სვანეთი – მდინარის დაბადება

კაკლის ხის ზემოთ მთვარე,

კაკლის ხის ქვემოთ მე,

ფოთლების ფერი შავი,

იგივე ფერის ხე,

ცაზე ათასი ცხვარი

და თეთრი მატყლის ტყე,

გზაზე ვართ მე და ცხენი,

მივდივართ ნენსგერთე.

   აი ასე, ამ უბრალო, სახელდახელოდ დაწერილი პატარა ლექსით დაიწყო ერთერთი ყველაზე ჯადოსნური მოგზაურობა სვანეთის მთებში. მდინარე ნენსკრას ხეობაში. უნდა მენახა, როგორ იბადებოდა ეს ქათქათა და ქაფქაფა, გიჟი და შლეგი, დაუნდობელი და დაუოკებელი, დაუღალავი და დაუქანცავი მთის მდინარე, მყინვართა შვილი. მინდოდა მენახა, როგრ გადაიქცეოდა პატარა ნაკადულად, პატარა გოგონად, რომელიც ალბათ საზეიმო, ფარფატა, თეთრ კაბაში გამოწყობილი, გაედევნებოდა ხეობის გრეხილებს და კისკისით აიკლებდა არემარეს. ადგილს, სადაც ეს მდინარე იბადება, სვანურად ჰქვია __ ნენსგერ!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოვიდა ზაფხული. მოვიდა და წავიდა. წავიდა და მოვიდა შემოდგომა. მოვიდა შემოდგომა და მოიყოლა ჩვენი მთებში ხეტიალის ნანატრი დრო.

სვანეთში ბავშვობა მაქვს გატარებული და ხშირად ძალიან სუბიექტური ვარ. ძალიან მიყვარს და დღემდე ვამბობ, რომ ჩემი რჩეული ადგილია ჩვენ ბურთულა დედამიწაზე. მთას ხომ საერთოდ ახლავს თავისი ჩვეული მისტიკა, მაგრამ სვანეთის მთები ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს. ამიტომაც, მთელი წელი ველოდები ხოლმე ამ დროს.

მოკლედ, დარეკა მაღვიძარამ და ავფაციფუცდით. ზურგჩანთები, ტანსაცმელი, ბოტები, საძილე ტომრები… თბილად ჩაიცვით, ღამით ეცივება! გამოსაცვლელი არ დაგავიწყდეთ! ხილი დაიმატეთ! წყალი? რა წყალი ბიჭო, წყალს მიაქვს ყველაფერი! ჯოხები ხომ აიღეთ? აბა, ცხენები, ცხენები… გამოვიყვან ახლავე! უნაგირები სადაა?

ამათ რა ენაღვლებათ, მორჩა, გამოიწკიპნენ. ჩემთვის, ამ სტანდარტულ აღჭურვილობას ემატება კამერა, ლინზები, ფილტრები და შტატივიც რომ ავიღე, ბიძაშვილმა ისე შემომხედა, როგორც ავიღე ისევ იმ ტრაექტორიით დავაბრუნე თავის ადგილზე. კიდევ კარგი, თორემ რა ათრევდა შტატივს იმ გაუვალ ჯაგნარებში.

სამზადისის ბოლო ამბებია, ვამოწმებთ რამე ხომ არ გვრჩება, რამე ისეთი ხომ არაა და უცებ მახსენდება რომ არსებობს ერთ მხარეს წვიმის საშიშროება და მეორე მხარეს ჩემი ტელეფონ-ფოტოაპარატ-ლინზებ-ამბები, რომლებსაც ეს სასიშროება ესაშიშროებათ! აუჰ, შევიძახე ჩემთვის, რამე კარგი პარკი მინდა, რომ იწვიმოს ტელეფონი არ დამისველდეს მეთქი! ტელეფონზე რომ ფიქრობ, შენთვის თუ მოგაქვს საწვიმარიო, მომაძახა ლაშამ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ მახსოვდა, ჩავდე თუ არა, რა თქმა უნდა მეთქი, ვუპასუხე. მერე ჩუმად მოვიჩხრიკე და კი, ამჯერად ვივარგე.

ღამის სამი თუ ოთხი საათია და ზუსტად იმ ზემოთ ხსენებულ კაკლის ხის ჩრდილში ველოდებით მეგობარს, რომელმაც რაღაც უნდა გვათხოვოს. დიდად არ მაინტერესებს რა უნდა გვათხოვოს, ვინაა, რატომ ვდგავართ, რამდენი ხანი უნდა ველოდოთ… მე, რომ იტყვიან გასული ვარ. არა, იქ ვარ, მათ გვერდით, მაგრამ სხვაგან ვარ. ძალიან სხვაგან!

