ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლნისისVI ს-ის სამეკლესიან ბაზილიკას, 2019 წლის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ტაძარი წმ. გიორგის სახელობისაა. სამეკლესიანი ბაზილიკაა, გეგმაში კვადრატს მიახლოვებული. ნაგებია ნათალი სხვადასხვა ფერის ტუფისა და ქვიშაქვით. ტაძარს აღმოსავლეთით ნახევარწრიული განზიდული აბსიდა აქვს. კედლები დასრულებული იყო შეკბილული ლავგარდნით (ფრაგმენტები დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში), რომელიც ტაძრის აღდგენისას შეიცვალა მარტივი თაროსებრი კარნიზით. დახურული ყოფილა კრამიტით. ეკლესიის ბოლო განახლებისას გადაიხურა თუნუქით. ცენტრალური ტაძარი განათებულია აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის ორი ფართო სარკმლით, რომელთა ნახევაწრიული თავსართები განზე განზიდული ჰორიზონტალური მკლავებით სრულდებოდა (ამჟამად მხოლოდ კვალი იკითხება). ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ორია, ორივე არქიტრავული გადახურვით. შუაში მდებარე კარი უფრო ფართოა, ვიდრე დასავლეთისა. ნახევარწრიული აბსიდის კონქი იმპოსტებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზი სადაა და მარტივად გადაწყვეტილი. კედლები არაა დანაწევრებული. კამარას არ აქვს საბჯენი თაღები. გვერდითა ეკლესიები გაცილებით დაბალია ცენტრალურთან შედარებით. სამხრეთის ნავი სამი თაღით გახსნილი გალერეა იყო, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდით სრულდებოდა. აბსიდას სარკმელი არ აქვს. თაღები მრგვალ სვეტებს ეყრდნობოდა. ამჟამად ნავიდან მხოლოდ აბსიდა და დასავლეთის კედლის ნაწილია დარჩენილი. ჩრდილოეთის ეკლესიაში გასასვლელი ცენტრალური ეკლესიიდანაა. ის ვიწრო დერეფნისებური ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთით ასევე ნალისებრი აბსიდითაა დასრულებული. აბსიდა აქაც სარკმლის გარეშეა. ტაძრის ჩრდილოეთ კედელში, აბსიდის წინ კვადრატული ნიშია. აბსიდის კონქი აქაც იმპოსტებს ეყრდნობოდა. კამარა კი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შექმნილ თარსებრ შვერილზე იყო გადასული. ტაძრის ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით სარკმელთა თავსართებს და შესასვლელთა არქიტრავზე შესრულებულ რელიეფურ ორ კომპოზიციას. მარჯვენა კარის თავზე მოცემული იყო მედალიონში ჩასმული ქრისტე, რომელსაც ორი ანგელოზი აღამაღლებდა. ამჟამდ მხოლოდ ანგეოზთა ფრთების ნაწილია შემორჩენილი. მარცხენა კარის თავზე წარმოდგენილია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობლის ამაღლება ასევე ორი ანგელოზის მიერ. აბსიდის ღერძზე, ქვემოდან მესამე რიგში, ქვაზე ამოკვეთილია ასომთავრული ანბანის ასო „რ“. მის მარცხნივ მეორე ქვაზე გვიანი პერიოდის სომხური ტექსტია. ძეგლი აღდგენილია XXI ს. 10-იან წლებში. ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად ცენტრალურ ეკლესიას გაუკეთდა აგურის კამარა და სახურავი, ჩაისვა სარკმლები და კარები. აღდგა ტაძრის გარშემო არსებული გვიანი პერიოდის გალავანი. ტაძრისდან ჩრდილო-დასავლეთით 30 მეტრში აშენდა საღვდელმთსახურო დამხმარე ნაგებობა. ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია რელიეფები, რომელთაგან ქრისტეს ამაღლება აღარ იკითხება, ხოლო ღვთისმშობლის ამაღლების რეილეფი ფრაგმენტულია.
წყარო: კულტურული მემკვიდრეობა