სტოკჰოლმი – ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

  • Home
  • ბლოგები
  • სტოკჰოლმი – ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

სტოკჰოლმი იმდენად შთამბეჭდავი, გასაოცარი და განუმეორებელი ქალაქია, რომ მისი ხილვით მიღებული შთაბეჭდილებების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვფიქრობ გამიჭირდება ერთ სტატიაში მოვაქციო ყველა ის ემოცია, რაც სტოკჰოლმში ყოფნის დროს, ერთი კვირის განმავლობაში დამიგროვდა. ეს არის ქალაქი, რომელსაც ვერ ამოწურავ, ბოლომდე ვერ შეიცნობ. დამთვალიერებლებისთვის სტოკჰოლმი ნამდვილი სამოთხეა. აქ უცნაური სურვილი გიჩნდება ადამიანს, გინდა ძველი ქალაქის ფერად ქუჩებში უსასრულოდ იხეტიალო და მერე დაღლილ-დაქანცული, სადღაც შორეულ წარსულში გაუჩინარდე…

 

 

ამ მოგზაურობას რამდენიმე თვის განმავლობაში ვგეგმავდი. ეს ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო ევროპაში და განსაკუთრებული ემოციით და გულისფანცქალით. და რაც ყველაზე მთავარია სტოკჰოლმში ჩემი უსაყვარლესი ადამიანები მელოდებოდნენ, რომელთა დახმარებით შევიცანი და შევისისხლხორცე ეს საოცარი ქალაქი.

…და, აი დადგა ნანატრი წუთები.  თვითმფრინავი ნელი რწევით დაეშვა არლანდის აეროპორტში.

გულმა გამალებით დამიწყო ძგერა.  ეს უზარმაზარი აეროპორტი ზუსტად ასახავს შვედი ხალხის ხასიათს. თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიპყრო წარწერამ „კეთილი იყოს ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩამობრძანება“. თუმცა ამ ქალაქში „შებრძანება“ ჩემთვის და ჩემი მეგზურისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ევროპის კარები ჩემთვის შვედეთს უნდა გაეღო და ალბათ ზედმეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა.  „მუშტრის“ თვალით ჩაგვათვალიერა მესაზღვრემ  და  ჩვენი „დაკითხვა“ დაიწყო. დამტვრეული ინგლისურით გაგვიჭირდა აგვეხსნა ვინ ვიყავით, რა გვინდოდა და სად მივდიოდით. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მერვე დღეს გვქონდა აღებული, სასტუმრო კი მხოლოდ სამი დღით გვქონდა დაჯავშნილი. როგორც ჩანს ამ ფაქტმა დააეჭვე  შვედი მესაზღვრე და გვთხოვა თარჯიმანს დავლოდებოდით. ორ საათიანი ლოდინის შემდეგ ორი ახოვანო პოლიციელი ამოგვიდგა გვერდით და გაყოლა გვთხოვეს, შეგვიყვანეს საგანგებოდ განკუთვნილ ოთახში და საგულდაგულოდ გაგვჩხრიკეს, მერე უშველებელი ავტობუსით გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს, ცარიელ შენობაში შეგვიყვანეს, პასპორტები ჩამოგვართვეს და გაუჩინარდნენ. საათი საათს მისდევდა, მაგრამ არც თარჯიმანი ჩანდა და  აღარც პოლიციელი. უკვე შიშის ზარები წკრიალებდნენ ჩვენს გულებში. ოთხი საათის მერე გამოჩნდა სულ სხვა პოლიციელი, რომელიც რუსულად საუბრობდა. მოკრძალებული ღიმილით მკითხა, თუ რატომ მქონდა სასტუმრო მხოლოდ სამი დღით დაჯავშნილი და არა მთელი კვირით. მოვმართე მთელი ჩემი „ორი კაკალი“ რუსული და ჟურნალისტური ალღო. გამახსენდა, რომ საფულეში პრესის ბარათი ე.წ პრესკარტა მედო. სწრაფად ამოვიღე და ამაყად მოვახსენე პოლიციელს, რომ ვარ ქართველი ჟურნალისტი, ჩავედი სტოკჰოლმის დასათვალიერებლად და მინდა შემდეგ მათი ქალაქი ჩემს თანამემამულეებსაც გავაცნო. ხოლო სასტუმრო იმიტომ დავიქირავე  მხოლოდ სამი დღით, რომ შემდეგ სხვა რაიონში მინდა გადასვლა. პოლიციელმა გამიღიმა და მზის სხივმაც გამოანათა. მან საგულდაგულოდ გადათვალა ჩემს საფულეში ევროები და ჩემი ჟურნალისტობის დამადასტურებელ ბარათთან ერთად გაუჩინარდა. ნახევარ საათში ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან, კეთილი იყოს თქვენი სტოკჰოლმში მობრძანებაო მოგვიგო, ჩაგვსვა საკუთარ მანქანაში და გასასვლელამდე მიგვაცილა.

