ტაოს ძიებაში

6 საათზე მაღვიძარის ხრინწიანმა ხმამ სიზმრებისგან მიღებული ეიფორიები გამიფანტა, ხანდახან რეალობაზე უფრო რეალური სიზმრები ახლა ნამდვილად არ მახსოვს, ჰოდა იმ რეალობას მოგიყვებით, რომელიც ერთ-ერთი „ჰაილაითია“ ჩემს ჯერ-ჯერობით 22 განვლილ წელში. თვალები გავახილე, ღრმად ჩავისუნთქე, იმ დღეს ტაოში მივდიოდით. მიყვარს ახალი ადგილების დათვალიერება, ძალიან მიყვარს გზა, რომელსაც მათ ნახვამდე გადიხარ, მაგრამ უკვე საზღვარს მიღმა დარჩენილი ქართული კულტურის ნარჩენების ნახვა, რაღაც სხვა არის, მაინტერესებდა რა დამხვდებოდა ტაოში, რაღას ერქვა ტაო მე თვითონაც არ ვიცოდი, შესაბამისად, მე და ჩემს მეგობრებს, ამ მოგზაურობით მისი მოძებნის მცდელობა გვქონდა. პირადად მე არ ვეძებდი მხოლოდ დანიშნულების ადგილ ტაოს. როდესაც მოგზაურობა დავიწყეთ მეგონა, რომ თანამეგზურებივით პატრიოტული სულისკვეთებით შეპყრობილი არ  ვიყავი, მაგრამ ვიყავი, შეუძლებელი იყო რომ არ ყოფილიყავი. ამ წერილს უკვე იქიდან დაბრუნებული ვწერ, ალბათ „ტაოც” ვიპოვნე.  ყოველშემთხვევაში შევეცადე.

ამ მოგზაურობაშიც, ისევე როგორც სხვებში, უკვე ნაცად-გამოცდილი ხერხით, ავტოსტოპით წავედით. ხელის აწევისთანავე მანქანა ჩერდება, მძღოლი ფანჯარას წევს და ჩვენ ვეკითხებით -საით მიბრძანდებით? ის კი გვიყურებს და ღიმილნარევი ბარიტონით პასუხს გვიბრუნებს- ისევ თქვენ ხართ კაცო?! ყოველ შაბათ-კვირას თუ დადიხართ ბარემ მითხარით და სახლში მოგაკითხავთ, დასხედით, დასხედით… დააააა მოგზაურობა იწყება.

სასაზღვრო ობიექტზე შევდივართ, მესაზღვრეებს საბუთებს ვაჩვენებთ, წამებში უკვე თურქეთში ვართ, ახალ ადგილს ხმაურითა და ჟრიამულით ვხვდებით, თუმცა ვიგებთ, რომ საოცნებო კულტურული ძეგლების სანახავად გასავლელი კიდევ ასობით კილომეტრია. ტრანსპორტში ადგილები დავიკავეთ და ყველამ სხვადასხვა განზომილების კარში გასასვლელი „ვიზა ავიღეთ”. ვფიქრობდი… ტაოში ამინდიც კი სხვანაირი იყო, ეს იყო რეინკარნაცია, ამინდი კვდებოდა და თავიდან სხვა ამინდად იბადებოდა, წვიმას თოვლი ცვლიდა, თოვლს კი მზე… პირველად, გზად თორთუმის ჩანჩქერის სანახავად გავჩერდით, შემდეგ მოძრაობა გავაგრძელეთ და მალევე შევნიშნეთ გზის მაჩვენებელი ნიშნული, რომელზეც ოშკი ეხატა და გვამცნობდა, რომ „ერთ-ერთ ტაომდე“ 8 კილომეტრიღა გვაშორებდა.

