სტამბოლი – პირველადი ქაოსი ანუ 10 რამ ჩემი მზერის მტაცებელი

  • Home
  • ბლოგები
  • სტამბოლი – პირველადი ქაოსი ანუ 10 რამ ჩემი მზერის მტაცებელი

სტამბულის მთავარ ქუჩებზე ხეტიალის დროს ერთი საინტერესო თურქული ბრენდის მაღაზია მოვინიშნე – Aponia სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მაისურები ორიგინალური ნახატებითა და სლოგანებით, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებულად ჩამებეჭდა გონებაში და მაშინვე ამომიტივტივდება ხოლმე როგორც კი სტამბულზე რაიმეს დაწერას დავაპირებ.

“Istanbul. They call it chaos, we call it home”

(სტამბული. სხვათათვის ქაოსი, ჩვენთვის საკუთარი კერა.)

მე თუ მკითხავთ იდეალურად გამოხატავს შთაბეჭდილებას, რომელსაც ახდენს სტამბული თავის პირველმნახველზე და შესაბამისად ჩემზეც.

პირველად აღმოვჩნდი სტამბულში და იქიდან დაბრუნების დღიდან ყველა შთაბეჭდილებების გაზიარებას მთხოვს, ამიტომ თავიდანვე გიპასუხებთ კითხვაზე თუ როგორია სტამბული – საშინელი!!!

ჰო, ნამდვილად, საშინელი ქალაქია, თუ ოდნავ მაინც ინტერესდები ხელოვნებითა და კულტურით და თან არ გაქვს მუდამ მზადყოფნაში მყოფი ფოტოაპარატი და დრო, დრო, დრო… წარმოიდგინეთ, სადაც კი გაიხედავ, ყოველ წერტილში, რაღაც საინტერესო ხდება, რაღაც განსხვავებული, ორიგინალური…

მაგრამ მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, როცა პირველად დავინახე თვითმფრინავიდან სავსე მთვარის შუქზე მოლიცლიცე ბოსფორი და თანავარსკვლავედებსაებრ აბრჭყვიალებული სანაპიროები… მაინც რა სასტიკად გამიმართლა, რომ თვითმფრინავით პირველი მგზავრობისას ფანჯარასთან ჯდომა მხვდა წილად. ეს იყო ბევრი პირველის და ბევრი გამართლების 6 დღე, მაგრამ მე მოგიყვებით იმაზე, რაც აქამდე არ მენახა ანდა უბრალოდ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის:

≈1≈

მრავალსართულიანი შენობები ფირმის სახელის აღმნიშვნელი უზარმაზარი წარწერებით

შეიძლება ვინმესთვის სასაცილო იყოს, რა ნახაო საოცარი კორპუსებში თბილისის გარეუბანში გაზრდილმა და მცხოვრებმა ადამიანმა, რათქმაუნდა სართულების სიმრავლეს არ გავუგიჟებივარ (თუმცა იმხელა და იმდენი ცათამბჯენი მართლაც არ მენახა აქამდე), არამედ იმის გაცნობიერებამ, რამდენი კომპანია ფუნქციონირებს ასე ერთმანეთის გვერდით (სიმრავლით თვალდაღლილმა თავშესაქცევად ნაცნობი სახელების პოვნაც კი ვცადე… უშედეგოდ). საქართველოში მსგავსი ვიზუალის შენობა ერთადერთი მინახავს (იცით რომელიც, ქართლში, გზიდან კარგად ჩანს) და ისიც ვერაფრით შეედრება იქაურებს. აი ასე, თვალნათლივ შეგიძლია ნახო როგორ ყვავის თურქეთის ეკონომიკა (არადა წარმოებების სრული უმრავლესობა, რომელთანაც კონტაქტი მქონია აქამდე, იზმირშია. წარმომიდგენია იქ რა მაშტაბებს აღწევს საწარმოო რაიონები). სამწუხაროა, რომ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, არც ისე კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ იქაურ ბიზნესს.

≈2≈

ყვავილებითა და ბუჩქებით შექმნილი ნაირ-ნაირი ორნამენტები

სტამბულის აეროპორტიდან სასტუმრომდე მიმავალ გზაზე, ცათამბჯენების შემდეგ სწორედ ნაირფერი ყვავილებით მორთულმა გაზონებმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ეს მრავალფეროვანი ორნამენტები კეთილგანწყობილი სტუმარ-მასპინძლობის წინასწარმეტყველებად იქცა. სამწუხაროდ, მათი გადაღება ვერ შევძელი ავტობუსიდან, სამაგიეროდ რამდენიმე დღეში ტიტების ფესტივალი ვინახულე გულჰანეს პარკში, უბრალოდ თვალწარმტაცი რამ.