აეროპორტიდან ჯერ არ ვიყავით გასული, (არ ვიცი რა დავარქვა) „დავგოიმდით“ თუ კურიოზული შემთხვევა იყო თქვენ შეაფასეთ. მოკლედ მე და ჩემს მეგზურს, ეკა საგინაშვილს გვაქვს ბარგი, რომელიც თითო იწონის 23 კილოს. ასევე მხრებზე გვკიდია 8-8 კილოიანი ჩანთები. ჩვენი ორივე ჩემოდანი სავსეა: სამწვადით, იმერული ყველით,  ყელმოღერებული დედლებით, ხაჭაპურებით, კახური ჭაჭით, ღვინით, ალუჩით და სხვა, რომლებიც ქართველი ემიგრანტებისთვის იყო განკუთვნილი. აეროპორტიდან მეტროს სადგურამდე, რომ მივსულიყავით არც ისე მოკლე მანძილი გვქონდა გასავლელი. მათ ერთმანეთთან გრძელი კორიდორი აკავშირებდა. მძიმე ჩემოდნებით კორიდორი დიდი წვალებით გავიარეთ. თუმცა წინ უარესი გველოდა… უშველებელი დახვეული კიბეები დაგვხვდა, რომლის გარეშეც მეტროს სადგურზე ვერ ჩავიდოდით. ესკალატორი გაჩერებული იყო, შესაბამისად ესკალატორით  ვერ ვისარგებლებდით. ავიკიდეთ 23-23 კილოიანი ჩემოდნები და რახრახით, კვნესით, ვაებით, გოდებით ძლივს ჩავათრიეთ პირველ სართულზე. სიმწრის ოფლი გვასხამს, თითქოს ჩვენი გაჭირვება არ გვყოფნის, გაოცებული, გაფართოებული თვალებით, როგორც პაპუასებს ისე გვიყურებენ შვედები. გზის გაგრძელება აღარ შეგვეძლო დასასვენებლად იქნე კიბეებთან გავჩერდით. 5 წამში ჩემს ყურთან ისმის გაურკვეველი ხმა, ვიხედები გვერდზე და ვხედავ, როგორ იღება ლიფტის კარები და ბედნიერი სახეებით გამოდიან ჩემოდნიანი ტურისტები და აგრძელებენ გზას მეტროს სადგურისკენ. ჩვენ იმ წუთას ჩვენი ქვეყნის სახე ვიყავით…

საოცარი ისტორია, განსაცვიფრებელი არქიტექტურა, ულამაზესი მდინარეები, ტბები, მოვლილი პარკები და ეზოები, მჭიდრო დასახლებები, აეროპორტში სწრაფი ტრანსფერი და მოქნილი მეტროს სისტემა – ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ სტოკჰოლმი შაფასო, როგორც ერთ-ერთი განვითარებული, დახვეწილი, ლამაზი, ჰარმონიული და შთამბეჭდავი ქალაქი.

 

ულამაზესი სანაპიროები, უღრანი ტყეები,  უამრავი ტბა და კუნძული… ყოველივე ამის ხილვის შემდეგ სულაც აღარ მიკვირს, თუ რატომ გიჟდებიან შვედები საკუთარ ბუნებაზე, რატომ უვლიან ასე გამალებით თითოეულ  ხეს, ბუჩქს და ყვავილს.  წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში ისინი ყოველთვის პოულობენ მიზეზს, რომ სასიამოვნოდ  გაატარონ დრო გარეთ, ბუნებაში. განსაკუთრებით იზიდავთ ტბის სანაპიროზე პიკნიკი. შვედებს სამუშაო დღეებში დალევა ეკრძალებათ, ისინი მხოლოდ პარასკევ და შაბათ საღამოს სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს. ამ დღეს ხმაურის, სიმღერის,  უფლებაც გაქვს, რაც სხვა დღეებში გეკრძალება.