ოშკი. ერთ-ერთი ტაო ტაოებიდან. სასტიკ რეალობას  ერთი ამოსუნთქვით შთაენთქა ის, რასაც დრო ამდენი ხნის მანძილზე აშენებდა.  ეზოში, უფრო სწორად, თითქმის ოშკში, ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, სოფლის უხუცესი წარმომადგენლებიც აქვე შეკრებილიყვნენ და ქართული ენის გაგონებისას, მოგვაშტერდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, ჩანთიდან ტაოსავით დაკუჭული საქართველოს დროშა რომ ამოვიღეთ, ყველაფერს უხმოდ ვაკვირდებოდი. არ მახსოვს ემოციების გამოსახატი დანადგარი როდის გამიფუჭდა, ფაქტია, რომ გამიფუჭდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ მადარდება, რადგან არის მომენტები, როდესაც დუმილი გამოხატავს ყველა ემოციას. ოშკის წინ დროშით ხელში ფოტოები გადავიღეთ, შეიძლება ვინმეს რამეს ვუმტკიცებდით, ან ეს უბრალო ჟესტი იყო. ოშკში შევაბიჯეთ, აქ კიდევ უფრო განსხვავებული შეგრძნება დაგვეუფლა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ნაგებობაში შესვლისას ვიგრძენი ფეხი რაღაც რბილს რომ დავადგი, დავიხედე და ღაჟღაჟა მწვანე ბალახი დავინახე, წარბები მომეჭმუხნა. ძალიან მორწმუნე არც ერთი ჩვენგანი არ ყოფილა, მაგრამ მაინც დაგვბურძგლა, როდესაც დავინახეთ: იატაკის მაგივრად- მიწა, გუმბათის მაგივრად- ღრუბლები, ფრესკების მაგივრად- ჩამონგრეული კედლები, ხატების მაგივრად- ბალახები, ანთებული სანთლების მაგივრად- მხოლოდ ნამწვავები. უგუმბათო ტაძარში სიჩუმეს მხოლოდ მტრედების ფრთების ხმა არღვევდა, ისე დაფრინავდნენ, როგორც- ცაში, თავისუფლად და ოშკს მისტიკურობასა და იდუმალებას მატებდნენ. სანთლები ავანთეთ და წამოვედით. ასე იდგა თავისთვის ბებერი ოშკი.

 

                

ოდესღაც ეს საქართველო იყო და ახლაც შესაძლოა ყოფილიყო საქართველო.

შემდეგი ტაო იშხანი იყო. შემოგვაღამდა, იშხანთან შორი-ახლოს დავბანაკდით. ღამე მდუმარე იშხანს ვუყურებდით და სიჩუმით ვტკბებოდით, იდილია ტაძრის მახლობლად აშენებული მეჩეთიდან გამოსულმა მოლას ხმამ დაგვირღვია… რა თქმა უნდა… წირვის მაგივრად- გავიფიქრე მაშინვე. გათენდა, იშხანში შესვლა დავაპირეთ, ამ დროს ვიღაცის ყვირილი გაისმა, რამდენიმე მეტრში შეკრებილ მუშების ჯგუფს, ერთ-ერთი გამოეყო და ხელების გადაჯვარედინებით გვანიშნა, რომ შესვლა არ შეიძლებოდა. გამოვიდა ისე, რომ იშხანი შიგნიდან საერთოდ ვერ ვნახეთ, ბებერი ოშკისგან განსხვავებით დიდ იშხანს გაუმართლა, რესტავრაციას უკეთებდნენ. კიდევ დიდხანს იდგება ბუმბერაზი იშხანი თავის სამფლობელოში და შორიდან დაეჭყანება ნაოჭებისგან შთანთქმულ ოშკს.

 

ოდესღაც ეს საქართველო იყო და ახლაც შესაძლოა ყოფილიყო საქართველო.

მანქანიდან მიწაზე ჩამოვხტით და გარშემო თვალიერება დავიწყეთ, რამდენჯერმე გვეგონა რომ გზა აგვერია, ოპიზას ვეძებდით, ხან ამას ვეცით, ხან იმას, მაგრამ მაინც არსად ჩანდა კულტურული ძეგლი სახელად ოპიზა, სამაგიეროდ, ნიშნული გამოჩნდა, რომელიც მიგვითითებდა რომ აქ, ოდესღაც ყოფილიყო ოპიზა, ახლა რეალურად გავახილეთ თვალები, „ოპიზაზე დავდიოდით“, ჩვენ წინ  1-2 ქვის ლოდი ეგდო, ანუ ის, რაც დარჩა ოპიზასგან.