 

 

 

 

≈3≈

პოლიციელთა უნიფორმები

სასწაული გადასვლაა არა?! ჰო, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პოლიციელთა უნიფორმებით ისე მოვიხიბლე, სრულიად არ მაწუხებდა მათი სიმრავლე სტამბულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროსპექტზე – ისტიკლალზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი იქ ყოფნა დაცულობაზე მეტად კონტროლის შეგრძნებას ტოვებდა.

და ეს მეტალდეტექტორები კინოთეატრების, მუზეუმების და სხვათა შესასვლელებში… პოლიციელთა მანქანები ქრისტიანული ეკლესიების ჭიშკრებთან… ავლილ-ჩავლილი ჯავშანტრანსპორტიორები… შიშს თესავდნენ თუ ამოძირკვავდნენ არ ვიცი, თავს კი არაფრით გვავიწყებინებდნენ, ისევე როგორც

≈4≈

გიგანტური ერდოღანი და EVET 

ეს ფრიად საინტერესო პიროვნება, რომლის უზარმაზარი პოსტერები წარწერით “ევეტ” (თურქ. დიახ) ყველა დიდსა თუ პატარა მოედანს ამშვენებდა. ჰო, მაინცადამაინც ჩემს ჩასვლას დაამთხვიეს ეს თავიანთი რეფერენდუმი. საბჭოთა კავშირში რომ მეცხოვრა ალბათ მაშინვე ლენინის რემინისცენციები გამიჩნდებოდა, ჩემდა საბედნიეროდ დიდხანს არ ვყოფილვარ იმ ეპოქის ნაწილი, ამდენად “ყოვლის მხედავი” ერდოღანი საკმაოდ თავშესაქცევად გამოიყურებოდა ჩემთვის, თუმცა ნამდვილად არ მინდა იგივე ბედი ეწიოს თურქეთს, რაც საბჭოეთის უდიდეს მემკვიდრეს სჭირს ამჟამად.

≈5≈

ვაჭართა მომხიბვლელობა

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა მაღაზიაში გამყიდველი სიხარულით გეგებება, სრული სერიოზულობით (ყოველ შემთხვევაში სავსებით დამაჯერებლად) ინტერესდება შენით, დიდი ენთუზიაზმით გესაუბრება საქონელზე, რომლითაც ინტერესდები და ყველაზე მთავარი – გულღია ღიმილით გამოგაცილებს მიუხედავად იმისა რამეს იყიდი თუ არა!!! ასეთი დამოკიდებულება იმდენად დადებითად განგაწყობს, რომ მე პირადად უკანაც მიმაბრუნა ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც მოულოდნელი ფასდაკლებითაც გამანებივრეს, თან ზუსტად იმ თანხაზე, რაც მაკლდებოდა, მაგრამ აღიარებას სულაც არ ვაპირებდი. არ ვიცი, შეიძლება გულთამხილავებიც არიან.

ოღონდ უფრთო ანგელოზებად ნუ დასახავთ მთლად, უბრალოდ სასარგებლოსა და სასიამოვნოს შეთავსება კარგად გამოსდით, თუნდაც ასეთი ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ჟესტით – როცა სასადილოს პურის გემოთი მოხიბლული დამატებით ერთის შესაძენად მივადექი დახლს, ის უბრალოდ მაჩუქეს…

≈6≈

კატები ყველგან

სტამბულში ნამყოფი ნებისმიერი ადამიანი გეტყვით რომ იქაურობა სავსეა კატებით, მაგრამ მე მათმა რაოდენობამ კიარა მათდამი დამოკიდებულებამ გამაოცა, როცა ქუჩებში ბოდიალისას პირდაპირ სახლის კარებთან აღმოვაჩინე კატის საჭმლით სავსე ფიალა, თითქოს ნებისმიერ ქუჩის კატას მასპინძლობდნენ ასე. კატები კი იცოცხლე მართლაც კარგა ნასუქები არიან, განსაკუთრებით მაღაზიების თილისმად კარებებში განაბულნი, ეფერე რამდენიც გინდა, ძაღლად არ ჩაგაგდებს.

რამდენიმე ეგეთი სფინქსი თავად აია სოფიაშიც კი იყო გამოჭიმული.