ქალაქში სეირნობის დროს ხშირად მოჰკრავთ თვალს ბაღის მოსწავლეებს, რომლებსაც სპეციალური უნიფორმები აცვიათ და მასწავლებლების დახმარებით ასუფთავებენ ბაღებს, სკვერებს, უვლიან ყვავილებს, კრეფენ ხმელ ფოთლებს, ნარჩენებს და ა.შ. მათი შეგნება და კულტურა, რომ უნდა მოუარონ საკუთარ ქალაქს დაიცვან სისუფთავე ღრმა ბავშვობიდან იხვეწება და ვითარდება. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ 2017 წლის აპრილში, შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი 10 ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა დედაქალაქს შორის პირველ ადგილზე დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევაზე დაყრდნობით, ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ხალხს, ჩემი დაკვირვებით და დასკვნებით, შვედები ყურადღებით და სითბოს გამოხატვის უნარით ნამდვილად არ გამოირჩევიან, თუმცა აშკარად იგრძნობა, რომ ისინი სხვა ადამიანის შეხედულებებს, მისწრაფებებს, ინტერესს, აღმსარებლობას, ორიენტაციას პატივს სცემენ და გაგებით ეკიდებიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს, ვცდილობდი პარალელი გამევლო ქართველებსა და შვედებს შორის. როცა მეტროში პირველად შეყვარებული მამაკაცი წყვილი დავინახე, წარმოვიდგინე ისინი, რომ თბილისის მეტროში შემოსულიყვნენ რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას. ან ქართველი მამაკაცი დაენახათ იასამნისფერი თმებით, გახვრეტილი ცხვირით და ყურით, ხშირი და გრძელი წვერით (წვერიც შეღებილი). არ იფიქროთ, რომ შვედებს ყველაფერი მოსწონთ და ყველაფერს ეთანხმებიან, უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნე ისინი ყველა ადამიანის შეხედულებას ერთნაირად სცემენ პატივს.

ქალაქის ყველაზე ძველ უბნებს Gamla Stan-ს (ძველ ქალაქს) უწოდებენ. ეს უბნები  გაშენებულია ცენტრში არსებულ მცირე ზომის კუნძულებზე. აქ შეიძლება ის ადგილებიც ნახო, საიდანაც შუა საუკუნეების შვედეთში სტოკჰოლმის მშენებლობა იწყებოდა. ძველი სტოკჰოლმის ვიწროდ ნაშენები ქუჩები, სახლები, სახურავები ფერადი და განსაკუთრებით ლამაზია. სტოკჰოლმის  ისტორიული ცენტრი, მდებარეობს კუნძულ სტადსჰოლმენზე. ძველ ქუჩებს სანაპირო ზოლი აკრავს გარს. წყლის ნაპირებთან ხშირად შეხვდებით შეყვარებულ წყვილებს, სტუდენტებს, მოხუცებს, რომლების მზეს ეფიცხებიან და წყლის ჩურჩულს უსმენენ.

სწორედ ძველ ქალაქში მდებარეობს სტოკჰოლმის მერია, რომელიც განსაკუთრებული, დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა.  შენობის აშენებას 12 წელი და 8 მილიონი აგური დასჭირდა. იგი 1923 წელს გაიხსნა და 1930 წლიდან ნობელის პრემიას მასპინძლობს. შენობას დღესაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.

სტოკჰოლმი მსოფლიოში, თუკი შეიძლება ასე ითქვას,  ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სამუზეუმო ქალაქია. ქალაქში დაახლოებით 70 მუზეუმია, რომელთაც ყოველწლიურად 9 მილიონი დამთვალიერებელი სტუმრობს. სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო, მუზეუმების მხოლოდ მცირე ნაწილის დათვალიერება მოვასწარით, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა შვედეთის კულტურას და წარსულს გავცნობოდით.

სტოკჰოლმში პირველად Nordic  მუზეუმი (ნორმანდიული მუზეუმი) დავათვალიერეთ. ამ მუზეუმს 1891 წელს ჩაეყარა საფუძველი. დღეს მუზეუმში უამრავი ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც შვედეთის  ტრადიციების, კულტურის, სამოსის, სამზარეულოს განვითარებას ასახავს.

საუცხოოა ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი სკანსენი. აქ შვედეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი და გამართული საცხოვრებელი ნაგებობებია განთავსებული. კუნძულ იურგოდენზე  1891 წელს აშენდა.  აქ ყველაფერი შუასაუკუნეების  ტრადიციების დაცვითაა გაკეთებული.

აქ მთელი შვედეთიდან თავმოყრილია ცხოველები. მათთვის დიდი ვოლიერებია გამოყოფილი.  ასევე კარგად არის განვითარებული სხვადასხვა ხელობები. ტარდება მასტერკლასები მჭედლობაში , დურგლობაში და სხვა. აქვე არის საცხობი, სადაც ძველებური კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. ყველაფერი ძალიან ბუნებრივადა გაკეთებული თითქოს და მართლაც შუა საუკუნეებში იმყოფებით.

