18 აგვისტოს იტალიის ქალაქ ბრუნეკში “მთის ხალხის ფესტივალი” გაიმართება, რომელიც სვანეთის კულტურას მიეძღვნება და მიზნად ისახავს რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში სვანური კულტურის პოპულარიზაციას.
შეგახსენებთ რომ სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, ზურულდზე იგეგმება “კავკასიის მთის ცენტრის მშენებლობა”.
მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის” შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მესნერი, წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი” სწორედ, ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.
ცნობილი ალპინისტი, გასულ წელს გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ქართულ მთებს სივრცითი დაგეგმარების ექსპერტებთან და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
რაინჰოლდ მესნერი რამდენიმე თვის წინ სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლთან ერთად დაათვალიერა. სწორედ მის მიერ დაპროექტდება მუზეუმი და ის იქნება მესნერის მუზეუმების ქსელის პარტნიორი მუზეუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის მასშტაბით მის ყველა მუზეუმში მისული სტუმარი მიიღებს ინფორმაციას მესტიის შესახებ, სვანეთის შესახებ და საქართველოს შესახებ.
წყარო: საქართველოს მთის კურორტები