– ჩემი სამთო „ბათინკები“ სად არის?
– სადაც დატოვე იქ იქნება.
– ამ ბავშვმა, არაფრის თავის ადგილზე მიტანა არ იცის-მეორე ოთახიდან მესმის ხმა
-სად მიდის?- ამჯერად ბებიაჩემი ერთვება. -რას ეძებს? -კართან ნახოს აბა.
ვხარხარებ.
დილის ან გნებავთ, ღამის ოთხი საათი იქნებოდა . ჩემზე ორჯერ დიდ, მამას ქურთუკს ვიცვამ, დედას ყოველთვის ეღიმება, როცა ამას ვაკეთებ. მერე ფეხებს ვაბრახუნებ, თვალს ვუკრავ, ტანში სიხარულის ჟრუანტელი მივლის და გავდივარ.
სვანეთში წასვლა არასდროს დამიგეგმავს. ამ ბოლოს შემოჩვეულ ჭირად მექცა, ყველაფერი, რასაც ვგეგმავ, მოულოდნელად უნდა ჩაიშალოს. ამჯერად, უცნაურად აეწყო. სვანეთი თავზარივით დამეცა და ამიტანა…
მგზავრობისას ძილი არ მიყვარს, თუმცა მაშინ ჯვარში გავიღვიძე და გამიკვირდა, როგორ გავატარე-მეთქი ამხელა გზა ძილში. ჩემს ზედმეტად დაძველებულ, პატარა ფოტოაპარატს ვიღებ, წინ გადავდივარ, ადგილს ჩემს კარგ ნაცნობს ვუცვლი და სამოთხის ხედების დასაჭერად ვემზადები.
პირველი გაჩერება დილაადრიან, ჭუბერისა და მესტიის გზაგასაყარზე მოგვიწია. აქ ენგური არ მოდის. თავპირის მტვრევით მორბის და ზათქითა და ღრიალით მოაპობს მიწას, თითქოს ვერ ეტევა კალაპოტში და ზემოთ ამოსვლა უნდა, უზარმაზარ ლოდებს ერთმანეთს ახეთქებს და მიუხედავად იმისა, რომ ზემოდან ვუცქერ, მაინც მეშინია. ამ დროს წარმოსახვაში შემიძლია კიდეც ზუსტად დავინახო , თუ როგორ მოიტაცა მაშინ ენგურმა მთვარე.
იქით ჭუბერია-მეუბნება თეა. თვალს მის ხელს ვაყოლებ და დაძარღვულ გზას ვხედავ. ერთი წელი, თითქმის ზედ საზღვრის პირას , სკოლაში ასწავლიდა ბავშვებს. იღიმის, ვიცი ახლა თავისი სვანი მოსწავლეები და ძველებური ამბები ენატრება… ისევ მივდივართ. არ ვიცი რა ვუწოდო ამ დრაკონის გზას, ან რა ვთქვა, როცა ვიცი, რომ ეს ბეჩოა და ზემოთ, ის ორწვერიანი ბებერი უშბაა. ჩვენს გაერთიანებას მოვავლე თვალი, ზოგი იღიმოდა, ზოგი კადრებს იღებდა, ზოგი უბრალოდ მინას აკვროდა… ეს არც მთლად ლაშქრობა იყო, არც მთლად ექსკურსია და არც ტური, მგონი უფრო რაღაც სხვაა… 12-ზე მესტიაში ვიყავით.
დავბინავდით. გავიგეთ, უშბისკენ ვერ არისო კარგი ამბები და შევფიქრიანდით. რამდენიმე დღეა ქართველების ჯგუფი ადის… იმ დღეს თურმე პოლონელებს არ გაუმართლათ.