უმნიშვნელოვანესია მუზეუმის არქიტექტურა.  ქუჩები და სახლები მშენებლობის ძველებური პრინციპებით არის ნაგები. ამ სახლებში შესვლის შემდეგ ძველი შვედების ყოფას გაიცნობთ – როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, რა ნივთებს იყენებდნენ ოჯახში, რა საოჯახო საქმეს ქონდათ ოჯახის წევრებს დაკისრებული.

თუ ოდესმე გიოცნებიათ  ხის იალქნიან ხომალდზე მოხვედრაზე, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ გუსტავ ვაზას ხომალდ-მუზეუმი. ვაზა შვედური საბრძოლო ხომალდია, რომელიც ზღვაში პირველად 1628 წელს გავიდა. იმ დროს შვედეთს ვაზას დინასტია მართავდა,  გემს სახელი სწორედ ამ დინასტიის საპატივცემულოდ დაერქვა. გემის მშენებლობისთვის ხის მასალა ყოფილა საჭირო, ამიტომ 16 ჰექტარი მუხის ტყე გაუჩეხავთ, ანუ ათასზე მეტი ხე მოუჭრიათ. ჩამოუსხამთ ბრინჯაოს ზარბაზნები. ხომალდის კორპუსი მდიდრული, მოოქროვილი, ხეში ნაკვეთი სკულპტურებით და ფერადი დეკორაციებით მოურთავთ. თავის დროზე ხომალდი სტოკჰოლმის მოსახლეობის სიამაყის საგანი გამხდარა.

მაგრამ სამწუხაროდ გემის მშენებლობისას ბევრი შეცდომები ყოფილა დაშვებული, რის გამოც  1826 წლის 10 აგვისტოს, ზღვაში ჩაშვებისთანავე, გემი გადაბრუნებულა  და ჩაძირულა. გემბანზე ეკიპაჟის 100-მდე წევრი ყოფილა, მათ შორის ბავშვები. საბედნიეროდ ვაზა სტოკჰოლმის ნავსადგურიდან მხოლოდ 100 მეტრში ჩაძირულა, ამიტომ მგზავრების და ეკიპაჟის უმეტესობა უვნებლად გადარჩენილა. ხომალდთან ერთად მხოლოდ 30 ადამიანი დაღუპულა. ჩაძირული გემი ზედაპირზე 1961 წლის 24 აპრილს ამოუტანიათ. შვედებმა გემს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარეს და 1990 წლის 16 აგვისტოს მუზეუმიც გხსნეს. მუზეუმი იურგორდენში, სტოკჰოლმის ცენტრში მდებარეობს. უფრო ხშირად კი მას სკანსენის პარკად, ლუნა-პარკად და ნორდისკის მუზეუმად მოიხსენებენ. ვაზას მუზეუმის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმია სტოკჰოლმში.

1950 წელს სტოკჰოლმის გარეუბნებს მეორე სუნთქვა გაეხსნა, ქალაქში მეტროპოლიტენი გაიყვანეს.  სტოკჰოლმის მეტროს დახასიათებას ალბათ ცალკე სტატია დასჭირდება. ეს არ არის უბრალოდ მეტრო- ეს ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, უზარმაზარი გალერეა, საუცხოო ფერებით და მღვიმეებით, დახვეწილი ქანდაკებებით, ორნამენტებით. მეტრო სათავეს იღებს ქალაქის ცენტრში მდებარე T-Centralen-ში და მიჰყვება ქალაქის გარშემო მატარებლის 110-კილომეტრიან მარშრუტს.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, იმ პერიოდში შვედეთში მიაჩნდათ, რომ ხელოვნება ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო უფრო ფართო საზოგადოებისათვის და არა მარტო ელიტარული წრეებისთვის. ეს იდეა რეალობად 1950-იანი წლების მიწურულს აქციეს და ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, მეტროში განახორციელეს. შედეგი სახეზეა…

„სოციალ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ხელოვნება არ უნდა ყოფილიყო იზოლირებული, არამედ სტოკჰოლმის ნაწილად უნდა ქცეულიყო“,  ამბობს მოქანდაკე ბირგიტა მური, რომელსაც 2002 წელს Högdalen-ის სადგურზე მუშაობა ჰქონდა დავალებული.

ჩვენი ბოლო გაჩერება სწორედ სტოკჰოლმის მეტრო იყო. ბოლო საღამოს უღიმღამოდ ჩავალაგეთ ბარგი. უკვე მენატრებოდა და მიხმობდა ჩემი პატარა საქართველო მაგრამ, გული მწყდებოდა, რომ კიდევ ბევრი რამე მრჩებოდა სტოკჰოლმში სანახავი და ღმერთმა იცის კიდევ მომეცემა თუ არა მისი ნახვის შანსი. ეს არის ქალაქი, რომელიც გინდა თუ არა, თავს მაინც დაგამახსოვრებს და შენს ნაწილად იქცევა.