ოდესღაც ეს საქართველო იყო და ახლაც შესაძლოა ყოფილიყო საქართველო.

რატომღაც ყველაზე მეტად ხანძთას ნახვას ველოდი. დანახვისას, მივხვდი, რომ არ შევმცდარვარ, შორიდან ძალიან ლამაზი სანახავი იყო, გორაკებში ჩამალული ხანთას ნარჩენები, უგუმბათო და უკედლებო ძეგლი, არასრულყოფილების შეგრძნებას სულაც არ გიქმნიდა, პირიქით, უფრო ხმამაღლა ყვიროდა: ეს მე ვარ ხანძთა, სრულყოფილი ხანძთა! ბევრი გასაჭირი გამოვიარე და ვამაყობ ამით, მე ჯერ კიდევ ვდგავარ ფეხზე!  ამ რაღაც ეიფორიებით ავსებულმა ისევ გავახილე „ფართოდ დახუჭული თვალები“, მიმოვიხედე, ხანძთა-ში! საქონელს აბალახებდნენ.

                     

 

 

 

 

 

 

 

ოდესღაც ეს საქართველო იყო და ახლაც შესაძლოა ყოფილიყო საქართველო. სჯობს მოვრჩე ჭიდილს. ჰო, იქ ოდესღაც იყო საქართველო, ზოგიერთი ახლაც, თვლის, რომ არის, ზოგი კი, ფიქრობს, რომ აღარ არის და არც არასდროს იქნება.

ხანძთისკენ ვიღაც ქართველი შეგვხვდა, ან ყოფილი ქართველი, არ ვიცი ამას რა უნდა ვუწოდო. სახელი ხომ ყველას აქვს, ჰოდა მასაც ჰქონდა, თანაც ორი, თურქული და ქართული. რომ ვკითხეთ რა გქვიაო, ქართული სახელის გახსენებას, საკუთარი სახელის გახსენებისთვის უჩვეულოდ დიდი დრო მოანდომა. ოდესღაც ის იყო ქართველი, მაგრამ ახლა?

თავგადასავალი დასრულდა, თუმცა სანახავი კიდევ ბევრი დაგვრჩა, მოგზაურობისას ხშირად აგვევსო თვალები ცრემლით, ზოგჯერ სენტიმენტებისგან, ზოგჯერ იმისგან, რომ რაღაც გვეწყინა, უფრო ხშიად კი სილამაზისგან. იცით, ადამიანები ხშირად უბედურებისგან კი არა, ზედმეტი სილამაზისგან ტირიან. რა მაგარია, იტირო იმიტომ, რომ ზედმეტად ლამაზია: როდესაც მუსიკა ზედმეტად ლამაზია, როდესაც დაბადება ზედმეტად ლამაზია, როდესაც ცეკვა ზედმეტად ლამაზია, როდესაც ადამიანი ზედმეტად ლამაზია, როდესაც მოგონება ზედმეტად ლამაზია, როდესაც მოგზაურობისას ნანახი ზედმეტად, ლამაზია.

ეს ოშკისა და ოპიზას სიკვდილის ისტორია არ ყოფილა, არც საქართველოსი, არც იმ კაცის, ოდესღაც რომ ქართველი ყოფილა. სიკვდილის მერე რა ხდება, მაგაზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, არ ვიცი არის თუ არა სიკვდილი მორიგი თამაში განზომილებებს შორის, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ იმ კაცს ქართული ფესვები მუდამ ემახსოვრება… ისიც ვიცი, რომ ოშკიც ცოცხალია, ოპიზაც, იშხანიც და ხანძთაც, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაც ჩვენნაირები ოპიზას ეძებდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ  ვიღაც ჩვენნაირებმა ოშკში სანთლები დაანთეს, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცამ ხანძთას ფოტო გადაუღო, თუნდაც იმიტომ, რომ იშხანს რესტავრაციას უკეთებდნენ. ამას ხომ იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვახსოვს, ან გვინდა, რომ გვახსოვდეს, სანამ ახსოვხარ კი ცოცხალი ხარ.

ავტორი: გვანცა ბერძენიშვილი