ნივთებს ზურგჩანთაში ვანაწილებ. გეზს უშგულისკენ ვიღებთ. გზა უსასრულოდ სასიამოვნოდ იწელება. ხეების ჯიშის, გზის ფერის, მზის, ცის, ღრუბლების განლაგების დამახსოვრებასაც კი ვცდილობ. კალაში ვჩერდებით და მთელი 60 გრადუსით დახრილ უზარმაზარ ტყიან აღმართს მივუყვებით. არ ვიცი რამდენი ხანი გრძლედება გზა. მცხელა, მწყურია, ხის ტოტებს ვეჭიდებით, ჩანთაც მამძიმებს, მხოლოდ საკუთარი გულის ძგერის ხმა მესმის ყურებში, აღარ მინდა ლაპარაკი… მგონი პირველი რეზო ავიდა, მთის წვერზე ვართ, ლაკურგაში. აქ ყოველ წელს საკლავს წირავენ. ირგვლივ ქონის , ხორცის და რძის სუნია არეული ერთმანეთში, ცხვირში მიღიტინებს და ცუდად ვხდები. მოდი აქ-ვიღაც მეძახის და ვჩერდები. უზარმაზარი სივრცის წინაშე ვდგავარ, რომელიც იმდენად დიდია და უსასრულო, გგონია, ერთი ნაბიჯის გადადგმაც და გაფრინდები, ჰაერის ყოველი ჩასუნთქვაც კი ფილტვებს გიხეთქავს და ბედნიერი ხარ, რომ ეს ცა, ეს მიწა შენია და სწორედ აქ, ამ უზარმაზარ სამყაროში მახსენდება, თაკარა მზის ქვეშ, ღრუბლიანი ცის მიღმა ჩაფიქრებული მთები, მტირალა მდინარეები, დასევდიანებული კოშკები და ჭილაძის ჩანაწერები, რამდენიმე დღის წინ, რომ ვკითხულობდი და ვხვდები, რომ სვანეთის ცა მართლა მიწიდან იწყებ.
რაღაც ხმები აღწევს ჩვენამდე და ბავშვობაში სოლფეჯიოს მოსაწყენ გაკვეთილზე, სასხვათაშორისოდ ნათქვამი, ჩემი მასწავლებლის სიტყვები მახსენდება, სვანური ზარის შესახებ და გაოცებული ვჩერდები. თითქოს ყველა არამქვეყნიური ხმა, სამყაროს მეორე ბოლოდან ერთად შეკრებილიყო და ტიროდა, ქვევით ვიღაცას მიასვენებდნენ…
ისევ ფოტოებს ვიღებთ, ენგურს ნიშნის მოგებით ვუყურებ, ახლა, რომ ასე პატარა და უწყინრად მოედინება, ქვემოთ კი გიჟდება და უზარმაზარ წყლის მთად იქცევა.
ბოლოს კოშკების საუფლოში ვხვდებით. უშგულში ვართ.
საღამოვდება. მუზეუმის შემოვლას ვასწრებთ, ორმოცდახუთმეტრიან კოშკზე ვფოფხდები და მერე ნელა მივსეირნობ ლამარიისკენ. გზად სვანი ბავშვები აგვედევნენ. საღამო ხანი იდგა, ჩამავლი მზის გრძელი სხივები ოქროსფრად წაჰკიდებოდა უშგულის კოშკებს და დახრონგილ კაცად დამდგარ შხარას კიდეებს, მინდვრები მწვანედ ხასხსებდა, კოშკები უცნაურად იდგა, სიმშვიდე გვეფინა მხრებზე და მაშინ, ზუსტად იმ წამს, შემეძლო მთელი ცხოვრება უშგულში გამეტარებინა…
მესტიაში გვიან ღამით დავბრუნდით, გოლიათ მთებში განათებული გარემო შორიდან დახეულ ხალიჩას ხან კიდევ ციცინათელების სამეფოს ჰგავდა.