ცაზე სითეთრეშეპარული ვერცხლისფერი სავსე მთვარე სავსემთვარეობს, ანათებს და ალამაზებს ისედაც ულამაზეს შემოდგომას. განსაკუთრებით მდინარეს უხდება ეს ვერცხლისფერი. ნაწრთობი ფოლადი უხდება სხეული.

ბიჭები წავიდნენ, მე შევყოვნდი. ჩემი ჩაჟი (ჩაჟ __ ცხენს ნიშნავს სვანურად) რაღაც (ალბათ გემრიელი) მცენარით გაერთო და მეც ვადროვე. მალევე მორჩა და აბა, წავედით მეთქი ვუთხარი. გაიგო, ეგრევე დაიძრა. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ აბა მე რა ვიცოდი რომ გაკვირვებები აწი იწყებოდა და ეს არ უნდა გამკვირვებოდა.

შენ ყველაზე ჭკვიანი ცხენი გაყავს და ბარგიც შენ უნდა ატაროო, ასე გამომიცხადა „უფროსმა“. (ეს ჩემი ბიძაშვილია, ლაშა, ადგილობრივი და ჩემზე ძლიერად შეყვარებული მთებზე და მწვერვალებზე) რას ვიზამდი, ცხენს კისერთან ხელი გადავუსვი და ვანუგეშე, ყველაფერი კარგად იქნება მეთქი. ისე ამომხედა, გული დამეწვა, მაგრამ თვალი ჩავუკარი და რა იფიქრა არ ვიცი, უცებ მოვიდა ხასიათზე. ლაშას გარდა, აქაა გივი და ბექა. ოთხნი ვართ.

მივარღვევთ ღამეს და უცნაურ ფერებში გამოწყობილ შემოდგომას თვალს ვერ ვაშორებ, თან საით გავიხედო აღარ ვიცი, ყველა კუთხე და კუნჭული ერთმანეთზე ლამაზია. თავი სიზმარში მგონია, ოღონდ შემთხვევით სიზმარში კი არა, აი, სცეციალური შეკვეთით დასიზმრებულ სიზმარში. კარგმა ამინდმა, სავსე მთვარემ და ცაზე ცხვრის ფარასავით გაფანტულმა ღრუბლის ფთილებმა, სულ ზღაპრად აქცია ყველაფერი.

გზად, სანამ ტყეში შევიდოდით და ძლივსდამჩნეულ ძველ ბილიკებს დავუწყებნით ძებნას, მწყემსების რომელიღაც საზაფხულო კარავს ვესტუმრეთ. ცხენებიც დავასვენოთ და ჩვენც შევივსოთ დაკლებული ძილის მარაგიო. კარავი მდინარის ნაპირზე იყო აგებული და გავეხვიეთ თუ არა საძილე ტომრებში, მაშინვე ხელში აგვიყვანა მდინარის ჩურჩულმა, მთების დუმილმა და ჰაერის სუსხიანმა სიკამკამემ. აგვიყვანეს და გვარწევდენენ. ეს ძილიც სხვა ძილი იყო, სხვანაირი.

მერე მთელი დღე მვდიოდით, წარმოგიდგენიათ? მთელი დღე! მხოლოდ შებინდებისას მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. მთელი ეს დღე და მთელი ეს გზაც, ისეთივე ზღაპრული და სიზმარეული იყო, როგორც ღამე და დასაწყისი. გადაადგილება საკმაოდ ჭირდა. იშვიათად თუ ვინმე წამოვა ასეთ სიშორეზე, მაგრამ აი, როგორც ჩანს დადიან. აბა ჩვენ ვინ ვართ? ბილიკები ზოგან ემჩნეოდა, ზოგან არა. გვერეოდა, გვეშლებოდა, წავიდოდით და მოვბრუნდებოდით. ძალიან ხშირ, წვრილ ტყეს ენაცვლებოდა შქერის, თხილის, მოცვის და უამრავი სხვა მცენარის გაუვალი ბუჩქნარები, ზოგან ჭაობი, მდინარის გაშლილი კალაპოტი, ქვიანი უზარმაზარი სივრცეები, წიფლის ტყეები… აი, წიფლის ტყეები არ მავიწყდება. ტანშევერცხლილი, ოქროსფერი, გაშლილი ხუჭუჭა თმებით. ზოგან ჩანჩქერი ქუხდა, ზოგან წვრილ, თეთრ ძაფებად აჩნდა კლდეებს ნაკადულები. ვწერდი, ვრითმავდი, ვაწყობდი, ვალაგებდი:

