უსმინეთ ტბებს.
ტბასთან ურთიერთობა უკვდავების ილუზიას ქმნის. შეხვალ მასში და სხეულიც მჩატდება, იცლება. ბედნიერი ვარ, რომ ტაბაწყურის ტბის გაცნობა მოვახერხე. აქ უცნობი არავინ და არაფერია. ყველაფერი ცალ-ცალკე შენ ხარ და შენც ყველაფერში ნაწილდები.
სამცხე-ჯავახეთი თავისებური ზღაპარია, ბავშვობაში მშობლები რომ გვიკითხავდნენ ხოლმე. როდესაც პირველად ვიმოგზაურე ამ მხარეში, მამას მიერ ხშირად მოყოლილი ზღაპარი გამახსენდა. ის თხრობას ყოველთვის ასე იწყებდა: „ტყეში ცხოვრობდა დიიდი, დიიიიდი დათვი“. მეც მთელი ინტერესით ვუსმენდი და ვფიქრობდი, თუ დიდი დათვია, როგორ ეყოფა პაწაწინა ტყე, როცა ძალებით ყველაფერს აღემატება. ჩემს გონებაში წარმოვიდგენდი გაშლილ მდელოს მისთვის. ამდენი ხნის შემდეგ ბავშვობაში დაბრუნება რომ შემეძლოს, მამას ვეტყოდი: „ნუ გამოკეტავ მას ტყეში. იცი, საოცარი ადგილი ვიპოვე მისთვის. აქ ბალახსაც სულ სხვა ფერი აქვს, ცაშიც სულ სხვა ჩიტები დაფრინავენ. გავიზარდე და ზღაპრებიც წარშულში დავტოვე, თუმცა საოცრებებში მოგზაურობა ჯერ კიდევ წინ არის.
თავგადასავლებით დავტვირთე ჩემი კალათა და წითელქუდასავით გავეშურე ფერადოვან გზაზე ტაბაწყურის ტბისკენ. ისეთი ადგილებია, ისეთი ფერები, მე-19 საუკუნის მხატვარი რომ ვყოფილიყავი, გავიდოდი ბუნებაში, დავაკვირდებოდი თუ როგორ მოქმედებს მზის სინათლე გარემოს ფერებზე დღის სხვადასხვა დროს და ნახატში გამოვსახავდი მას. მეც მოგვიანებით დამაფასებდნენ, ალბათ.
გზა, რომელსაც ტბისკენ მიჰყავხარ, უდაბნოს ჰგავს. მიწაც და მთაც ერთი და იგივე ფერის ტონალური გრადაციითაა შექმნილი. მთები თითქოს პირამიდებსავით ცად აზიდულან და შორეულ სივრცეს გასცქერიან. მათ მაინც აქვთ ამის საშუალება. დაუსრულებელი გზა პირველყოფილ ბუნებრივობაში გაბრუნებს, თუ გინდა რომ ეს შეიგრძო, ყველაზე კარგი ამ გზაზე მარტო სიარულია, როცა არ იცი სად მიდიხარ, მაგრამ ბილიკი გაკვალულია შენთვის და შენც მას მიყვები. როგორ გინდა არ დაუბრუნდე მითოსში მცხოვრებ ხალხთა იდეოლოგიას, რომლებიც ბუნების ყველა მოვლენას ღმერთებთან აკავშირებდნენ. ჩვენ ვტკბებით ბუნების წიაღში ყოფნისას და აღტაცების გრძნობა გვეუფლება, რადგან პირველყოფილებას ვგრძნობთ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა თეთრი ქუთქუთა ცხვრები გამოჩნდნენ, რომლებსაც მწყემსი მიუძღოდათ წინ ძაღლებთან ერთად და მეც ბიბლიური სიუჟეტი წარმომიდგა თვალწინ. არ მეგონა ამ უკაცრიელ ადგილას თუ ადამიანებს ვნახავდი, მითუმეტეს ბანაკებში შესახლებულებს. მათგან მცირე ინფორმაცია ჩავიწერე. მწყემსმა თქვა:
-აქ მაისის დასაწყისში ჩამოვედით მეგობრები საგარეჯოდან მთელი ოჯახით. 2 თვის ბავშვიც აქ გვყავს. კარგი გარემო და მკაცრი ბუნებაა. ადგილს ბაკურიანის მთებს ეძახიან. მგლები ხშირია. საღაამოობით მოგროვდებიან ხოლმე, მაგრამ, საბედნიეროდ, მამაცი ძაღლების წყალობით თავს დაცულად ვგრძნობთ. საქონელი ჩამოგვყავს, იმიტომ, რომ აქ ნატურალურ საზრდოს იღებენ და პროდუქტიც შესაბამისად გასაყიდად გამოსადეგია. 2000-მდე ცხვარი გვყავს. თითოს 2-2 ცხენი, ძროხები და ქათმები. ძირითადი საკვები აქ მოგვყავს. ფქვილი და სხვა საჭირო მასალები სახლიდან მოგვაქვს. აქვე ვაცხობთ პურს. მივირთმევთ ბოსტნეულს და ახლად მოწველილ ძროხის რძეს. სექტემბრის ბოლოს სახლში ვბრუნდებით ჩვენი საქონელითურთ. ჩასვლას კი ფეხით 8 დღეს ვანდომებთ.
და ჩემთვის გავიფიქრე, თურმე როგორი რთულია ცხოვრება ქალაქის გარეთ და თან როგორი სასიამოვნოც.
გამოჩნდა კუნძულივით შეჭრილი ტაბაწყურის ტბაც.
აქ ცალკე სამყაროა, თავის სტიქიაში ჩაძირული, თითქოს არ სურს გარე სამყაროსთან საუბარი; თითქოს ციხესიმაგრითაა შემოსაზღვრული და მტრისგან თავს იცავს, რომ არ დაზიანდეს. საკუთარ თავს უფრთხილდება. არ მეგონა თუ ოაზისს საკუთარ ქვეყანაში ვნახავდი. ყოველთვის სხვა ადგილებისკენ გავრბივართ ხოლმე და რაც გვაქვს, გვავიწყდება. კუნძულზე რამდენიმე მოსახლეცაა, თუმცა გული მწყდება, რომ მათგან არც ერთი არ არის ქართველი. უმრავლესობა სომეხია, როგორც გავიგე, რადგან დიდად არ ისურვეს საუბარი.
უსმინეთ ხეებს, რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც გამოჩნდებიან ხოლმე ამ ტერიტორიაზე შენს თვალსაწიერში. უნდათ შეგახსენონ, რომ არსებობენ შენთვის და მოგაწვდიან ჰაერს, რომ იგრძნო ტაბაწყურის ტყვეობაში ყოფნას რამდენად დიდი სიამოვნება მოაქვს შენთვის. აქ თავისუფალი ხარ, გაშლილი სივრცე შექმნილია შენი განუსაზღვრელი სურვილების დასატევად, ჩემი ბავშვობის ზღაპრის გმირის მსგავსად. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ „დიიიდი დათვი“ ჩემში იყო და არა ჩემ გარეთ. ყველაფერი მე ვიყავი და მეც ყველაფერში ვნაწილდებოდი.