მარნეულის მუნიციპალიტეტში ,სოფელ კასუმლოს ძვ.წ. V-IV ათასწლეულის ენეოლითურ სადგომს 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გამოქვაბული მდებარეობს ზეგანის ფერდზე. ადგილობრივი მოსახლეობა მას „დამირგაიას“ – რკინის კლდეს ეძახის. ის წარმოადგენს ქვის უზარმაზარ ლოდში ნაკვეთ დროებით სადგომს. სადგომი მცირე ზომისაა, დაახლოებით 5.5 მ X 7.3 მ (შიდა სივრცე – 3,6 მ X 5,5 მ). სადგომის შიდა სივრცეში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში (საფასადო მხრიდან) ვხვდებით წითელი ფერის ოქრით შესრულებულ ნახატებს (ზომები – 10-20 სმ), რომლებიც საკმაოდ დაზიანებული და წაშლილია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ადვილად განირჩევა. მათ შორის არის ზოომორფული (ირმის და სხვა ცხოველთა) და გეომეტრიული გამოსახულებები, რომელთა წაკითხვაც გამოსახულების გაუმჯობესების კომპიუტერული პროგრამით – Dstretch იქნა შესაძლებელი.გამომდინარე იქიდან, რომ ძეგლი ბუნებრივ ქანშია წარმოქმნილი, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, თუ არ ჩავთვლით მის ზედა ნაწილში ჩამომტვრეულ მცირე ნაწილს, სადაც ე.წ. კედელი ძალიან თხელია. ძირითადად დაზიანებები აღენიშნება მხოლოდ მხატვრობის ნიმუშებს, რაც ადამიანის ზემოქმედებითაა გამოწვეული. ამ დაზიანებების სამომავლო პრევენციისათვის საჭიროა ძეგლის შემოფარგლვა სპეციალური ღობით და მასთან საინფორმაციო ბანერის დაყენება, რათა ადგილობრივი მოსახლეობა გაფრთხილებული იყოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთან მომავალში შესაბამისი მოპყრობისათვის.
ამ ეტაპზე საქართველოში ერთადერთი კლდეში ნაკვეთი ხელოვნური სადგომია სადაც უძველესი კლდეზე მხატვრობის კვალია შემორჩენილი.