სულ სხვა ცხოვრება

17 დეკემბერია. დილის 7 საათი.

ქალაქის ჰაერს ნაჩვევ ფილტვებს მთის ჟანგბადით ხარბად ვავსებთ, ვფხიზლდებით, არაგვის მეორე ნაპირზე გადავდივართ. წინ გვიდაქეა,  დაცარიელებული სოფელი – 3 ოჯახით, მხოლოდ 3 საკვამურბოლიანი  სახლით.

სუსხია.. ავტომანქანის გაყინულ მინებზე გაურკვეველი, თუმცა ჰარმონიული ფიგურებია გამოკვეთილი.
მძღოლი დრო და დრო მარილიან ჩვარს უსვამს საქარე მინას.

ხვალინდელ დღეს თქვენთან ერთად გავატარებთ-თქო, წინა დღეს ავიღეთ ნებართვა ვასიკო პაპასგან. გვაინტერესებდა,  როგორ ცხოვრობდნენ, როგორ შრომობდნენ და საერთოდაც, როგორ გადიოდა დრო ცამდე აზიდული მთებით, ციცაბო ფერდობებით, ყინვამორეული თოვლიანი მწვერვალებით გარშემორტყმულ ფიქალით ნაგებ სახლებში.

არ ვაზვიადებ, მთებისთვის თვალის აწვდენა მართლა ჭირს და  მზეც ჰორიზონტს მერე ვეებერთელა წრულუას, მზორენს და ხონთრუას უნდა ამოსცდეს, სოფლის სამ კომლს თავისი არსებობა რომ შეახსენოს. თუმცა ვასიკო პაპამ მის ცაზე ხეტიალს რომ უცადოს, საქმე დაუგვიანდება. ადგომას ვერავინ დაასწრებს. დილის 7 საათიდან ფხიზლობს (ჩვენც ზუსტად ამ დროს დაგვიბარა), საწოლს საგულდაგულოდ ასწორებს, მერე პირუტყვს უვლის, ჟანგისგან შეჭმულ ღუმელს ანთებს და ოჯახის დანარჩენი ორი წევრის გაღვიძებას ელოდება.

უწინ, თურმე, მის ჭერ ქვეშ  38 სული ცხოვრობდა, დღეს კი ის და მისი ქალბატონები ჯიუტად ებრძვიან დროს და საუკუნოვანი ყოფის ზღვარზე, ჩვეული სიმშვიდით განაგრძობენ სამყაროში ამ სახით არსებობას.

ოჯახის უფროსმა ქრისტეშობას 90-ე წელი შეასრულა. არ ტრაბახობს, თუმცა თავისებური სიამაყით ამბობს: იშვიათია, გლეხ-კაცს ასეთ განსაკუთრებულ დღეს რომ ეყოლოს შვილი, ეგ ან დაგამხობს, ან აგაშენებსო.  საუზმეზეც, სადილსა და ვახშამზეც ას გრამ არაყს გამოწერილი წამალივით სვამს. შეძლებისდაგვარად ანებივრებს თავისასაკსმიტანებულ მეუღლეს და 94 წლის დას – ლიზას.  თანამედროვეობასთან ყველაზე მწყრალად სწორედ ისაა, –  ძმისა და რძლისგან განსხვავებით, ვერც ტელევიზორს შეეჩვია და ვერც ტელეფონს გაუგო რამე. ეგ კი არა, ბოლო დროს, თურმე, იმაზე დარდი აეკვიატა, აღარაფრის მაქნისი ვარ და ოჯახს ტვირთად ვაწევარო.. ჰგონია, რომ სამყაროს ბურთივით გაეჩხირა ყელში ან ხორცმეტივით მიეტმასნა ნაფერებ სხეულზე.

არადა, სულაც არაა ასე . . არაგვის ხეობის სუსხით შემცივნებულებს დილაუთენია ჩაითაც გაგვიმასპინძლდა და ხაჭოს კვერების გამოცხობაშიც მიეხმარა დიასახლისს. ერთ რამედ ღირს იმის ნახვა, როგორ ეფიცხება მოხუცი ქალბატონი შუა ცაზე შეცურებულ მზეს, ნაოჭასხმულ ქუთუთოებს დაბლა ხრის და ინაბება.

ნინა საქმიანობს, ნაკლებად გვესაუბრება, უხერხულობს. მოგშივდებოდათო – სუფრას გვიშლის.  ქმარზე რამდენიმე წლითაა უმცროსი, ამ ასაკში ხელსაქმეს მოეშვა, ხალიჩები და წლების წინ დამუშავებული თექა, ახლა მხოლოდ მეორე სართულის კედლებს აფერადებს.

ოთახში დასჯილი ბავშვივითაა ატუზული პირდაუბანელი ღუმელი, რომელსაც ძველი ემალის ჩაიდანი ზედ თავზე აზის. წყობიდან გამოსული რადიოსთვის  ქვის თაროზე მიუჩენიათ ადგილი. მტვრიანიმუყაოსფერია ჟურნალ- გაზეთების წყობა მის გვერდით- დიდი ხანია მათთვის აღარავის მოუცლია.

საუბარსაა მოწყურებული ვასიკო პაპა, ყველა ამბის მოყოლა უნდა, მოასწროს, ჯარში რომ წაიყვანეს, იქედან მოყოლებული, დღემდე.. ჩვენც ვისმენთ, ხაჭოს კვერებს შევექცევით, სადღეგრძელოებში მხარს ვუბამთ, სადიდებლებზე – დასტურს ვეუბნებით და ამასობაში მოდის საღამოც..  აწი უნდა მოისვენონ, ღამეს ფიქრები შეაგებონ და მოთმინებით დაელოდონ გარიჟრაჟს..