მესტიური სახლის აივანზე ვზივარ. არც ამაღამ ვაპირებ დაძინებას, 2 საათში თეთნულდზე გავდივართ… სვანეთის ცას საზღვრები არ აქვს. წყნარად დაიწყო დაღამება, მერე მთებიდან მოტანილი ჩუმი ფიქრების ხმებიც გადატყდა და ცაზე ათასი ვარსკვლავი აკიაფდა. ბავშვობიდან მგონია, რომ მთელი ჩემი და სამყაროს არსებობის ფილოსოფია ვარსკვლავებით მოჭედილი ცით იწყება და მთავრდება. აგვისტოს ხვატით გათანგულ ღამეებში, ყოველთვის აივანზე ვწვები, სახეს მზისგან გამთბარ ქვებს ვადებ და არასდროს არ ვარ ისე მშვიდად, როცა ვუყურებ ცას ფერებით დალურსმნულს, წარმოსახვაში ვიწყებ სიცოცხლის ბოლო წუთების თვლას, თანავარსკვლავაედების ძებნას და ძალიან ღრმა ფიქრს, შეცნობას იმისას თუ ვინ ვარ, საიდან დაიწყო ჩვენი დაბადება და გარდასახვა, და საერთოდ როგორ აღმოვჩნდი აქ და ახლა. ვიცი , რომ ამ წუთს ვიღაც, სადღაც ჩემსავით ზის და ამ ცას უყურებს, თანავარსკვლავედებს ეძებს. მერე მგონია, რომ ვარსკვლავებგახეთქილი ცის კაბადონზე ვდგავარ, ზოგჯერ ლიმონის და მარილიანი ზღვის სუნი მოაქვს ქარს. აქ თოვს და წვიმს, მზე ანათებს და ცხელა, ცივა და ნისლია კიდეც და ვიცი, მალე დაიწყება გაუვალი გვირაბების ხანა, მერე შეიძლება გათენდეს კიდეც. ამბობენ, რომ განთიადის წინ უკუნი ისადგურებს, მერე იცით როგორი? ყველაფერი შავში ეხვევა, სილუეტები ნაცრისფერ ხაზებად მოიგრაგნებიან, მთები კიდევ იზრდებიან და მდინარეები ჩუმდებიან, სიბნელე ქვევით იწევს, თითქოს მიწის გასრესა უნდა, ამ დროს სადღაც, რომელიღაც კუთხეში სულ პაწაწინა სინათლის ბზარი ჩნდება, მერე დიდდება, სკდება, ნაცრისფერი ბურუსი ცვლის სიბნელეს და თენდება. სინათლე ჯერ თეთრად, მერე ოქროსფრად იწყებს აღმოსავლეთიდან გორვას. არ მახსოვს რამდენი საათია, რაც მარტო მოვდივარ, დანარჩენები დიდი ხნის წინ დარჩნენ უკან, ტელეფონის ზარი მაფხიზლებს: სად ხარ? მალე უკან ვბრუნდებით… -მოვდივარ, მოვდივარ…
თეთნულდის ფერდებზე ვარ… კარგად გათენდა უკვე, გავცდი სათხილამურო ტრასის ბაზებს, ძალიან მცივა კი არადა და უკვე ვკანკალებ. ვბრუნდები, გზაზე მთის ყვავილებს ვკრეფ, უზარმაზრ ბაბუაწვერებს გულზე ვიხუტებ, არა, მართლა მიწიდან იწყება ეს ცა. „თეთნულდი“, ის „კათინთაუ“ , ეს მგონი „ჯანღაც“ თუ არა? , აქეთ ბებერი უშბაც. ნეტავ სად არის ახლა? ან თუ გაიღვიძა, იქნებ თბილისშია, მაგრამ ბოლოს ისიც სვანეთისკენ მოდიოდა თავის ჯგუფთან ერთად. გამეღიმა, ალბათ ტკბილად ეძინა საძილე ტომარაში ან მძიმე ჩანთით გზას ადგა უკვე…
სვანური ცის სიღრმეებში მოგზაურობა კიდევ 18 საათი გაგრძელდა. ჰაწვალი, ჩემი მეგობრების ისტერიკები. სიმაღლის შიშის გამო, ზურულდიდან ფეხით ეკლიან ბაძაძგნარში გავლილი კილომეტრნახევარი . სიცხე, წყურვილი, მთები და ისევ სვანეთი. ქორულდი და ჭალაადი ვერ ვნახეთ , რა წესია?- ვბუზღუნებ. – უკან დასაბრუნებელი მიზეზი მაქვს!
უცნაურად ჩუმად ვარ ეს დღეები, არადა როგორც ამბობენ და ჩემი მეგობრებიც ადასტურებენ : ასეთ ამბებში გამუდმებით ვფართხალებ, ვიცინი, ვლაქლაქებ და არავის მოსვენებას არ ვაძლევ-ხოლმე.
ენგური. ხიდს იქით დარჩენილი საქართველო…
ჩემი უძილობის უკვე მესამე ღამე იყო. ხურჯინით სვანეთის მოგონებები მომქონდა, უშგულელი პატარა მოსეს ცისფერი თვალების სითბო, სიყვარულის კოშკის ლეგენდები, თეთნულდზე ნაპოვნი მთის ბროლის ნამტვრევები, თოვლიანი მწვერვალების სევდა და სვანური ცის სიმაღლე.
ისევ დამავიწყდა რამდენი საათი მოვდიოდით.
ისევ დილის ან გნებავთ, ღამის 4 საათი იქნებოდა სახლის კარი, რომ შევაღე.