებს რომ ვხედავდით. ველის კომპლექსსაც მივადექით. უცებ ვიღაც თურქი გადაგვეღობა. არ გვიშვებდა და ჟანდარმერიით გვემუქრებოდა. დავიბენით, მაგრამ… ვერაფრით გამოიცნობთ, რა აკავშირებს ველის კომპლექსს რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამასთან“. ის იყო, უკან ვბრუნდებოდით, რომ ჩვენი ჯგუფის წევრმა სოლიდურად შემოსილ თურქს ქართულ-რუსულად და ჟესტიკულაციით უთხრა, ოქრო კაცო, არ გრცხვენია, „იზ ტიფლისი იეხალ“, აქამდე მოვსულვარ, ახლა უკან გვაბრუნებო? არ ვიცი, თურქს რა გაახსენდა: იმ დღეს 9 მაისი რომ იყო, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე, თუ „ჯარისკაცის მამა“ ჰქონდა ნანახი, ფაქტია, ბესოს სიტყვებმა ჯადოსნურად იმოქმედა. გულიანად გაგვიღიმა, ხელით გვანიშნა, წადითო, და გაგვშორდა! ასე გაგვიძღვა „ჯარისკაცის მამა“ გრანდიოზულ და შთამბეჭდავ ველზე…
მერე ნაცნობ, ულამაზეს ტბეთშიც შევიარეთ. ტაძარს მოვეფერეთ.
იქვე ჩაიზე მიგვიპატიჟეს. ერთი ახალგაზრდა ვაჟი შევნიშნეთ, ულამაზესი, ძალიან ქართული თვალები ჰქონდა. „კლარჯეთის უფლისწული“ ვუწოდეთ. „ფეისბუკში“ ამოიცნეს: ეს იუსუფია, ბორჩხაში მუშაობს, ქართველი მამა ჰყავსო…
ძებნა-გაკითხვით პარეხთასკენ გავეშურეთ. კლდეებზე ნისლი ჩამოწოლილიყო, არადა, კლდე-კლდე ფეხით უნდა გვევლო. შევფიქრიანდით, ბილიკებს დავინახავდით თუ არა. სამი თურქი ბიჭი გამოგვყვა, მუსტაფა, ჰუსეინი და აიდე.
მათი მეგზურობით ორ კლდეს შორის გაშენებულ, თითქოს კლდეში დაკიდებულ მონასტერში აღმოვჩნდით, სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ეკლესისა და რამდენიმე ნაგებობის ნანგრევებში. უბედნიერესები ვიყავით, სამლოცველოს ინტერიერში შავი მელნითა და საოცრად ლამაზი კალიგრაფიით შესრულებულ წარწერას რომ მივაკვლიეთ. იგი 2007 წელს ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა გიორგი კალანდიამ აღმოაჩინა და გადაიღო, ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ კი გაშიფრა: „ადიდენ ღმერთმან ბაგრატ კურაპალატი“.
ეკლესიაში ჩვენი დანთებული სანთლებისა და გალობის შემსწრე მოღიმარმა აიდემ მაღლა აწეული ცერა თითით მანიშნა, კარგიაო. ნეტავ, რა გაიგო? ან რას მიხვდა, წვიმაში, ნისლში კილომეტრები რისთვის გამოვიარეთ, ციცაბო კლდეებზე რატომ დავეკიდეთ?
შემდეგი ეზბეკის ულამაზესი ხეობა იყო, „ხალიან“ მთებში მოქცეული. მთებში გაყვანილ ისეთ გზას ავუყევით, უნდა იოცნებო, მანქანა არსად შემოგხვდეს… ზემოთ ათასფრად დაღარული პანორამა დაგვხვდა, შუაში ყაყაჩოების თვალუწვდენელი ველით: აშკარად სამოთხეში მოვხვდით! ლადო ასათიანი გამახსენდა: „ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!“ ეკლესიას რომ მივუახლოვდით, გველსაც გადავეყარეთ. სულ ტაშის კვრით ვიარეთ, ეგებ შევაშინოთ-თქო. ასე აპლოდისმენტებით აღმოვჩნდით მაღალი ქარაფის თავზე, ტაძრის ნანგრევებში…
გაგვიწვიმდა, მაგრამ ოშკისკენ მაინც წავედით. მასთან შეხვედრა ზესიხარულია… ზესევდაც… თითქოს კადრებს ხედავ: ტაძარი სავსეა; მრევლი ლოცულობს… გარეთ გადიხარ, ჩუქურთმებში მტრედები ერთმანეთს ჩაჰხვევიან… წრეს უვლი და… წამში ფხიზლდები… დამწვარ-დანგრეული კედლები თურქული მინაშენებით; გაპარტახებული, სარეველამოდებული აკადემია; ტალახი; წვიმა… მართლაც დადიხარ, სწუხარ და გენანება…
უცებ იდარებს – ეს უკვე სინამდვილეა… ცას ულამაზესი ცისარტყელა ჭრის! გეღიმება და ცდილობ,შენივე ჯურის ადამიანებს, ვისაც წესით, რაღაცის გაკეთება, ევალებათ ან შეუძლიათ, მაგრამ ვერ იცლიან, ხმა მიაწვდინო: გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი!
ჩაფიქრებულები გამოვუყევით შინისკენ, ვიცოდით, დაგვიღამდებოდა, მაგრამ ჩრდილის ტბისკენ მაინც გადავუხვიეთ. კუნძულზე, ტბის პირას, გოდოლზე ავძვერი, მაგრამ ულამაზესი ხედებით ტკბობა არ დამცალდა. უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ზურგიდან შავი ღრუბლები გამოაქანა. ფართხაფურთხით ჩამოვძვერით და მანქანისკენ გავიქეცით, წვიმა კი, თითქოს, მოგვდევდა, გვეწეოდა და ვერც გვეწეოდა. სეტყვაც აგვედევნა, მაგრამ მანაც დაგვინდო. მარცხნივ გადაუხვია. ამასობაში დაბინდდა.
უეცრად წინ, გორაკზე შეფენილი სოფელი ერთიანად გაწითლდა, სიწითლე ნელ-ნელა კუნძულზეც გადმოვიდა… უზარმაზარი ცისარტყელა, თითქოს, კუნძულს იქით, ხმელეთიდან ამოვიდა და ჰორიზონტს იქით, ტბაში ჩაეშვა. წამებში „გასუქდა“ ჩვენი ცისარტყელა, ათასფრად გადაევლო ტბას. კუნძულს ცეცხლი ეკიდა. უკან ტბაც სრულიად გაწითლებულიყო.
ვგრძნობდით, რომ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდით. ემოციას ვეღარ ვუძლებდით. ბავშვური ყიჟინით დავხტოდით კუნძულზე. ულამაზესი მოგზაურობის უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდით…
ირმა ხარშილაძე