შევცქერი სახედამტვრეულ კლდეებს,

დამტვერილს თოვლით, ნასექტემბრალით,

ხან ჩანჩქერები უკაწყავს ღაწვებს

ხან ყელზე გასდევთ ჯიხვების კვალი…

არ ვიცი როგორ გადმოვცე, რას შევადარო. მივდიოდი ამ ტყეებში და ჩემ თავს ვეკითხებოდი, ნუთუ ახლა მე ვარსებობ? იმდენად ვიყავი მოცული ამ დამატყვევებელი და ენით აღუწერელი სილამაზით, რომ თითქოს გავითქვიფე და ერთი მთლიანობა გავხდით.

ჩემი ცხენი აღმოჩნდა საოცრება. თავი ავატარი მეგონა. უხილავი კავშირები. ისიც ამ ერთი მთლიანობის ნაწილი იყო. ადამიანივით ესმოდა და მიჯერებდა. ცხენებს საერთოდ ძალიან უჭირთ ქვიანებში გავლა. ფეხი უსხლტებათ და განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. ჩემიც არ იყო გამონაკლისი. ერთხელ, წინა ფეხი ისე გაეჭედა, რომ ვეღარ იძვროდა. თან დაღმართი იყო და ერთი არასწორი მოძრაობით, შეიძლებოდა მოსტეხოდა კიდევაც ფეხი. ეგრევე ჩამოვხტი, მკერდზე მივიკარი თავით და მოფერება დავუწყე, ვამშვიდებდი. თან ვესაუბრებოდი, აბა ნელა, აბა ვრთხილად, ახლა ასე, გაჩერდი, დამელოდე, მოიცადე, აბა ერთად… მოვკიდე ფეხზე ხელი, თან მხარით მკერდზე ვაწვებოდი, რომ საყრდენი ჰქონოდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი სანდო და ჭკვიანი ცხოველის მეგობრობა. რატომღაც რობაქიძის „გველისპერანგიდან“ ერთი ფრაზა ამეკვიატა. „არაბული ცხენის გული ექვს კილოს იწონის, რაა ამ გულთან სხვა გულის ფეთქვა“. ვიმეორებდი ამ ფრაზას და რას აღარ ვფიქრობდი ჩემი ოთხფეხა მეგობრის ადამიანური ქცევებით შთაგონებული.

დაღამებამდე უნდა მიგვესწრო გამოქვაბულამდე. ჯერ არცერთმა ვიცოდით სად უნდა გაგვეთია ღამე. ლაშა ამბობდა გამოქვაბულია უზარმაზარი ქვის ქვეშო.

როგორც იქნა მივაღწიეთ. ეს იყო ლოდინით დაღლილი, ვებერთელა, ტანმსხვილი ლოდი, რომელიც გველოდა მეგობარ ლოდებთან ერთდ. სახეებზე ღიმილი დაეტყოთ, რომ დაგვინახეს. ალბათ მომეჩვენა, ისე გამიხარდა მათი დანახვა.

ეს ადგილი, ქარვისფერში გახვეული გაშლილი სივრე იყო, რომელსაც გვირგვინად თოვლიანი მწვერვალები ედგა, მხრებზე ქათქათა, მთებისხელა მყინვარები მოეხურა და მკერდს ბრილიანტის თვლებით გაწყობილი, მზეზე ერთიანად გაბრწყინებული, ახალშობილი ნაკადული უმშვენებდა. შემოდგომის თბილი მზე და ქათქათა მყინვარი. ულამაზესი მშობლები ყოლია პაწაწინას.

შემდეგ იყო მზის გაცილება, ბინდი, სამზადისი, კოცონი… გამოქვაბული იმხელა აღმოჩნდა, რომ 6-7 ადამიანი თავისუფლად მოთავსდებოდა. მოკლედ, მოვეწყვეთ. საგზალი ამოვალაგეთ, სუფრა გაიშალა, ხაჭაპურები გაფიცხდა, არაყმაც გემრიელედ ჩაიღიღინა ჭიქაში და სულ მალე ისეთი ლექსებისა და სიმღერების ექომ გაავსო ხეობა, რომ შუაღამისას ფრიად გაკვირვებული და შეცბუნებული ამოვიდა ბატონი მთვარე.