გვერდით სახლში ტარიელი ცხოვრობს. სანამ მის მეზობელს ვსტუმრობდით, შორიდან გვათვალიერებდა ხშირ წარბებში ღმად ჩამჯდარი თვალებიდან წამოსული მზერით. მერე, ალბათ, ჩვენს კეთილგანწყობაში დარწმუნდა და შინ მანაც შეგვიპატიჟა.

სახლს ქალის ხელი აკლდა. რძის სუნით გაჭღენთილი კედლები წითლად იყო შეფერილი. იატაკს აქა-იქღა შერჩენოდა მოშვინდისფრო საღებავი. ტარიელს თავად უწევდა ყველა იმ საქმის კეთება, რაც ვასიკო პაპასთან ქალებს (ნინას და ლიზას) ევალებათ.
ჰო, ეხლა მესამე ოჯახზეც –  ნიკოლოზი, თურმე,  46 წელია დეკანოზია. მისი კურთხევის გარეშე მთის სალოცავებში არცერთი დღეობა არ იმართება. ახლა ცოტა შეუძლოდაა, მაგრამ ავადმყოფობას ხალხური მეთოდით ებრძვის –  ტანზე შემოკრულ ცხვრის ტყავს გვაჩვენებს –   “ფილტვებს ასე უფრო უხდებაო. .

ძირითადად საკვებად  რძის პროდუქტები აქვთ. ჰყავთ 15 სული ძროხა, 6 სული ცხვარი და რამდენიმე ქათამი. ვერსად ნახავთ ღორს. კითხვაზე: – რატომ? კითხვაზე ყველა ერთხმად  გვპასუხობს: – ხატი გვიწყენს!

გულწრფელები არიან, ურთიერთობებსმონატრებულები, უამრავი ამბავი აქვთ, მაგიური, ჯადოსნური, საუცხოო . .. ვისმენთ, ფეხდაფეხ დავყვებით, ათასი კითხვით თავს ვაბეზრებთ. . .

დრო ნელა გადის, იმდენად ნელა, რომ ზამთარი სამის ნაცვლად შვიდ თვეს გრძელდებაო. ზოგჯერ სამი მეტრი თოვლიც მოდის და სამყაროსგან ისედაც მოწყვეტილ სოფელს საერთოდ ავიწყებს სხვების არსებობას. ამ დროს “ზოვებიც ხშირია და წყალიც დიდობს ხოლმე”, თუმცა ნუგეშად კვირია ჰყავთ, ამინდის ანგელოზი,- შესთხოვენ და გამოიდარებს. წელს ყინვამ ცოტა ადრიანად მოუჭირა და ხეხილი სანახევროდ ხეებზევე შეჭირხლა…
ზაფხული გრილია, ზოგჯერ ცივიც. სოფელი კი, თითქმის, ისეთივე ჩუმი და იდუმალი, როგორც დანარჩენ თვეებში. დროდადრო შვილიშვილები თუ აამოძრავებენ ხოლმე ფოტოსურათზე გამოსახული კადრივით გაშეშებულ ერთფეროვნებას.

მზე ჯერ ცის თავზე არ იყო ამოწვერილი, სიმაღლისგან გაამაყებული სადამპლის რუ თავისკენ რომ ექაჩებოდა და ერთიანად ითრევდა დაკბილულსხეულში.
აქ ჩამოსულებს ჩვენსავით უკვირთ, რომ დღის 3-4 საათზე სოფელი ისევ მთების ჩრდილში ექცევა, მზისგან გახალისებული და ცვარმოკიდებული ბალახი ისევ გაყინვას იწყებს და, თითქოს, ჰაერიც ნაცრისფერდება.
მერე ბინდდება, ნისლი უფრო და უფრო ეკვრის გულში დედამიწას…
ავტომანქანის მინები ისევ სუსხის თარეშით ირთვება.

ჩასხდომამდე კიდევ ერთხელ ვავლებთ თვალს გვიდაქეს. მთვარე არ ჩანს, წრულუას ჰყავს დატყვევებული.
მძღოლი დროდადრო დასწვდება ხოლმე მარილიან ჩვარს, სიცივეც არ აძლევს გონებას მოდუნების საშუალებას და ათასნაირი ფიქრით ახელებს. ალბათ, აქაურები ისევ ისე გააგრძელებენ ცხოვრებას: დაეხმარებიან ერთმანეთს, პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიანობას, აიღებენ სოციალურ დახმარებას, დილით მზეს დაასწრებენ ფაცი-ფუცს, საღამოს კი, მთვარის ამოსვლამდე, საქმისგან დაღლილები საინფორმაციოსაც შეავლებენ თვალს. ალბათ, კიდევ ესტუმრებათ ასეთ გარემოს შეუჩვეველი ხალხი, მათი დროის საზომიც ასცდება აქაურთა დროის საზომს და ალბათ ისინიც ჩვენსავით დაუსრულებლად უტრიალებენ ერთ დიდ კითხვის ნიშანს, რომელსაც სულ სხვა ცხოვრება ჰქვია…
“- ლამპიონები, გზა გამოჩნდა!..” – მძღოლის სიტყვები ძველ განზომილებაში გვაბრუნებს. ..