≈7≈

წითელი ფარნების უბანი

გაგანია სტამბულში, ისტიკლალის მეზობლად, არის ერთი ასეთი საინტერესო ქუჩა, სადაც გავლა ყოველთვის მეხალისებოდა და მძაბავდა ერთდროულად – გამოღებულ ფანჯრებთან მსხდარი ქალები (და თუ ხმით ვიმსჯელებთ შესაძლოა არა მხოლოდ ისინი) გამვლელებს მხიარული შეძახილებით უხმობენ, თუმცა მე სულ მეშინოდა მათთვის პირდაპირ შემეხედა, რატომღაც გადავწყვიტე, რომ ამით მათ უკმაყოფილებას გამოვიწვევდი და ვინმე წყალს გადმომასხავდა თავზე აუცილებლად. ეს ილუზია ალბათ იმის დამსახურებაა, რომ აქ ასფალტი მუდამ დანამული იყო რატომღაც (ისე კი ისტიკლალს დღეში რამდენჯერმე არწყულებდნენ, მაგრამ მცხუნვარე მზე სწრაფადვე ლოკავდა ნამს უკანასნელ წვეთამდე).

≈8≈

სიმპათიური ყმაწვილკაცობა

რამდენი თვალი მომიკრავს თურქულ სერიალში ლამაზი კაცისთვის, იმდენჯერ მიფიქრია ალბათ ასეთები სულ სანთლით საძებარი ყავთთქო. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე, რომ ყოვლად უშნო ერია, უფრო სწორად ვიცი რატომაც (ოოო დიდო ქართულო ქსენოფობიავ, დაგვიფარე ყოველთა მათ უცხო ტომთაგან!), მაგრამ HELL NO!!! სტამბულში იმდენი “სიმპაწიაგა” ვნახე რამდენიმე დღეში, რამდენსაც აქ ალბათ წლები ვერ ვნახულობ. მაშინ როცა ისინი ვერც გამორჩეულად კარგი აღნაგობით დაიკვეხნიან და ვერც განსაკუთრებული მოყვანილობის სახეებით. მთელი საიდუმლო ისაა, რომ იქაური ყმაწვილკაცობა (მინიმუმ მთავარ ტურისტულ ქუჩებზე მოძრავნი მაინც) ყურადღებით ეკიდება თავის შეხედულებას – თმა, წვერი, ჩაცმულობა – ყველაფერი მოწესრიგებული და საინტერესოა.

სამაგიეროდ სრულიად საწინააღმდეგო შთაბეჭდილება დატოვეს ქალებმა. იმდენად შეუხედავად გამოიყურებოდნენ, რომ ეჭვიც კი გამიჩნდა, ესენი ლამაზ ქალებს სადმე ხომ არ მალავენთქო.

იქ “მომხიბვლელის” ფუნქცია აშკარად მთლიანად მამრთ აქვთ ნაკისრი. საწყლები, მაგრამ ეგრეც მოუხდებათ, ვიდრე თანასწორუფლებიანობა პატრიარქატიდან მატრიარქატში გადახტომა და იმავე პოზიციაში აღმოჩენა გონიათ რაშიც ახლა ქალები არიან და არა ბევრი იმ როლისგან გათავისუფლების საშუალებად, რომელიც სურვილისდა მიუხედავად დაბადებიდან ზედ გადააწებეს. ისე ამის გაგება არც აქაურებს აწყენთ, განსაკუთრებით ყველაზე სასტიკ მიზოგინებს – ქალებს!

≈9≈

მრავალსართულიანი მაღაზიები

ისტიკლალზე ფაქტიურად ყველა ბრენდული მაღაზია თუ კაფე სართულებადაა აღმართული.

მადლობა ჩემს მეგზურსა და მეწყვილეს მაღაზიათა მოჩხრეკის საქმეში (და არა მარტო), რომ არა ის, თავს არ შევიწუხებდი სართულებზე სიარულით, არადა ფასდაკლებების სექცია სულ ზედა სართულებზე აღმოჩნდა გამოჭიმული ყველგან.

And last but not least

≈10≈

ლგბტ თემის თავისუფლება

სტამბულში ყველაზე მოულოდნელი რამ ჩემთვის იყო ექვსფერა ცისარტყელა, რომელიც პირდაპირ იმ სასტუმროს სადარბაზო კარიდან მოჩანდა, სადაც მე დავბინავდი და პირველი დღიდან ბოლო დღემდე სასტუმროდან ისე არ გავსულვარ მისთვის არ შემეხედა, ალბათ იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავ ისევ ადგილზე იყო თუ არა.

ამას გარდა საღამოს ისტიკლალზე არაერთი ტრანსი შეიძლებოდა გენახა, თვით ერთ-ერთი ბრენდული მაღაზიის კონსულტანტადაც კი… გინახავთ ან წარმოგიდგენიათ ასეთი რამ ისტიკლალის საპირწონე რუსთაველზე?

და ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, იმათ კი ავტორიტარული? არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები თურქეთში რეფერენდუმის მერე, მაგრამ აქ რომ “ჩემი ცოლის დაქალების” იმედადღა ვართ დარჩენილი, ფაქტია.

 

მშვიდობას და ათათურქის გზის არდავიწყებას ვუსურვებ ჩვენს მეზობელს.

Tags: